1. ამ კანონის შესაბამისად მიმდინარე გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში სავალდებულოა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მონაწილეობა.
2. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე, პროფესიული წრეების წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერი.
3. ამ კანონის მიზნებისთვის, მმართველის, რეაბილიტაციის ზედამხედველისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – იუსტიციის მინისტრი) უფლებამოსილია ბრძანებით განსაზღვროს გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა კატეგორიები, რომლებსაც დაშვება ექნებათ გადახდისუუნარობის სხვადასხვა ტიპის საქმეებზე, მათი სირთულის გათვალისწინებით.
4. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განმახორციელებელ ორგანოს, ავტორიზაციის წესსა და პირობებს, ასევე გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოების წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
5. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველი/რეაბილიტაციის ზედამხედველი/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. გადახდისუუნარობის საქმეზე მმართველისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესს ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.
7. მმართველისა და რეაბილიტაციის ზედამხედველის/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის შერჩევის ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას, დასაშვებია მმართველის ელექტრონული სისტემის გარეშე, რიგითობის წესით შერჩევა, რაც გულისხმობს შესაბამისი განცხადების სასამართლოში შესვლის რიგითობისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიან რეესტრში მმართველის/რეაბილიტაციის ზედამხედველის ანბანური რიგითობის მიხედვით შერჩევას.
8. სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს ერთზე მეტი მმართველის დანიშვნის საჭიროება, თუ ეს გამომდინარეობს საქმის სირთულიდან და მოვალის წლიური ბრუნვა 100 მილიონ ლარს აღემატება.
9. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია მოვალის, კრედიტორის ან სხვა დაინტერესებული პირისათვის მიყენებული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, კანონით დადგენილი წესით, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობ