1. გაკოტრების საქმის წარმოება ფაქტობრივად სრულდება გაკოტრების მმართველის მიერ გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით ამონაგები თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
2. გაკოტრების რეჟიმი შეწყდება, თუ სასამართლო კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად გააუქმებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებას.
3. ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 15 დღისა, ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებს და სასამართლოს. ანგარიში უნდა შეიცავდეს მოცემული საქმის წარმოების ფარგლებში კანონით დადგენილი მიზნების მიღწევის თაობაზე დასაბუთებას.
4. გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონება გაიყიდა მოქმედი საწარმოს სახით და მისი შემძენი საწარმოს პარტნიორად დარეგისტრირდა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
5. თუ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა მოვალეს და რომლის შესახებაც მანამდე ცნობილი არ იყო, სასამართლო ამის თაობაზე აცნობებს ყველა იმ კრედიტორს, რომელთა მოთხოვნებიც სრულად არ დაკმაყოფილებულა გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ყველა კრედიტორის ინფორმირება ან ასეთ კრედიტორთა რაოდენობა 15-ს აღემატება, სასამართლო აქვეყნებს ამ ინფორმაციას ელექტრონულ სისტემაში. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც სრულად არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია, აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან/გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 102-ე მუხლით დადგენილი წესით ქონების რეალიზაციას, ხოლო ქონების რეალიზაციით მიღებულ თანხას სასამართლო გაანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში დააყენეს საკუთარი მოთხოვნები, მათი რიგითობის შესაბამისად. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდება, ან კრედიტორი უარს იტყვის ქონების ნატურით მიღებაზე, ქონება განაწილდება მოვალის პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულა