ბრძანება N 20960
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20960
26 სექტემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
----- მოქალაქე ----- (მის.: ----- )
2025 წლის 8 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 19 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 79) განიხილა ----- (პასპ/ნ ----- ) N 140552/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 24 აგვისტოს N EL293591 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის 24 აგვისტოს საქართველოში მოდიოდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. შეკითხვაზე ჰქონდა თუ არა ოქროს სამკაული განმარტა, რომ რაც ეკეთა მთლიანად ოქრო იყო. თანხაც, რაც ჰქონდა აჩვენა. შეკითხვის დროს თავიდან დაავიწყდა ოქროს ზოდის ჩვენება, რაც როგორც კი გაახსენდა მისი ხელით გაუწოდა და უხსნიდა, რომ თანხასთან ერთად ესეც ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ უხსნიდა ყველაფერს, არ მოუსმინეს და ჩათვალეს, რომ თითქოს დამალვა სცადა.
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ოჯახთან ერთად იყო შავი ზღვის ტურზე და ზოდის გამოყენებას გეგმავდა იმ შემთხვევაში, თუ ფული გამოელეოდა. შესაბამისად, დაჯარიმება უსამართლოდ მიაჩნია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას და ოქროს დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 24 აგვისტოს ----- რესპუბლიკიდან საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ კონტროლის ზონაში N ----- მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებით შემოვიდა მოქალაქე ----- ----- . მებაჟე - ოფიცრის მიერ მოხდა მისი შეჩერება და ზეპირი გამოკითხვა. დასმულ კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი (ფული, ოქრო, სიგარეტი) მან უარი განაცხადა, რაც ასახულია სამხრე ვიდეო - კამერის ჩანაწერში.
ეჭვის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების თაობაზე, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ, 2 ცალი ოქროს ზოდი (საერთო წონით 15 გრამი), რომლებიც მოთავსებული ჰქონდა ავტომობილის წინა სალონის სათავსოში. აღნიშნულზე შედგა „მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალერების ოქმი N 9601/-----“.
საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 24 აგვისტოს N ----- /2025 ექსპერტის დასკვნის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრა 4360.20 ლარით.
ვინაიდან ----- ----- მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 24 აგვისტოს შედგენილი N EL293591 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ----- ----- შეეფარდა ჯარიმა 4360.20 ლარის ოდენობით.
არადეკლარირებული ოქროს ზოდები ჩამორთმეულ იქნა საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაილუქა საბაჟო ლუქებით, შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის N ------ ოქმი“ და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----“ ადმინისტრაციულ შენობაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა - განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო და აუდიო ჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა - ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ, საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი N 8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნტის მიხედვით, ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა, თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი არ არის.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად - იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მებაჟე - ოფიცრის დასმულ შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი (ფული, ოქრო, სიგარეტი) მომჩივანმა უარყო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილების ფაქტი. შესაბამისად, დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 4360,20 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (15 გრამი 2 ცალი ოქროს ზოდი) საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----- -ის (პასპ/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს შეფარდებული ჯარიმის გაუქმებას და ოქროს დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ქონდა საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 4360,20 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას. კერძოდ, 2 ცალი ოქროს ზოდი (საერთო წონით 15 გრამი), რომლებიც მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა ავტომობილის წინა სალონის სათავსოში. აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს ზოდები ჩამორთმეულ იქნა საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დაილუქა საბაჟო ლუქებით, შედგა „საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის ოქმი" და განთავსდა საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში.
გადამხდელი დაჯარიმდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
გადაწყვეტილება:
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე. შესაბამისად სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 168 პირველი ნაწილი;