გადაწყვეტილება №20039/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20039/2/2023
05 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "--------" -ის 22.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20039/2/2023).
დავის საგანი:
1. ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში საშუალო სარეალიზაციო ფასით რეალიზებულად განხილვა;
2. საწარმოსთვის ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2022 წლის №086-50 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12044 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 172 558 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 104 455
დღგ - 20 328
მოგების გადასახადი - 1 904
საშემოსავლო გადასახადი - 82 223
ჯარიმა - 48 713
საურავი - 19 390
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი ივნისიდან 2022 წლის 18 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 21.11.2022 წლის №29172 ბრძანება და №086-50 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.05.2023 წლის №12044 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ინვენტარიზაციისას გამოვლენილი აღურიცხველი საქონლის მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში საშუალო სარეალიზაციო ფასით რეალიზებულად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე, კომპანიაში ჩატარდა ინვენტარიზაცია და გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები. კერძოდ, კომპანიას საბუღალტრო მონაცემებით ფიცრის ნაშთი უფიქსირდებოდა 202.3 მ 3 , ხოლო ფაქტობრივმა ნაშთმა ინვენტარიზაციის მომენტში შეადგინა 407.77 მ3 . წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ჩანაწერებით დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი აღურიცხველი საქონელი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული ბუღალტერიაში და არ იყო გაზრდილი კომპანიის სმფ-ების რაოდენობა. შესაბამისად, საწყისი ნაშთი შემოწმებისთვის არასწორად იყო წარდგენილი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას სმფ-ების ნაშთი ბუღალტრულად არ უფიქსირდებოდა, ხოლო ზემოაღნიშნული აღურიცხველი საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ იყო ასახული. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 1.01.2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებისას აღურიცხველი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად შესამოწმებელ პერიოდში, საშუალო სარეალიზაციო ფასით, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101- ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ შემმოწმებელი არაფერს ამბობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 5 დეკემბრის აქტთან დაკავშირებით, რომლის სარევიზიო პერიოდიც მოიცავს 1.01.2016-1.06.2019 წლების. პერიოდის. ე.ი. საგადასახადო შემოწმების პერიოდი მოიცავს სხვასთან ერთად შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე ინვენტარიზაციის პერიოდს. 2019 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნული აქტის შემდგენი შემმოწმებელი მიუთითებს, რომ მის მიერ შეძენისა და რეალიზაციის დოკუმენტების და წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის საფუძველზე გაანგარიშდა საქონლის მოძრაობა 1.01.2016-1.06.2019წწ და საქონლის სახეობების მიხედვით დადგინდა ნაშთები, რაც შეუდარდა ფაქტობრივ ნაშთებს და გამოვლენილი სხვაობები ჩაითვალა მიწოდებად დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. (საგადასახადო შემოწმების აქტი 5.12.2019 წ გვ.15/დღგ-ის საკითხი
2). ე.ი. 2019 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით შემმოწმებლის მიერ შესწავლილი იქნა სმფ-ის მოძრაობა 1.01.2016-1.06.2019წწ. და მის მიერ სმფ-ის საბუღალტრო და ფაქტიური ნაშთების ურთიერთშეპირისპირებით გამოვლენილი იქნა დანაკლისი, რაც დაბეგრილი იქნა შესაბამისი აქტით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას (შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი) წინა სარევიზიო პერიოდიდან ეპიზოდების მიხედვით ინფორმაციის აღებისა, ინფორმაციისა, რომელიც თავის დროზე შესწავლილი იქნა და დაბეგრილი კანონმდებლობის შესაბამისად და გადამხდელზე დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება ყველანაირ სამართლებრივ ნორმას მოკლებულია.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლის მიერ უსაფუძვლოდაა მიჩნეული შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე, კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციისას აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური მარაგები რეალიზებულად მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში (1.06.2019-1.06.2022წწ) სარეალიზაციო ფასით და დაბეგრილი დღგით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაუქმებას ექვემდებარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე, კომპანიაში ჩატარდა ინვენტარიზაცია და გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები. კერძოდ, კომპანიას საბუღალტრო მონაცემებით ფიცრის ნაშთი უფიქსირდებოდა 202.3 მ 3 , ხოლო ფაქტობრივმა ნაშთმა ინვენტარიზაციის მომენტში შეადგინა 407.77 მ 3 . წარდგენილი საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ ჩანაწერებით დადგინდა, რომ ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი აღურიცხველი საქონელი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული ბუღალტერიაში და არ იყო გაზრდილი კომპანიის სმფ-ების რაოდენობა. შესაბამისად, საწყისი ნაშთი შემოწმებისთვის არასწორად იყო წარდგენილი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას სმფების ნაშთი ბუღალტრულად არ უფიქსირდებოდა, ხოლო ზემოაღნიშნული აღურიცხველი საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ იყო ასახული. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 1.01.2021 წლიდან მოქმედი 159-ე მუხლის საფუძველზე, შემოწმებისას აღურიცხველი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად შესამოწმებელ პერიოდში, საშუალო სარეალიზაციო ფასით, რამაც გამოიწვია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამის გადასახადებში.
