1. გაკოტრების მმართველი ინიშნება სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინებით, ამ კანონის მე-11 მუხლით და 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პირობების დაცვით.

2. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია დანიშნოს ახალი გაკოტრების მმართველი ამ კანონის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. გაკოტრების მმართველის დანიშვნისთანავე მოვალის ყველა დირექტორს უჩერდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. გაკოტრების მმართველის გადაწყვეტილებით, თითოეული დირექტორი ვალდებულია, გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ, რომლის ოდენობასაც წყვეტს გაკოტრების მმართველი, ითანამშრომლოს გაკოტრების მმართველთან და დახმარება გაუწიოს მას.

4. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს იმავე განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი დეკლარაციები, ხოლო წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, შეიტანოს მათში ცვლილება ან/და დამატება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს გაკოტრების რეჟიმში ხელმძღვანელობის უფლებამოსილება უნარჩუნდება მხოლოდ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით და ნაწილში.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც მას არ ათავისუფლებს ამ მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულებისაგა