გადაწყვეტილება №17656/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17656/2/2022
9.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 30.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17656/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2022 წლის №083-6 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21091 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 258 681 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 119 938
დღგ - 57 739
მოგების გადასახადი - 32 294
საშემოსავლო გადასახადი - 29 905
ჯარიმა - 65 903
საურავი - 72 840
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა ბეტონის წარმოება და რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 5.01.2018 წლიდან 1.07.2019 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1.საწარმოს სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე შეძენილი და გახარჯულად აქვს ნაჩვენები საწვავი, კერძოდ: ბენზინი - 7 139 ლიტრი, ხოლო, დიზელი - 95 785 ლიტრი. გადამხდელს არ წარუდგენია საწვავის ჩამოწერის დოკუმენტები, სადაც ნაჩვენები იქნებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილი მანძილები, ოდომეტრის მაჩვენებლები და გახარჯული საწვავის ოდენობა.
გადამხდელის მიერ წერილობით წარდგენილი ახსნა-განმარტებით, კომპანია ბეტონის საწარმოებლად/მისაწოდებლად იყენებს იჯარით აღებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომლის საწვავით მომარაგებას ახდენს თვითონ. საწვავის ჩამოწერა ხდება შესრულებული მარშრუტების საფუძველზე. წარდგენილ განმარტებაში ნახსენები არაა საწვავის დიდი სიმძლავრის გენერატორის სამუშაოდ გამოყენების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილმდებარეობაზე დაყრდნობით გაანგარიშდა ავტომობილების მიერ გავლილი მანძილები (ემთხვევა გადამხდელის მიერ წარდგენილ ინფორმაციას), რომელიც შეუპირისპირდა აუდიტის დეპარტამენტში აუდირებული, მსგავსი საქმიანობის განმახორცელებელი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალების საშუალო წვის მონაცემებს. (დატვირთულ მდგომარეობაში სპეც. ტექნიკაზე წვის ნორმად მიჩნეულია 65ლ./100კმ.-ზე, ხოლო დაუტვირთავზე - 45 ლ./100კმ.-ზე).
აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, გაანგარიშდა გახარჯული საწვავის ოდენობა და ღირებულება შესაბამისი პერიოდების მიხედვით. გამოვლინდა, რომ გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობისთვის გახარჯული აქვს შეძენილი საწვავის 52%. კერძოდ, მხოლოდ დიზელის ტიპის საწვავი 50 085 ლიტრის ოდენობით. შედეგად, ბუღალტრულად ჩამოწერილი საწვავის 48% ჩაითვალა არაეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად, აღნიშნული ოდენობის საწვავის შეძენა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ხოლო, პერიოდების მიხედვით, ჩათვლილი საწვავის დღგ-ის თანხის 48% ამოღებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებიდან. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. გადამხდელის მიერ წარდგენილია ბუღალტრული პროგრამა, რომელშიც ასახულია კომპანიის მიერ ბეტონის საწარმოებლად გახარჯული მასალების (ქვიშა, ღორღი, ცემენტი) და წარმოებული მზა პროდუქციის (სხვადასხვა სახეობის ბეტონი) მოცულობები პერიოდების მიხედვით. ასევე, წარდგენილია ბეტონის დამზადების კალკულაციები სახეობების მიხედვით და წერილობითი ახსნაგანმარტება, სადაც გადამხდელი აღნიშნავს, რომ საწარმოს მიერ საცალოდ ხორციელდება მხოლოდ ნედლეულის და მასალების რეალიზაცია.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემის მონაცემებზე, გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამასა და მიწოდებულ წარმოების კალკულაციებზე დაყრდნობით გაანგარიშდა, წარმოებაში ჩაშვებული მასალებისა და წარმოებული მზა პროდუქციის რაოდენობების შესაბამისობის საკითხი. გადამხდელის მიერ წარდგენლი კალკულაციები შედარდა აუდირებული, მსგავსი საქმიანობის მქონე პირების ბეტონის წარმოების კალკულაციებს. შედარებისას გამოყენებულ იქნა ოთხი აუდირებული საწარმოს მიერ წარმოებაში გამოყენებულ კალკულაციებში ნაჩვენები ნედლეულის გახარჯვის საშუალო მაჩვენებლები. მიუხედავად ამისა, დადგინდა, რომ საწარმოს ზედმეტად აქვს ჩამოწერილი წარმოებაში გამოყენებული ნედლეული. შესაბამისად, ზედმეტად ჩამოწერილი ნედლეული დაკვალლიფიცირდა საქონლის რეალიზაციად, შესაბამისი პერიოდისთვის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ნედლეულის სარეალიზაციო ფასის მიხედვით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს გაეზარდა დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, ვინაიდან დამატებით დადგენილი შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდება, შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. პერიოდების შესაბამისად, საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქციის და ავანსის სახით მიღებული თანხების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ავანსის სახით საბანკო ანგარიშზე მიღებული აქვს თანხები, რომლის შესრულება შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდება. (არ არსებობს გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ან რეალიზაციის სხვა დოკუმენტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 48-ე მუხლის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები და ავანსის სახით მიღებული თანხები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა 15.04.2021 წლის №111238 ბრძანება და 16.04.2021 წლის №083-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც მომჩივანმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33548 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეესწავლა არის თუ არა კომპანიის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, გამოწვეული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაცვლად, გამოიყენოს ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33548 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაზეც მომჩივანს წარედგინა 21.02.2022 წლის №083-6 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2022 წლის №21091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33548 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ არ იყო წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები არც შემოწმების და არც დავის მიმდინარეობის პერიოდში, დანართის სახით წარმოადგენს სერთიფიცირებული აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემულ დასკვნას წარმოების პროცესში გამოყენებული/გახარჯული საწვავის ნორმების შესახებ, ასევე გადამხდელის მიერ წარმოებული ბეტონის კალკულაციის შესახებ დასკვნას, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მიხედვით, ინერტული მასალებისა და ცემენტის ხარჯვის დასაშვები ნორმების გათვალისწინებით. ითხოვს, უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის განხილვა დავების განხილვის საბჭოზე, წარმოდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების გათვალისწინებით მოხდეს საკითხის გაანალიზება, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის უშუალო მონაწილეობით საკითხის ხელახალი შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით მოხდეს პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.
ასევე, მოითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისაგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33548 ბრძანების აღსრულების მიზნით, გამოიცა 2022 წლის 17 თებერვლის დასკვნა, რომლის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს 22.10.2021 წლის №33548 ბრძანების შესაბამისად დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები არ წარუდგენია.
მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33548 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არ განხორციელდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). მომჩივანი მოითხოვს სერთიფიცირებული აუდიტორული კომპანიის დასკვნის, ასევე კომპანიის მიერ წარმოებული ბეტონის კალკულაციის შესახებ მონაცემებით, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის მიხედვით, ინერტული მასალებისა და ცემენტის ხარჯვის დასაშვები ნორმების გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას. ასევე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლებას, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განიხილავს შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33548 ბრძანების აღსრულების მართლზომიერებას.
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 22.10.2021 წლის №33548 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.