გადაწყვეტილება №18512/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.02.2023
№ დოკუმენტი 18512/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18512/2/2022

17.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 23.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18512/2/2022).

 

დავის საგანი:

1. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის ID: " --------- "შესაგებელი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 სექტემბრის ID: "--------" შესაგებელი;

3. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 დეკემბრის №30799 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 190 066 ლარი

 

სადავო საკითხები:

1. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის მართლზომიერება ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 22 ივლისს მიმართა შემოსავლების სამსახურს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 სექტემბრის ID: "----" შესაგებელით, მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ, „მოთხოვნის“ წარდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება.

აღნიშნული შესაგებელი 2022 წლის 16 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 6 დეკემბრის №30799 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 63-ე, 65-ე მუხლებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავზე, 131 , 135 მუხლებზე და იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 სექტემბრის №22773 ბრძანებით დანიშნულია შპს „---------“-ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2022 წლის 16 ივნისს განცხადებით მიმართეს შემოსავლების სამსახურს ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის დაბრუნების თაობაზე. 24 ივნისს განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი. მომჩივნის მხრიდან ხარვეზი სრულად იქნა აღმოფხვრილი 1 ივლისს. 4 ივლისს მიიღეს სრულიად გაუგებარი და დაუსაბუთებელი უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული სამსახურის 2022 წლის 10 აგვისტოს ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: „გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისათვის დაბრუნება“. ამავე ბრძანებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლზე. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 აგვისტოს ბრძანება დღემდე არ აღსრულებულა.

2022 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართეს შემოსავლების სამსახურს ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის დაბრუნების თაობაზე. მიმართვიდან 42-ე დღეს, (საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით) 2 სექტემბერს მიიღეს უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე. უარის საფუძველი: „მოთხოვნის“ წარდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება. აუდიტის დეპარტამენტის წერილი მიიღეს 2 სექტემბერს, ხოლო 22 ივლისის განცხადების განხილვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა ამოიწურა 21 აგვისტოს. შესაბამისად, 2 სექტემბერს ჩანიშნული საგადასახადო შემოწმება ვერანაირად ვერ იქნება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დამაბრკოლებელი გარემოება. არ არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის მე-13(5) მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა 2022 წლის 6 დეკემბერის ბრძანებით:

ა) არ იმსჯელა მის მიერვე 2022 წლის 10 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილების აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ აღსრულებაზე (იგნორირებაზე); ბ) არ მისცა სამართლებრივი შეფასება, 2022 წლის 22 ივლისს დაწერილ განცხადებასთან მიმართებაში, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით დადგენილი ვადების უხეში დარღვევის ფაქტს. ადმინისტრაციული ორგანისთვის დადგენილი ვადების განუხრელი დაცვა კი მეწარმეთა და სხვა პირთა უფლებების სრულფასოვანი რეალიზების მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. აღნიშნულის შესახებ არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა როგორც უზენაესმა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლომ.

 

მომჩივანი ითხოვს:

1. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 2022 წლის 16 ივნისს მომჩივნის მიერ მოთხოვნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის (54 678.52 ლარი) დაბრუნება;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს 2022 წლის 22 ივლისს საწარმოს მიერ მოთხოვნილი ზედმეტად გადახდილი გადასახადებიდან თანხის (135 387.50 ლარი) დაბრუნება;

3. ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იქნას საგადასახადო ორგანოს უაღრესად ღვაწლმოსილი და კვალიფიციური თანამდებობის პირი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ანტონ ძამაშვილი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 131 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნის“ წარმოდგენამდე გადამხდელის მიმართ გაგზავნილია შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ ან/და დანიშნულია/მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, თუმცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 სექტემბრის №22773 ბრძანებით დანიშნულია კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, ვინაიდან მიმდინარეობს საგადასახადო შემოწმება, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის ID: "-------- " შესაგებელი 2022 წლის 24 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 10 აგვისტოს №21343 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი.

აღნიშნული შესაგებელი გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 16 სექტემბერს კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 6 დეკემბრის №30799 ბრძანებით ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 დეკემბრის №30799 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის ID: "---------"შესაგებელი გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 24 ივნისს და 7 ივლისს, რომელთან დაკავშირებითაც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 აგვისტოს №21343 ბრძანება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან აღნიშნული შესაგებელი გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2022 წლის 24 ივნისს და 7 ივლისს, რაზეც გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 10 აგვისტოს №21343 ბრძანება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ამდენად, წარდგენილი საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის ID: "-------" შესაგებლის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველ დავის საგანში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 ივლისის ID: "---------" შესაგებელი 2022 წლის 24 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 10 აგვისტოს №21343 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა წარდგენილი საჩივარი.

აღნიშნული შესაგებელი გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 16 სექტემბერს კვლავ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 6 დეკემბრის №30799 ბრძანებით ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.