ბრძანება N 25622

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2023
№ დოკუმენტი 25622
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25622

16 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2022 წლის 17 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის №18849/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ----------- (პ/ნ -------------) №76587/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ოქტომბრის №001-195 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესრულების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის შეფასებას, რომ გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია მოხდა უფრო ძვირად, ვიდრე ხელშეკრულებაშია დაფიქსირებული. აცხადებს, რომ გასაჩივრებულ საკითხთან დაკავშირებით არ არის მსჯელობა გადაანგარიშების დასკვნაში. გაურკვეველია, შემმოწმებელი რატომ ენდობა უპირობოდ ვინმე ----------- ახსნა-განმარტებას. ამასთან, გაურკვეველია როგორ იქნა გამოყვანილი რიცხვი 181 289,75 ლარი, საიდანაც დათვლილია საშემოსავლო გადასახადი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30998 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ ---------- (პ/ნ ---------- ) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ფ/პ---------- (პ/ნ ---------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება; 3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებლებები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება.

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30998 ბრძანება, გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 10 დეკემბრის №14692/2/2021 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და საჩივარი პირველი სადავო საკითხის ნაწილში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურმა ხელახლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით განიხილა საჩივარი და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 ივლისის N19422 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30998 ბრძანების აღსრულების შედეგებს, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ოქტომბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის თანხა - სულ 6 482 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 26 ოქტომბრის №001-195 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2022 წლის 17 ნოემბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 იანვრის №1034 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 იანვრის №1034 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 4 მაისის №18849/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 იანვრის №1034 ბრძანება და საჩივარი, ხელახლა განსახილველად შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 29 სექტემბრის №30998 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის აღსრულების ნაწილში, დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია:

„საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მისივე, 29.09.2021 წლის №30998 ბრძანების აღსრულების შეფასებისას არ არის ნამსჯელი მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომ თითოეული ბინის რეალიზაცია განხორციელდა იმ ფასში, რა ფასიც არის მითითებული ხელშეკრულებაში, ასევე ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის მიწოდებით მიღებული ნამეტი თანხის ოდენობის განსაზღვრის და დაბეგვრის განაკვეთზე. ამდენად, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად:

ფ/პ ---------- 2018-2020 წლებში შეიძინა 5 საცხოვრებელი ბინა სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, შემოწმების მიერ განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრისგან გამოთხოვილი ინფორმაციის დამუშავება (საჯარო რეესტრში რეგისტრირებული შესყიდვისა და რეალიზაციის ხელშეკრულებები). ვინაიდან, ძირითად შემთხვევებში ბინის შეძენისა და რეალიზაციის საფასური ერთი და იმავე თანხას შეადგენდა, შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა მესამე პირებთან. ერთ-ერთი ბინის შემძენი ---------- ახსნაგანმარტებით ირკვევა, რომ ქალაქი ---------- (ს/კ ---------- ) შეიძინა არა 25 000 აშშ დოლარად, როგორც საჯარო რეესტრში გაფორმებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, არამედ 27 500 ამერიკულ დოლარად. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოხსენებული ბინების შეძენა/რეალიზაციების შედეგად ნამეტმა თანხამ შეადგინა 181 289 ლარი. გამომდინარე აქედან, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 49-მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კრიტერიუმს, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად. შესაბამისად, აღნიშნული ნამეტი თანხა დაიბეგრა 20%- ით. აქედან გამომდინარე, გადამხდელს წარმოეშვა აღნიშნული ნამეტის დეკლარირების ვალდებულება, რაც შესრულებული არ აქვს.

აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 29 სექტემბრის N30998 ბრძანების აღსრულების ფარგლებში, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საკუთარი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებლებები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.

ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ვინაიდან, ძირითად შემთხვევებში მომჩივანის მიერ ბინის შეძენისა და რეალიზაციისას საფასური ერთსა და იმავე თანხას შეადგენდა, შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა მესამე პირებთან. ერთ-ერთი ბინის შემძენის ახსნაგანმარტებით ირკვევა, რომ ქ---------- N---------- (ს/კ ---------- ) შეიძინა არა 25 000 აშშ დოლარად, როგორც საჯარო რეესტრში გაფორმებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, არამედ 27 500 ამერიკულ დოლარად. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოხსენებული ბინების შეძენა/რეალიზაციების შედეგად მიღებულმა ნამეტმა თანხამ შეადგინა 181 289 ლარი. გამომდინარე აქედან, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად, დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრა 20%-ით.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საცხოვრებელი ბინის რეალიზაციის ფასსა და მიღებული ნამეტი თანხის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, მის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები რაც გადაანგარიშების საფუძველი გახდებოდა. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთს, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის საქმიანობა ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობად, ნამეტი თანხის 20%-ით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ფ/პ ----------- (პ/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესრულების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა, 2018-2020 წლებში შეიძინა 5 საცხოვრებელი ბინა სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ვინაიდან, ძირითად შემთხვევებში მომჩივანის მიერ ბინის შეძენისა და რეალიზაციისას საფასური ერთსა და იმავე თანხას შეადგენდა, შემოწმების მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა მესამე პირებთან. ერთ-ერთი ბინის შემძენის ახსნაგანმარტებით ირკვევა, რომ შეიძინა არა 25 000 აშშ დოლარად, როგორც საჯარო რეესტრში გაფორმებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, არამედ 27 500 ამერიკულ დოლარად. აღნიშნულის საფუძველზე დადგინდა, რომ ზემოხსენებული ბინების შეძენა/რეალიზაციების შედეგად მიღებულმა ნამეტმა თანხამ შეადგინა 181 289 ლარი. გამომდინარე აქედან, გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:79;81(1);100;102(1);105(1);