1. თუ ქონების სხვა გზით რეალიზაციის შემთხვევაში არ არის მოსალოდნელი უფრო მეტი თანხის ამოღება, გაკოტრების მმართველი ქონების რეალიზაციას ახორციელებს აუქციონის გზით, ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება შეიძლება გაიყიდოს აუქციონის გზით, გარდა ფინანსური გირაოს საგნისა, რომლის რეალიზაცია ხორციელდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების აუქციონზე გაყიდვას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.

4. აუქციონი ტარდება იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით, გარდა ამ კანონით დადგენილი სპეციალური წესებისა.

5. აუქციონის ხანგრძლივობა (აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო) არ უნდა იყოს 7 დღეზე ნაკლები და 10 დღეზე მეტი, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული ბრძანებით უფრო მცირე დრო არ არის დადგენილი.

6. აღსრულების ეროვნული ბიუროს სააუქციონო მომსახურების საფასურის ოდენობა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. მომსახურების საფასური გადახდისუუნარობის მასიდან ანაზღაურდება.

7. დაუშვებელია აუქციონში მონაწილე პირთა წრის შეზღუდვა ან სხვა შეზღუდვების დაწესება, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. აუქციონის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი პირი უფლებამოსილია, აუქციონის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

9. პირველ აუქციონზე საწყისი ფასი განისაზღვრება ექსპერტის დასკვნის საფუძველზე, ქონების საბაზრო ღირებულების 75%-ით. თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია და ქონების საწყისი ფასი კრედიტორთა მოთხოვნებზე ნაკლებია, ნებისმიერ კრედიტორს, რომლის მოთხოვნასაც ფარავს, მაგრამ არ აღემატება პირველ აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების საწყისი ფასი, უფლება აქვს, პირველი აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში მიმართოს გაკოტრების მმართველს ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. ამ შემთხვევაში კრედიტორი ვალდებულია დაფაროს წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნები და მიმართვას დაურთოს აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის საბანკო ანგარიშზე წინა და იმავე რიგების კრედიტორთა მოთხოვნების დაფარვის მიზნით თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ერთზე მეტი მიმართვის არსებობისას ქონების საკუთრებაში მიღების უფლება წარმოეშობა იმ კრედიტორს, რომლის მიმართვასაც თან ერთვის ამ პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია და სხვა კრედიტორთა მიმართვაზე უფრო ადრეა რეგისტრირებული.

10. თუ პირველ აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, ან ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით არ მოხდა ქონების საკუთრებაში გადაცემა, პირველი აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მეორე აუქციონი. მეორე აუქციონის გამართვისას მიეთითება, რომ აუქციონი მეორედ ტარდება. მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების საწყისი ფასი ამ ქონების საბაზრო ღირებულების 50%-ს შეადგენს, გარდა იმ შემთხევევისა, თუ პირველი აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა, გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიუროსგან მოითხოვს საწყისი ფასის არაუმეტეს 65%-მდე გაზრდას.

11. თუ მეორე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, მეორე აუქციონის ჩატარებიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 40 დღის ვადაში ტარდება მესამე აუქციონი. მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემევალი ქონების საწყისი ფასი შეადგენს მეორე აუქციონის საწყისი ფასის ნახევარს.

12. თუ მესამე აუქციონზე გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონება ვერ გაიყიდა, სასამართლო აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ელექტრონულ სისტემაში გამოაქვეყნებს შეთავაზებას ამ ქონების კრედიტორებისათვის საერთო საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ქონება საკუთრებაში გადაეცემა იმ კრედიტორებს, რომლებიც შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგენენ განცხადებას ამ ქონების საკუთრებაში მიღების თაობაზე. კრედიტორებს ქონება ნატურით გადაეცემათ საბაზრო ღირებულებით, ამ კანონის 104-ე მუხლის შესაბამისად. კრედიტორების წილი საერთო საკუთრებაში განისაზღვრება მათი მოთხოვნების პროპორციულად. იმ კრედიტორების წილი, რომლებიც არ გამოთქვამენ ქონების საკუთრებაში მიღების სურვილს, თანაბრად გადანაწილდება სხვა კრედიტორებზე. თუ დადგენილ ვადაში ქონების საკუთრებაში მიღების შესახებ განცხადებას არცერთი კრედიტორი არ წარადგენს, ქონება გადაეცემა პარტნიორებს მათი წილის პროპორციულად, ხოლო კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში – კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარებს, მათი წილის პროპორციულად.

13. თუ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონება რეგისტრირებული არ არის მოვალის საკუთრებად, გაკოტრების მმართველი აუქციონის გამოცხადებამდე ამ ქონების რეგისტრაციის მიზნით მიმართავს მარეგისტრირებელ ორგანოს. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების დაუდგენლობის შემთხვევაში, გაკოტრების მმართველი მიმართავს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო ასეთის არარსებობისას – სასამართლოს ამ ქონებაზე მოვალის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. ასეთი მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომელიც მოვალის მფლობელობაში არსებული ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველია.

14. აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო როდესაც ქონების ფასი 1 მილიონ ლარს აღემატება – აუქციონის დასრულებიდან 20 დღის ვადაში, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.

15. თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ მუხლის მე-15 პუნქტით დადგენილ ვადებში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და განკარგულების გამოცემიდან 10 დღის ვადაში ატარებს ხელახალ აუქციონს, რომელიც განმეორებით აუქციონად არ ჩაითვლება.

16. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით ქონების ნატურით მიმღების, საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად, ქონებაზე არსებული ყველა ყადაღა, აგრეთვე სანივთო და ვალდებულებითი უფლება უქმდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სანივთო და ვალდებულებითი უფლების შენარჩუნება პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, რის შესახებაც უნდა მიეთითოს აუქციონის ჩატარების შესახებ შესაბამის ინფორმაციაშ