გადაწყვეტილება №27371/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27371/2/2026
05 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,25.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 19.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27371/2/2026).
დავის საგანი:
საგადასახადო დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13532 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 131 423 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 88 097
დღგ - 88 041
ქონების გადასახადი - 56
ჯარიმა - 43 326
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა და ფართების რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
„-------“-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის 4.06.2008 წლის №228 ბრძანებით დამტკიცებული სამშენებლო ნებართვის საფუძველზე გაიცა ნებართვა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) დირექტორზე„-------“-ის სახელზე. ხოლო შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) სახელზე მშენებლობის ნებართვა გაიცა (მოწმობა სმ „-------“) 15.05.2015 წელს, რომლის საფუძველზე გადამხდელს სრულად სასტუმროს ტიპის მშენებლობაზე აქვს გაცემული ნებართვა. შემოწმების პროცესში ქ. „-------“-ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი (ძველი საკადასტრო კოდი „-------“, ხოლო ახალი საკადასტრო კოდი „-------“) ისევ წარმოადგენს თუ არა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის 1.04.2022 წლის №„-------“ წერილით დგინდება, რომ აღნიშნულ ობიექტს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას.
გადასახადის გადამხდელი ახდენს ფართების რეალიზაციას, რაც არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების (ნასყიდობის ხელშეკრულებების) და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის (გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებით) გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის №006-64940 შეტყობინება და აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13532 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.10.2023 წლის №20326/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 7.11.2025 წელს მიმართა (რეგ.: №177666/21) შემოსავლების სამსახურს საჩივრით, რაც 14.11.2025 წლის №„-------“ წერილით, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში. საბჭოს 11.12.2025 წლის №26174/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა 19.05.2026 წელს მომართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების მოთხოვნით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველ და მე-8 ნაწილებზე, 171-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 309-ე მუხლის 79-ე, მე-80 და 81-ე ნაწილებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი ახდენდა ფართების რეალიზაციას, რაც არ ჰქონდა ასახული და დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილი და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაანგარიშდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, განხორციელებულ ოპერაციებზე დღგ-ის ნაწილში შეღავათით სარგებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს ქ. „-------“-ის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის წერილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ ფართების სახით მიწოდებული უძრავი ქონება (ობიექტი) არ არის შეტანილი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში, რაც ასევე დასტურდება წარმოდგენილი საჩივრით. ამდენად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახეზე არაა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობის ყველა პირობა. მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ასევე, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი არგუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის 20.01.2022 წლის №868 და ამავე წლის 14 ივნისის №15017 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 1.12.2022 წლის №30227 ბრძანება და 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 131 423 ლარი, მათ შორის გადასახადი 88 097 ლარი, ჯარიმა 43 326 ლარი და საურავი 0 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, თუმცა 14.06.2023 წლის №13532 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, თუმცა 7.11.2023 წლის №20326/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებები გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დავის განხილვის პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს „-------“ შეყვანილ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათით მოსარგებლეთა სიაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება წარედგინა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, თუმცა ვინაიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, განცხადება დარჩა განუხილველი. მომჩივანმა გამოიხმო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან და იგი დარჩა განუხილველი.
შესაბამისად, აღარ არსებობს განცხადების განხილვაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად უნდა განახლდეს წარმოება, დაკმაყოფილდეს საჩივარი და გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2.12.2022 წლის №006-533 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
მომჩივანი მიუთითებს, რომ სასამართლოში დავის განხილვის პერიოდში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით ძალაში დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად შპს „-------“ შეყვანილ იქნა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებულ შეღავათით მოსარგებლეთა სიაში. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ახლად აღმოჩენილი გარემოება წარედგინა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს, თუმცა ვინაიდან მხარეებს შორის მიმდინარეობდა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, განცხადება დარჩა განუხილველი. მომჩივანმა გამოიხმო სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან და იგი დარჩა განუხილველი.
საბჭო მიუთითებს, მომჩივნის არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის მიერ მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს გარემოებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომლის დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების შესწავლის და შეფასების მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 14.06.2023 წლის №13532 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ სსკ-ის 308-ე მუხლის შესაბამისად უნდა განახლდეს წარმოება, დაკმაყოფილდეს საჩივარი და გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს სრულად სასტუმროს ტიპის მშენებლობაზე აქვს გაცემული ნებართვა.შემოწმების პროცესში არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მრავალბინიანი სახლი ისევ წარმოადგენს თუ არა სსკ-ის 309-ე მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაში შეტანილ ობიექტს. მერიის წერილით დგინდება, რომ აღნიშნულ ობიექტს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 79-ე ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობაზე. საგადასახადო ორგანო დაეყრდნო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, შემოწმების პროცესში გამოთხოვილ და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ ინფორმაციას.ბეგრ ბრუნვებში. სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტების და შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების შესწავლის და შეფასების მიზნით საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
299(7),308,309.