ბრძანება N 1924
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1924
05 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ -----)
(მის.: ---------)
2024 წლის 10, 11 და 15 იანვრის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ -----) №21916/2/2024, №21927/2/2024 და №5291/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №001-285 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ კომპანიამ ლიზინგის აქტივზე სრულად გადაიხადა დღგ-ის თანხა სს „------ში“ და მისთვის ცნობილი იყო, რომ ანგარიშსწორებას საგადასახადო ორგანოსთან ახდენდა ლიზინგის გამცემი. მიუთითებს, რომ კომპანიას ორჯერ გამოსდის დღგ-ის თანხის გადახდა, ვინაიდან რეალურად კომპანიამ სატრანსპორტო საშუალება შეიძინა ლიზინგით და სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილი წესებით აღნიშნული ჯერ გაფორმდა შპს „------“-ზე, ხოლო შემდგომ ლიზინგის გამცემზე. ამდენად, მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ მომხდარა სატრანსპორტო საშუალების გასხვისება, მოხდა მისი შეძენა და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის პირველი დეკემბრის №30118 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2023 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 დეკემბრის №31133 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-285 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 7 730 ლარი, მათ შორის გადასახადი 5 007 ლარი, ჯარიმა 2 604 ლარი და საურავი 119 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ შპს „-----“-ის მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------, რომლითაც შეძენილი იყო უნაგირა საწევარას 32 827 ლარად (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული უნაგირა საწევარა იმავე საანგარიშო პერიოდში გასხვისებული იყო სს „-------ზე“ (ს/ნ -----). ოპერაციასთან დაკავშირებით გამოწერილი და მყიდველი მხარის მიერ დადასტურებული იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა------- თანხით 32 827 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ პირის მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი შემდგომი მიწოდება 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად დადგინდა, რომ შპს „------“-ის მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლითაც შეძენილი იყო უნაგირა საწევარა 32 827 ლარად. აღნიშნული იმავე საანგარიშო პერიოდში გასხვისებული იყო სს „------ზე“. გადასახადის გადამხდელის მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ პირის მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი შემდგომი მიწოდება 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგად დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მიღებული და ჩათვლილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლითაც შეძენილი იყო უნაგირა საწევარა 32 827 ლარად (დღგ-ის ჩათვლით). აღნიშნული უნაგირა საწევარა იმავე საანგარიშო პერიოდში გასხვისებული იყო სს -ზე. ოპერაციასთან დაკავშირებით გამოწერილი და მყიდველი მხარის მიერ დადასტურებული იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანხით 32 827 ლარი (დღგ-ის ჩათვლით). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის ანალიზით გაირკვა, რომ პირის მიერ ასახული იყო მხოლოდ უნაგირა საწევარაზე ჩასათვლელი დღგ, ხოლო მისი შემდგომი მიწოდება 18%-ით დასაბეგრ ბრუნვაში გათვალისწინებული არ იყო. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კომპანიის მიერ განხორციელებული მიწოდება დაიბეგრა დღგ-ით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1), 159(1"ა"), 163(1)(2), 164(1).