ბრძანება N 6982
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 6982
29 მარტი 2024
ბრძანება
შპს „------ -ს “ (ს/ნ "------")
(მის.:"------")
2024 წლის 8 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 მარტის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „------- -ს “ (ს/ნ "------") №88342/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №"------" „საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ“ გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, კომპანიის მიერ საქართველოში შემოტანილ ტვირთზე საბაჟო პროცედურების ჩატარებისას შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ნოემბრის №13680273 შეტყობინების შესაბამისად, შემოტანილ ტვირთზე დღგ სახით გადაიხადა 6758.65 ლარი, მიუხედავათ იმისა, რომ ტვირთი სრულად შედგებოდა დიალიზის აპარატურის მოწყობილობისგან (შესაკეთებელ სათადარიგო ნაწილებად).
საბაჟო პროცედურების გავლის დროს ტვირთის ნაწილი გათავისუფლდა 90189030 საქონლის კოდის შესაბამისად დღგ-სგან, ხოლო ნაწილი დაიბეგრა დღგ-ს გადასახადით 85365080, 90268020 და 90330090 საქონლის კოდის შესაბამისად, მიუხედავათ იმისა, რომ ტვირთი სრულიად განკუთვნილი იყო დიალიზის აპარატურისთვის.
მომჩივნის მოსაზრებით, საბაჟო პროცედირების გავლის დროს ტვირთს სრულად უნდა მინიჭებოდა 90189030 კოდი და გათავისუფლებულიყო დღგ-ის გადახდისგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტი, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებება და 85365080, 90268020 და 90330090 სეს ესნ-ის ნაცვლად ტვირთს მიენიჭოს 90189030 სეს ესნ კოდი და დაუბრუნდეს გადახდილი დღგ - 6758,65 ლარი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 29 იანვრის №"------"(07.06.2019 წ.) განცხადებით კომპანია ითხოვდა №"-----" (14.11.2023 წ.) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანას, კერძოდ, დეკლარაციის მე-17,მე-19 და მე-20 პოზიციებზე (შესაბამისად სეს ესნ კოდი 85365080000, 90268020000, 90330090000) აღნიშნული საქონლისთვის 90189030000 სეს ესნ კოდის მინიჭებასა და გადასახდელებისგან გათავისუფლებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ პუნქტზე მითითებით (რომლის მიხედვით, დღგ-ისაგან გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 90189030000 კოდით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დეკლარაციის მე-17, მე-19 და მე-20 პოზიციებისათვის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია სეს ესნ კოდები, რომელსაც თავისი შინაარსით არ მოიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი №01-132/ნ/322 ბრძანების მეორე დანართი, კომპანიას ეცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საბაჟო დეკლარაციაში განახორციელოს ცვლილებები საქონლის გაშვების შემდგომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარი ეთქვა №"-------" (14.11.2023 წ.) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე. რაც კომპანის ეცნობა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვალს №21-10/8862 გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 90-ე მუხლის შესაბამისად, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია რეგისტრირებულ საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა:
ბ) საქონლის გაშვების შემდეგ:
ბ.ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების საფუძვლებია:
ა) ლურჯი დერეფნით დასრულებული საბაჟო დეკლარაცია ან რეექსპორტის დეკლარაცია;
ბ) დეკლარანტის წერილობითი განცხადება (გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №8) გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის გარეშე), თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში ან რეექსპორტის დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე;
გ) საბაჟო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები ან/და დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია;
დ) სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილება ან/და ინფორმაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულია გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სეს ესნ-ის 2844 კოდით გათვალისწინებული რადიოფარმპრეპარატების, სეს ესნ-ის 8419 20 000 00, 9001 30 000 00, 9001 40 და 9001 50 კოდებით, სეს ესნის 9018–9022 კოდებით (გარდა 9022 29 000 00 კოდისა), 9025 11 200 00 და 9402 90 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის, სეს ესნ-ის 8713 და 8714 20 000 00 კოდებით გათვალისწინებული ეტლებისა და მათი ნაწილების და საკუთნოების, სამედიცინო დანიშნულების რენტგენის ფირების, სამედიცინო დანიშნულების სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების, გლუკომეტრების (რომელთა ტესტსისტემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერაა რეგისტრირებული) იმპორტი.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი 2020 წლის 29 დეკემბრის №01-132/ნ/322 ბრძანებით დამტკიცებული სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი საქონლის ნუსხა, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისაგან (დანართი N2) განსაზღვრავს სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი იმ საქონლის ნუსხას, რომელთა იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, შემდეგი სახით:
1. ჰემოდიალიზის ფარგლებში:ა) ჰემოდიალიზური მოწყობილობები (ხელოვნური თირკმელები, ხელოვნური თირკმლის აპარატები, დიალიზატორები); ბ) ჰემოდიალიზატორი;
გ) ნატრიუმის ბიკარბონატი (ნებისმიერი ფორმით – ფხვნილი, კარტრიჯი, „ბიბეგი“);
დ)ჰემოდიალიზური ა/ვ სისხლის მაგისტრალი; ე)ჰემოდიალიზური ა/ვ საპუნქციე ნემსი.
2. პერიტონეული დიალიზის ფარგლებში: ა) პერიტონეული დიალიზის კათეტერის დამცავი სადეზინფექციო ხუფი; ბ) კათეტერის დამაგრძელებელი (გადამყვანი); გ) პერიტონეული დიალიზის კათეტერი; დ) კათეტერის ადაპტორი (ტიტანის); ე) გამომავალი მაგისტრალის ჩამკეტი; ვ) მაგისტრალი ჩამცლელი ჩანთით (აპდ მიმღები); ზ) კასეტა (აპდ სისტემა).
დადგენილია, რომ 2023 წლის 14 ნოემბრის №"-------" საბაჟო დეკლარაციის მე-17, მე-19 და მე20 პოზიციებისთვის მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია სეს ესნ კოდები. ამასთან, ამ პოზიციებში დეკლარირებულ საქონელს თავისი შინაარსით არ მოიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი №01-132/ნ/322 ბრძანების მეორე დანართი. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის უარი "-------" (14.11.2023 წ.) საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტი, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებება და 85365080, 90268020 და 90330090 სეს ესნ-ის ნაცვლად ტვირთს მიენიჭოს 90189030 სეს ესნ კოდი.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია ითხოვდა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანას, კერძოდ, დეკლარაციის მე-17,მე-19 და მე-20 პოზიციებზე აღნიშნული საქონლისთვის 90189030000 სეს ესნ კოდის მინიჭებასა და გადასახდელებისგან გათავისუფლებას. კომპანიას ეცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას საბაჟო დეკლარაციაში განახორციელოს ცვლილებები საქონლის გაშვების შემდგომ. კომპანიას უარი ეთქვა საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
173