გადაწყვეტილება №23691/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.01.2025
№ დოკუმენტი 23691/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23691/2/2024

16 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 12.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23691/2/2024).

 

დავის საგანი:

არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის ავანსად გადახდილი თანხის სესხად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-335 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 281 770,14 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 759 338

დღგ - 235 629

მოგების გადასახადი - 137 526

საშემოსავლო გადასახადი - 386 182

ქონების გადასახადი - 1

ჯარიმა - 379 783

საურავი - 142 649,14

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ხილ-ბოსტნეულის იმპორტი და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 4.03.2021 წლიდან 1.05.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის ------- და -------ისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლარი) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, საზოგადოება ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას კომპანია ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია.

საგადასახადო კოდექსის 73-ე და 982 მუხლების გათვალისწინებით, სესხად დაკვალიფიცირებული თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით, კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.

2022 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კონტრაგენტი -------ისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა 2022 წლის ივნისის თვეში, ანუ მოხდა გაცემული სესხის უკან დაბრუნება. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში განხორციელდა დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩათვლა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №001-335 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4141 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.06.2024 წლის №22527/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 26.02.2024 წლის №4141 ბრძანება. პირველი დავის საგნის (არარეზიდენტი მომწოდებლისთვის ავანსად გადახდილი განხილული თანხის სესხად განხილვა) ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 6.06.2024 წლის №22527/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 23.07.2024 წლის №17273 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 43- ე მუხლებზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის ------- და -------ისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლარი) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, კომპანია ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებული პროდუქციის ღირებულების ზემოთ განხორციელებული გადახდები შემოწმების მიერ განხილული იქნა სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საგადასახადო შემოწმების აქტით და გადასახადის გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კონტრაგენტი -------ისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა 2022 წლის ივნისის თვეში.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსის სახით გადახდილი თანხების სესხად დაკვალიფიცირების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით არ დგინდება გადახდილი თანხების უკან დაბრუნება.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის იანვრის თვეში არარეზიდენტი კონტრაგენტი -------ისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა 2022 წლის ივნისის თვეში (6 თვის ვადაში) და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კვალიფიკაციის ცვლილება არამართლზომიერია, შესაბამისად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტ მომწოდებელ, -------ისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს ------- უკან დაბრუნება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ავანსებიდან მხოლოდ ნაწილობრივ -------სთან გადახდილი ავანსის ნაწილში დაკმაყოფილდა საჩივარი, ხოლო -------სთან გადახდილი თანხები, რომელიც დაკვალიფიცირებულია სესხად არ დააკმაყოფილა, რასაც ასაჩივრებს. აღნიშნული არ უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც სესხი, ვინაიდან საზოგადოება სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, აღნიშნული ავანსის გადახდის გარეშე ვერ განახორციელებს საქმიანობას, ვინაიდან აღნიშნული ავანსი წარმოადგენს წინასწარი შესყიდვის გარანტიას, რომელიც ხელშეკრულებით არის უზრუნველყოფილი და ნოტარიულად დამოწმებული გადმოგზავნილი აქვს აუდიტორთან და ასლებს ურთავს საჩივარს. ასევე არგუმენტებს და მტკიცებულებებს საბჭოს დამატებით გააცნობს დავის განხილვის დროს, ითხოვს მიეცეს საშუალება დაიცვას პოზიცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.12.2024 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის ------- და --------ისათვის 2022 წლის ივნისის, 2022 წლის სექტემბრის, 2023 წლის თებერვლის და 2022 წლის იანვრის თვეების საანგარიშო პერიოდებში ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები (1 181 024,5 ლარი) და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა არარეზიდენტ მომწოდებელ, -------ისათვის, ავანსის სახით გადახდილი თანხის სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას იმ ნაწილში, სადაც შემოწმებით დადგენილია გადახდილი თანხის შპს ------- უკან დაბრუნება.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით არარეზიდენტი კომპანიისთვის გადახდილი თანხები ბუღალტრულად აღრიცხული იყო უძრავად მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის გარდა რეგულარულად ხდებოდა საქონელის მოწოდება და შესაბამისი თანხის ანაზღაურება, თუმცა გადარიცხული ავანსი არ იცვლებოდა. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით გადარიცხული თანხა სესხად არ იქნა განხილული იმ კომპანიასთან, რომლისგანაც დაფიქსირდა თანხის დაბრუნება.

მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, -------სთან ავანსად გადარიცხული თანხა დღეის მდგომარეობითაც ბუღალტრულად აღრიცხულია ავანსის ნაშთად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

არარეზიდენტი მომწოდებლებისთვის ავანსად გადახდილი თანხის სესხად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არარეზიდენტი კონტრაგენტი საქონლის მომწოდებლებისათვის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი აქვს თანხები და ეს გადახდები განხილული აქვს ავანსად. გარდა ზემოაღნიშნული გადახდებისა, საზოგადოება ამ მომწოდებლებისგან რეგულარულად ახორციელებს პროდუქციის შეძენას და შეძენილი პროდუქციის ანაზღაურებას ნაღდი ანგარიშსწორებით. იმპორტირებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას კომპანია ახორციელებს სრულად და თანხის გადახდის და პროდუქციის მიღების არცერთ ეტაპზე მომწოდებლების მიმართ დებიტორული ან კრედიტორული დავალიანებები არ გააჩნია. საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, ავანსად გადახდილი თანხები სესხად დაკვალიფიცირდა და დაიბეგრა მოგების გადასახადით, კომპანიას ასევე დაეკისრა ჯარიმა.

არარეზიდენტი კონტრაგენტისათვის გადახდილი თანხა კომპანიას უკან დაუბრუნდა, ანუ მოხდა გაცემული სესხის უკან დაბრუნება. სესხის თანხის დაბრუნების საანგარიშო პერიოდში განხორციელდა დაბრუნებული თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩათვლა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 23.07.2024 წლის №17273 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3-ზ, 8);