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე, კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციისას აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შესაბამისი პერიოდების მიხედვით, რეალიზებულად არის ჩათვლილი და განსაზღვრულია შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები. შესაბამისად, მიმდინარე საგადასახადო შემოწმების ფარგლებში აღნიშნული აღურიცხველი საქონლის მიწოდებად ჩათვლა და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არამართებულად მიაჩნია.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქონლის ნაშთის განსაზღვრისას იხელმძღვანელა წინა საგადასახადო შემოწმებისას (5.12.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით) დადგენილი მონაცემებით, რომლითაც გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები, რისთვისაც კომპანია დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, აღურიცხველი სმფ-ების საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით, აღნიშნული აღურიცხველი საქონელი წინა შემოწმებისას მიწოდებად არ არის ჩათვლილი. შესაბამისად, მიწოდებად ჩათვალა მიმდინარე შემოწმების ფარგლებში.
მომჩივანმა საბჭოს სხდომის ზეპირი განხილვისას ვერ შეძლო დასახელებული არგუმენტების დადასტურება და აუდიტის დეპარტამენტის პოზიციის გაბათილება, რაც ამ ნაწილში შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საწარმოსთვის ანაზღაურებული დებიტორული დავალიანების ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიას საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით, უფიქსირდებოდა რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან აუნაზღაურებელი თანხები (დებიტორული დავალიანებები). შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შედარების აქტები არსებული დავალიანებების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ანაზღაურებული იყო დებიტორების მიერ, ხოლო გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული შემოსავლები არ ჰქონდა დეკლარირებული და არც ბუღალტრულად აღრიცხული. შემოწმებით, დებიტორების მიერ ანაზღაურებული ნაღდი ფული ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
ის ფაქტი რომ გადამხდელს საბუღალტრო პროგრამა ორისის მიხედვით, უფიქსირდება რიგი კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან აუნაზღაურებელი თანხები (დებიტორული დავალიანებები) უდავოა, თუმცა შემმოწმებლის მიერ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისგან და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებიდან მიღებული ფორმაციები არ შეესაბამება სინამდვილეს, იმდენად, რამდენადაც შემმოწმებლის მიერ გადახდილად აღიარებული დებიტორული დავალიანებებიდან ნაწილი დებიტორების მიერ ანაზღაურებულია საგადასახადო შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიის ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების ჩარიცხვით, რაც დგინდება ამონაწერით ანგარიშსწორების ანგარიშიდან ამონაწერით. ხოლო ნაწილი დავალიანებები დაზუსტებულია დებიტორებთან შედარების აქტებით, რომლებიც შეუძლია წარუდგინოს შემმოწმებელს დავების განხილვის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაზუსტდეს შემოწმებით დებიტორების მიერ ნაღდი ფულით ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად ჩათვლილი თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმებისას დადგინდა, რომ კომპანიას საბუღალტრო პროგრამა „ორისის“ მიხედვით, უფიქსირდებოდა რიგი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისგან აუნაზღაურებელი თანხები (დებიტორული დავალიანებები). შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შედარების აქტები არსებული დავალიანებების შესახებ. წარდგენილი ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული თანხები ანაზღაურებული იყო დებიტორების მიერ, ხოლო გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული შემოსავლები არ ჰქონდა დეკლარირებული და არც ბუღალტრულად აღრიცხული. შემოწმებით, დებიტორების მიერ ანაზღაურებული ნაღდი ფული ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად.
მომჩივანი განმარტავს, რომ დავალიანებების ნაწილი დაზუსტებულია დებიტორებთან შედარების აქტებით, რომლებიც შეუძლია წარმოადგინოს შემმოწმებელს დავების განხილვის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით.
მომჩივანი აღნიშნულ არგუმენტს მიუთითებდა შემოსავლების სამსახურში 12.01.2023 წელს წარდგენილ №78001/1/2023 საჩივარში, ასევე 22.06.2023 წელს დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ №20039/2/2023 საჩივარში, თუმცა დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია დასახელებული არგუმენტის დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემმოწმებლის მიერ უსაფუძვლოდაა მიჩნეული შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 26 ივლისის №19668 ბრძანების საფუძველზე, კომპანიაში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციისას აღურიცხველი სასაქონლო მატერიალური მარაგები რეალიზებულად მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში სარეალიზაციო ფასით და დაბეგრილი დღგით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,გაუქმებას ექვემდებარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
2.გადამხდელი ითხოვს დაზუსტდეს შემოწმებით დებიტორების მიერ ნაღდი ფულით ანაზღაურებულად და ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულად ჩათვლილი თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
1.კომპანიაში ჩატარდა ინვენტარიზაცია და გამოვლინდა აღურიცხველი სასაქონლო-მატერიალური მარაგები.ინვენტარიზაციის მიერ გამოვლენილი აღურიცხველი საქონელი გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ასახული ბუღალტერიაში და არ იყო გაზრდილი კომპანიის სმფ-ების რაოდენობა. შესაბამისად, საწყისი ნაშთი შემოწმებისთვის არასწორად იყო წარდგენილი. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, კომპანიას სმფ-ების ნაშთი ბუღალტრულად არ უფიქსირდებოდა, ხოლო აღურიცხველი საქონელი დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არ იყო ასახული.
შემოწმებისას აღურიცხველი საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად,საშუალო სარეალიზაციო ფასით, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად, რამაც გამოიწვია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა.
ამასთან, აღნიშნული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
2.შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელისგან და საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე, მესამე პირებისაგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და შედარების აქტები არსებული დავალიანებების შესახებ.აღნიშნული თანხები ანაზღაურებული იყო დებიტორების მიერ, ხოლო გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული შემოსავლები არ ჰქონდა დეკლარირებული და არც ბუღალტრულად აღრიცხული. შემოწმებით, დებიტორების მიერ ანაზღაურებული ნაღდი ფული ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმების მიერ დაკორექტირდა (გაიზარდა) კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1. საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,102,154,159,160,161,163,275,286