1. მოვალის გაკოტრების შემთხვევაში გადახდისუუნარობის მასის განაწილება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) გაკოტრების რეჟიმის ხარჯები:
ა.ა) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავით განსაზღვრული პროცესის ხარჯები;
ა.ბ) გაკოტრების მმართველის ანაზღაურება;
ა.გ) საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ხარჯები, ქონების მართვის ხარჯი, ასევე მმართველის გადაწყვეტილებით შესყიდული სხვადასხვა პროფესიული მომსახურების ხარჯები;
ბ) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის შემდეგ მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები;
გ) კრედიტორთა ჯგუფები შემდეგი რიგითობით:
გ.ა) პრეფერენციული მოთხოვნები;
გ.ბ) პრეფერენციული საგადასახადო მოთხოვნები;
გ.გ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე წარმოშობილი გადასახადების თანხა, რომლებსაც არ მოიცავს ამ პუნქტის სხვა ქვეპუნქტები;
გ.დ) მოთხოვნები, რომელიც წარმოშობილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობამდე არსებულ ვალდებულებებზე დარიცხული პროცენტისა და ჯარიმის სახით, ადმინისტრაციული ჯარიმები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან გამომდინარე სხვა ფულადი ვალდებულებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დარიცხული ჯარიმები/საურავები;
გ.ე) არაპრივილეგირებული მოთხოვნები;
გ.ვ) კორპორაციული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებები (დივიდენდის გადახდის, აქციათა გამოსყიდვის ან შენატანის დაბრუნების ვალდებულებები).
2. გადახდისუუნარობის მასის განაწილება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის პრინციპის დაცვით. კრედიტორთა ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, თუ ყველა იმ კრედიტორის შეთანხმებით სხვა ცვლილება არ არის გათვალისწინებული, რომელთან მიმართებაშიც გავლენას იქონიებს ამგვარი ცვლილება.
3. საწარმოს გაკოტრების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი თანხა ნაწილდება მოვალის პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით ან პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. ნებისმიერ კრედიტორს, მოთხოვნაზე ნაწილობრივ უარის თქმის სანაცვლოდ, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ჯგუფის კრედიტორებთან შედარებით უპირატესი დაკმაყოფილება. ამისათვის საჭიროა ყველა იმ კრედიტორის თანხმობა, რომლებთან თანასწორადაც აღნიშნულ კრედიტორს უნდა მიეღო დაკმაყოფილება, აგრეთვე ყველა იმ კრედიტორის თანხმობა, რომლებთან თანასწორადაც იგი ითხოვს დაკმაყოფილება