გადაწყვეტილება №24375/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24375/2/2024
23 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 1.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24375/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის №001-122 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №21893 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 741 811 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 370 508
დღგ - 22 907
მოგების გადასახადი - 267 748
საშემოსავლო გადასახადი - 79 853
ჯარიმა - 173 801
საურავი - 197 502
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვარეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 თებერვლის №4756 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელი ადგილობრივად შეძენას ახორციელებს საქართველოს რკინიგზისგან, რასთან დაკავშირებითაც მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი აქვს დღგ-ის თანხა. საქონლის დასახელებაში მითითებულია ჯართი. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ვაგონებს შლის და ყიდის დეტალებად. ძირითადად უფიქსირდება ექსპორტი. შესაბამისად, არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებულ საქონელსაც განიხილავს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ოპერაციად.
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ჩათვლილი დღგ-ის თანხები დაანგარიშდა პროპორციით, მთლიანი რეალიზაციის და ექსპორტის გზით რეალიზებულ თანხებს შორის თანაფარდობით. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა. საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა ბუღალტრული პროგრამა, თუმცა მიჩნეულ იქნა, რომ იგი არ არის წარმოებული კანონმდებლობით დადგენილი წესით. შედეგად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის და საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი და ხარჯები. შემოწმებით გაანგარიშებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, სალაროს საბოლოო ნაშთმა შეადგინა 1 545 931 ლარი. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიას არ გააჩნია დებიტორ-კრედიტორები. მან მოითხოვა აღნიშნული სალაროს ნაშთის დივიდენდად განხილვა. შესაბამისად, სალაროს ნაშთი განხილულ იქნა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად და საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების საფუძველზე, დაიბეგრა მოგების და საშემოსავლო გადასახადებით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33598 ბრძანება და №001-272 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 164 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.02.2024 წლის №21693/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა სს „------------“ შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანება 20.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.07.2024 წლის №23323/2/2024 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნა, 24.06.2024 წლის №14722 ბრძანება და №001-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა 11 393 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 741 811 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 16 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 8 ოქტომბრის №21893 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დღგ-ის ნაწილში დარიცხული ჯარიმა, სულ 11 393 ლარი. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ფულის ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლილ იქნა სადავო საკითხი, მათ შორის, საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობები, რომელთა შორის ზუსტი კავშირი ვერ იდენტიფიცირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებას საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გარკვეული მიზეზების გამო, კერძოდ:
კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა-რეალიზაცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ექსპორტის გზით. ადგილობრივად გადასახადის გადამხდელი შეძენას ახორციელებს საქართველოს რკინიგზისგან, რასთან დაკავშირებითაც მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები. კომპანია აღნიშნულ ვაგონებს შლის, აკომპლექტებს და ყიდის დეტალებად, უმეტესად აღდგენილ/დაკომპლექტებულ წყვილთვალებს.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს განხორციელებული აქვს რეალიზაცია, ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე, ნაწილი კი ექსპორტის გზით. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული დასაბეგრი ბრუნვების ჯამი და შესაბამისად მიღებული თანხა შეადგენს 2 591 099 ლარს. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით დებიტორული მოთხოვნა პერიოდის ბოლოს არ გააჩნია, შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი შეადგენს
2 746 961 ლარს. აღნიშნული სხვაობით შესამცირებელია დასაბეგრი ბრუნვა და შესაბამისად მიღებული ფულადი სახსრების მოცულობა.
ამავე პერიოდში დოკუმენტურად შეძენილი საქონლისა და მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 278 372 ლარს. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ანაზღაურებული ხელფასის და მომსახურების თანხა შეადგენს 68 393 ლარს, ხოლო გაცემული დივიდენდი - 32 130 ლარს. შესაბამისად, შესამოწმებელი პერიოდის ანაზღაურებულმა ხარჯებმა შეადგინა 1 378 895 ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სალაროს დადგენილი ნაშთი შეადგენს 1 360 845 ლარს, რომლის შემდგომი განკარგვაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილია ნაცვლად 1 360 845 ლარისა 1 517 275 ლარი, 432 071 ლარით მეტი მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც იწვევს ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების არასწორ განსაზღვრას, რაც საჭიროებს ხელახალ შესწავლას მომჩივნის უშუალო მონაწილეობით.
