ბრძანება N 15943

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2024
№ დოკუმენტი 15943
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 15943

05 ივლისი 2024

ბრძანება

"--------" (პ/ნ "--------")

(მის.:"--------")

2024 წლის 21 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 28 ივნისის სხდომაზე (ოქმი №70) განიხილა "--------"-ის (პ/ნ "--------" ) №90313/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №EL254285 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამოიწერა ამანათი გადამზიდი კომპანია "------"-ის საშუალებით, რომელშიც ჯამში გადაიხადა 474,95 ფუნტი. როდესაც ამანათი ჩამოვიდა დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ნივთი საბაჟოზე გაჩერდა. ეგონა, რომ გამყიდველი დაურთავდა ნივთის ინვოისს და ამის შესაბამისად გადაიხდიდა განბაჟების საფასურს. აღმოჩნდა, რომ გამყიდველმა ინვოისი არ გამოაგზავნა, იმიტომ რომ იყო ფიზიკური პირი. ამის შემდეგ დეტალურად გადაამოწმა ყველაფერი და და აღმოაჩინა, რომ დეკლარირების დროს იყო არასწორად მითითებული თანხა. დეკლარირება მოახდინა მისმა მეუღლემ, რომელმაც სხვა ამანათის ნაცვლად შეცდომით მიუთითა თანხა. ყოველთვის სწორად ახორციელებს დეკლარირებას და გადასახდელ თანხასაც ვადაში იხდის. აღნიშნული გამოწვეულია შეცდომით. მისივე ინიციატივა იყო გამოესწორებინა ეს შეცდომა, მაგრამ ვეღარ მოხერხდა.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას და სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის ჩამოწერას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 20 ივნისს საფოსტო გადამზიდავის – შპს „-------“ მიერ განხორციელდა "--------"-ის (პ/ნ "--------") სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №"-------"საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით - 44.50 გირვანქა სტერლინგი. დეკლარანტის მიერ განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად გზავნილები მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულების სისწორის შემოწმების მიზნით, დეკლარანტს ეთხოვა წარმოედგინა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი.

საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად "--------"-მა წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულებამ შეადგინა 474.95 გირვანქა სტერლინგი.

ვინაიდან "--------"-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 339.24 ლარით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ --ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 20 ივნისს შედგენილ იქნა №EL254285 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც "--------"-ს (პ/ნ "--------") დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 339.24 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე არ დასრულებულა საბაჟო ფორმალობები და საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (საქონლის ღირებულება) არსებობას, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის 339.24 ლარით შემცირება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

მომჩივნის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებით, არ დადასტურდება, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163- ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. "--------"-ის (პ/ნ "--------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს ქმედების საპატიოდ ჩათვლას და სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის ჩამოწერას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას 339.24 ლარით.მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

167