1. გაკოტრების მმართველი ვალდებულია, მოიძიოს ქონება და დააზუსტოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების შესახებ მონაცემები, განახორციელოს გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაცია და კრედიტორებს შორის გაანაწილოს გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა. გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ეფექტიანად, მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველმა თავისი ფუნქციები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ გაუმართლებლად და აუცილებლობის გარეშე არ გამოიწვიოს მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის ინტერესებისათვის ზიანის მიყენება.
2. გაკოტრების მიზნების მისაღწევად და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით.
3. გაკოტრების მმართველს უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით:
ა) მიმართოს სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების უზრუნველსაყოფად და უხელმძღვანელოს კრედიტორთა კრებას;
ბ) აწარმოოს დავები;
გ) განახორციელოს შეცილება;
დ) უზრუნველყოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა;
ე) უზრუნველყოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების, მათ შორის, საგადასახადო ვალდებულებების შესრულება;
ვ) მოიწონოს ან შეწყვიტოს არსებული ხელშეკრულებები და დადოს ახალი ხელშეკრულებები;
ზ) შეისყიდოს სხვადასხვა პროფესიული მომსახურება;
თ) განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
4. გაკოტრების მმართველი ამზადებს ანგარიშს მოვალის ფინანსური მდგომარეობისა და ქონების რეალიზაციის შერჩეული ფორმის შესახებ და აქვეყნებს მას ამ კანონით დადგენილი წესით. ამ ვალდებულების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. გაკოტრების მმართველი აფასებს გადახდისუუნარობის მასაში შემავალ ქონებას. კრედიტორებს უფლება აქვთ, საკუთარი ხარჯით წარადგინონ ალტერნატიული შეფასება. შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი, ხოლო კრედიტორებს უფლება აქვთ, დააყენონ გაკოტრების მმართველის შეცვლის საკითხი და ამ მიზნით მოიწვიონ კრედიტორთა კრებ