გადასახადის გადამხდელს ექსპორტის გზით რეალიზებული აქვს სულ 1 098 ტონა საქონელი (წყვილთვალები), რომლის ნაწილი (991 ტონა) ადგილობრივ ბაზარზე აქვს შეძენილი, ნაწილი იმპორტის გზით (107 ტონა). რაოდენობრივად კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტირებული აქვს დაახლოებით 850 ცალი წყვილთვალა, ამავე პერიოდში საწარმოს დოკუმენტურად შეძენილი აქვს დაახლოებით 830 ცალი წყვილთვალა, რომელთაგანაც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებულია 180 ცალი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დაახლოებით 200 ცალი წყვილთვალა შეძენილია ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ კომპანიას არ აქვს მიღებული ზედნადები. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშებულია არაპირდაპირი მეთოდით, ითხოვს ზემოაღნიშნული საქონლის შეძენის ღირებულება გათვალისწინებულ იქნეს სალაროს ვირტუალური ნაშთის განსაზღვრისას „0256“ სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად და მხოლოდ ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს სალაროში დადგენილი ვირტუალური ნაშთის შემდგომი განკარგვა.
როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს მეორადი მატარებლის ვაგონების და ვაგონის დეტალების შესყიდვა-რეალიზაცია, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე ექსპორტის გზით. ვაგონის შეძენის შემთხვევაში, კომპანია ახორციელებს ვაგონის დაჭრას, ექსპორტისთვის გათვალისწინებული საქონლის დაკომპლექტებას, ხოლო ნარჩენი ჯართის ადგილობრივ ბაზარზე მიწოდებას. ასევე, ახორციელებს მეორადი წყვილთვალების შეძენას, მათ გარემონტებას/დაკომპლექტებას და შემდგომ ექსპორტირებას. ზემოაღნიშნული მომსახურების მისაღებად გადასახადის გადამხდელი სხვადასხვა პერიოდში ქირაობდა კომპანიებს ან შესაბამის სპეციალისტებს, რომლებიც ერთის მხრივ ეწევა დაჭრის მომსახურებას, ხოლო მეორეს მხრივ აკომპლექტებენ წყვილთვალებს და ამზადებენ საექსპორტოდ. ზემოაღნიშნულ მომსახურებებზე გადახდილი თანხები არ არის გამოქვითული ხარჯებიდან და არ არის გათვალისწინებული განკარგვადი ფულადი სახსრების განსაზღვრისას. ითხოვს, გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით, მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრულ ვადაში წარდგენილ იქნა დოკუმენტური გაანგარიშება და გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მიღწეული იყო გარკვეული შეთანხმება გადაანგარიშების შედეგებზე, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ 2024 წლის 18 ივნისის დასკვნაში განსხვავებული შედეგებია აღნიშნული და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში გადაანგარიშება შესრულებული არ არის.
ზემოაღნიშნული საკითხების უგულებელყოფამ გამოიწვია მეტად სავალალო შედეგი კომპანიისთვის. ითხოვს საკითხის ხელახალ შესწავლას მომჩივნის უშუალო მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე, 97-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე მითითებით, ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და ჯარიმა-საურავის სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 ოქტომბრის №21893 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33598 ბრძანება და №001-272 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 164 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 23.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.02.2024 წლის №21693/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 ნოემბრის №27532 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 29 მარტის №6980 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, კომპანია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა სს-გან შეძენილ ჯართზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის შემცირების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №001-272 საგადასახადო მოთხოვნაში ასახული ჯარიმისგან. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანება 20.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.07.2024 წლის №23323/2/2024 გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 29.03.2024 წლის №6980 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.06.2024 წლის დასკვნა, 24.06.2024 წლის №14722 ბრძანება და №001-122 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დაკისრებული ჯარიმა 11 393 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 741 811 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 16 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 8 ოქტომბრის №21893 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304 (1ბ);