გადაწყვეტილება №18617/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 23.02.2023
№ დოკუმენტი 18617/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№18617/2/2023

23.02.2023

გადაწყვეტილება

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 23.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18617/2/2023).

დავის საგანი:

საბაჟო საწყობისთვის დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №EL187496 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32225 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 2 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

18.10.2022 წელს შპს „-------“ (ს/ნ "------" ) რკინიგზით გადაადგილებული და მომჩივნის საბაჟო საწყობში („-------“) განთავსებული კუთვნილი საქონლის (ბენზინი) საბაჟო საწყობის პროცედურაში დეკლარირების მიზნით მიმართა ელექტრონული გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-----“-ს და წარადგინა შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის, საქართველოს რკინიგზის „სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო: 618004“.

შპს „„-------“-ის “ მიერ წარდგენილი დოკუმენტების და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ში არსებული ინფორმაციის (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №„-------“ ; ვაგონი №„-------“ ) შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია 10.09.2022 წელს და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ვადად განესაზღვრა 15.09.2022 წელი, ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის, მომჩივნის მიერ №"------"სარკინიგზო ვაგონის გამოცხადება ელექტრონულად განხორციელდა 9.10.2022 წელს 13:34 საათზე. ამასთან, გადამხდელის მიერ წარდგენილ საქართველოს რკინიგზის სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო ბარათში მითითებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვაგონი შპს „--------“ საქართველოს რკინიგზის მიერ მიწოდებულია 8.10.2022 წელს 11:40 საათზე.

ვინაიდან მომჩივნის მხრიდან ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, კერძოდ საბაჟო საწყობის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება არ განხორციელდა №"------" სარკინიგზო ვაგონის გამოცხადებიდან 24 საათში, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ 18.10.2022 წელს შედგენილია №EL187496 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი 8.11.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.12.2022 წლის №32225 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ საბაჟო საწყობის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება არ განხორციელდა სარკინიგზო ვაგონის გამოცხადებიდან 24 საათში. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას. ამდენად, ვინაიდან საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსის (176-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, სადავო ოქმით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.

სადავო აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპანიის მიმართ გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან კომპანია მიჩნეულია სამართალდამრღვევად და დაჯარიმდა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების დარღვევის გამო, კერძოდ საბაჟო საწყობმა ვერ უზრუნველყო საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესრულება - რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის „-------“ (ვაგონი №"------") დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება.

საბაჟო დეპარტამენტის სადავო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას, შესაბამისად არ არსებობდა სამართალდარღვევის ოქმის შედეგების არანაირი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი: კერძოდ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – ელექტრონული მოწმობა (დანართი №3–03)) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების (სარკინიგზო ვაგონი/კონტეინერი) საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა. ასევე, ამავე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.

განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან ზემოაღნიშნული პროცედურა სრულად და ზედმიწევნით იქნა დაცული. კერძოდ კომპანიის მხრიდან განხორციელდა რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, კომპანიამ შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდზე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის გვერდიდან, 8.10.2022 წელს 18:00 საათზე, აღრიცხვის მოწმობის დამოწმებიდან 24 საათის განმავლობაში 9.10.2022 წელს 13:34 საათზე განახორციელა გამოცხადების ელექტრონული დადასტურება.

ამგვარად, კომპანიის მხრიდან დაცულია ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, ამ უკანასკნელის მხრიდან განხორციელდა რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილზე და 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მომჩივანს მიაჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშეა მიღებული, რასაც ზემოთქმული უდავოდ და ცალსახად ადასტურებს და რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტის ბათილობას იწვევს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციით მე-8 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.

ამავე ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებიდან არაუგვიანეს 24 საათისა საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის მხრიდან განხორციელდა რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში გამოცხადების ელექტრონულად დადასტურება, კომპანიამ შემოსავლების სამსახურის ვებ. გვერდზე გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის გვერდიდან, 8.10.2022 წელს 18:00 საათზე, აღრიცხვის მოწმობის დამოწმებიდან 24 საათის განმავლობაში 9.10.2022 წელს 13:34 საათზე განახორციელა გამოცხადების ელექტრონული დადასტურება.

საბაჟო დეპარტამენტის 17.01.2023 წლის №„-------“ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „------- - ის “ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების, ასევე პროგრამა „oracle“-ს „რკინიგზის აღრიცხვის მოწმობის“ მოდულში, მითითებული ვაგონის შესაბამისი ინფორმაციის (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №"------", ვაგონი №"------" ) შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსულია 10.09.2022 წელს და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების ვადად განესაზღვრა 15.09.2022 წელი. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება (ვაგონი) საქართველოს რკინიგზის მიერ დანიშნულების საბაჟო საწყობში მიწოდებულია 8.10.2022 წელს („oracle“-ს რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოდულში მითითებული „სტატუსის ცვლილების თარიღის“ თანახმად, 8.10.2022 წლის 18:00 საათზე), ხოლო შპს „-------“ საბაჟო საწყობის მიერ ელექტრონულად გამოცხადება მოხდა 9.10.2022 წლის 13:34:25 საათზე. ამასთან, საქონლის დეკლარირებისას შპს „-------“- ის “ მიერ წარდგენილი საქართველოს რკინიგზის „სადგურის მომსახურების და ტვირთის მიღება-ჩაბარების სამახსოვრო“ ბარათში მითითებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ვაგონი შპს „-------“ საქართველოს რკინიგზის მიერ მიწოდებულია 8.10.2022 წელს 11:40 საათზე.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოება, სს საქართველოს რკინიგზის მიერ 8.10.2022 წელს დანიშნულების საბაჟო საწყობში №"------" ვაგონის (რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა №"------" ) მიწოდების დრო (საათი) (ან მიწოდების დროის (საათის) ცვლილება), მოითხოვს დამატებით შესწავლას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32225 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32225 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი თვლის,რომ საბაჟო დეპარტამენტის სადავო სამართალდარღვევის ოქმში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ჯეროვნად არ იქნა შესრულებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები, კერძოდ საბაჟო საწყობის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება არ განხორციელდა სარკინიგზო ვაგონის გამოცხადებიდან 24 საათში, გამოვლენილ ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ შედგენილია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც კომპანიას დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით განესაზღვრა ფულადი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია,შემოსავლების სამსახურის 21.12.2022 წლის №32225 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად, მომჩივნის მონაწილეობით, დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

176.