გადაწყვეტილება №22388/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22388/2/2024
01 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 31.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------------“-ის 26.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22388/2/2024).
დავის საგანი:
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ჩამოწერაზე უარი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №21-11/101995 წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1433 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №----------- წერილით მომჩივანს უარი ეთქვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ჩამოწერაზე, იმ მოტივით, რომ მოსაკრებლის ნაწილში არსებული დავალიანება არ განიხილება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის
37-ე ნაწილით დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის.
მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №------------ წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1433 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 309-ე მუხლებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია შეიქმნა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის საჭირო ნედლეული (------------) საქარხნო შესწავლის (გამოცდის) მიზნით. ლიცენზია ავიღეთ 2008 წელს. 2010 წელს გამოიცა პრეზიდენტის ბრძანება არმოპოვებულ ნედლეულზე გადასახადის დაწესების შესახებ, რომელმაც შეგვიქმნა დამამძიმებელი გარემოება და 2010 წლის ივნისში ლიცენზია ჩავაბარეთ (მოპოვების გარეშე) ჩვენივე განცხადებით. ექსპერიმენტი არ შედგა სხვადასხვა მიზეზის გამო. 2010 წლის ივნისიდან დავწერეთ განცხადება შპს-ის ლიკვიდაციის შესახებ. აუდიტის მიერ დარიცხულ თანხას არ დაეთანხმა შპს და გაასაჩივრა, რის შედეგად ნაწილი ჩამოეწერა. გასაჩივრებული იქნა დარჩენილი თანხის კორექტირებაც, რაც არ დაკმაყოფილდა. 2012 წელს აღსრულების ბიურომ დააყადაღა ფირმის ქონება (2 ლაბორატორიული ღუმელი) და გაყიდა. შპს-ს არანაირი მოძრავი თუ უძრავი სხვა ქონება არ გააჩნია. შპს-ს რაიმე სახის ეკონომიკური საქმიანობა არ უწარმოებია. ამისათვის ის არ იყო შექმნილი.
კომპანია არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს შემდეგ გარემოებათა გამო:
ექსპერიმენტი ეხებოდა წარმოებაში (ცემენტი, მინა) პრაქტიკულ დანამატად ახალი ნედლეულის შესწავლას (გამოცდა). აქედან გამომდინარე, პროცესის დასრულებამდე ჩვენ ვერაფრით ვერ განვსაზღვრავდით საჭირო ნედლეულის რაოდენობას და მისი მოპოვების თანმიმდევრობას. მოპოვება მოხდებოდა ერთჯერადად, შესაძლებელია 2-3-ჯერ, როგორც მოითხოვდა ექსპერიმენტის მიმდინარეობა. ლიცენზიაში მითითებულია შესაძლო მოსაპოვებელი რაოდენობის ზღვრული ნორმა. პარამეტრების დადგენისა და ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ, ფაქტიურად მოპოვებული რაოდენობის მიხედვით უნდა დადგენილიყო გადასახადის რაოდენობა და მიზნობრიობა;
შპს-ს უნდა მისცემოდა გონივრული ვადა, პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ შექმნილი რეალობის გასათვალისწინებლად;
მომსახურების დეპარტამენტის პასუხი მოიცავს საჩივრის მხოლოდ მეორე ნაწილს და არადამაჯერებელია (რიოლითი არის მყარი, ხოლო პრეზიდენტის განკარგულება ეხება წყალს). წიაღისეული შეიძლება იყოს თხევადი, მყარი ან აირადი, მაგრამ ყველა წარმოადგენს ბუნებრივ რესურსს. თითოეულ სახეობაზე ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს ბრძანება? თუ იგივე პირობები და მოცემულობაა მყარის შემთხვევაშიც ანალოგიურად უნდა გადაწყდეს.
შპს-ს უნდა ჩამოეწეროს დარიცხული თანხა (5 803,4 ლარი). გასათვალისწინებელია, რომ შპს-ზე რიცხული ქონების ამოღება მოხდა 2013 წელს, სხვა აქტივებს შპს არ ფლობს. ექსპერიმენტის წარმმართველები და ფირმის დამფუძნებლების გარდაცვლილები არიან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად:
1. ამ კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ და „დ1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოსაკრებლებისა, რომელთა გადახდის ადმინისტრირებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო;
გ) „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსაკრებლისა, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2. საგადასახადო ორგანოები ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ადმინისტრირებას ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება:
ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები;
ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას;
დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან;
ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება (რეგისტრირდებიან) ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად (პარტნიორებად).
დადგენილია რომ მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2023 წლის №------------ წერილით მომჩივანს უარი ეთქვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ჩამოწერაზე. აღნიშნულ წერილში მითითებულია შემდეგი:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით დავალიანების ჩამოწერის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ჩამოწერის წესის შესაბამისად განსაზღვრული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანება, რომლის მე-7 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად: იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავალიანება (2011 წლამდე წარმოშობილი საბაჟო დავალიანების ჩათვლით) არის გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის სხვაობა, ჩამოწერისას მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ბარათის ნარჩენი ან ზედმეტობა, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული, გარდა საბაჟო მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ნაშთებისა, რომლის გაერთიანებაც მოხდა ერთიანი სახაზინო კოდის პროექტის ფარგლებში იმპორტის გადასახადთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში რიცხული დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის თანახმად ვერ განხორციელდება.
კომპანია არ ეთანხმება დარიცხულ მოსაკრებელს აღნიშნავს, რომ კომპანია შეიქმნა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის საჭირო ნედლეული (რიოლითი) საქარხნო შესწავლის (გამოცდის) მიზნით და მიაჩნია, რომ უნდა ჩამოეწეროს დარიცხული, თანხა ვინაიდან საზოგადოებაზე რიცხული ქონების ამოღება მოხდა 2013 წელს, სხვა აქტივებს შპს არ ფლობს. ექსპერიმენტის წარმმართველები და ფირმის დამფუძნებლების გარდაცვლილები არიან.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1433 ბრძანება;
3.დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება); 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ჩამოწერაზე უარი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის 21.12.2023 წლის წერილით მომჩივანს უარი ეთქვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის ჩამოწერაზე, იმ მოტივით, რომ მოსაკრებლის ნაწილში არსებული დავალიანება არ განიხილება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის
37-ე ნაწილით დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის. მომსახურების დეპარტამენტის წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 29.01.2024 წლის №1433 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხის კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;252(1);57;58;106(4);