1. საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, კრედიტორთა კრებას ამზადებს და მის ჩატარებას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სასამართლო.

2. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებები და ოქმები არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა განთავსდება ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ ელექტრონულ სისტემაში.

3. ყველა უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარადგენს თავის მოთხოვნებს მოვალის მიმართ, უფლებამოსილია დაესწროს კრედიტორთა კრებას. კრედიტორთა კრებაზე დასწრების უფლება აქვს მოვალესაც. კრედიტორთა კრებაზე დამსწრე კრედიტორებსა და მოვალეს უფლება აქვთ, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქვან შენიშვნები და მოსაზრებები და დასვან კითხვები.

4. კრედიტორთა კრების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოწვევის უფლება აქვთ კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, აგრეთვე მოვალეს, მმართველსა და რეაბილიტაციის ზედამხედველს. კრების მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ შეტყობინება სასამართლომ კრების მოწვევის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა უნდა განათავსოს ელექტრონულ სისტემაში. კრება უნდა გაიმართოს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღისა.

5. კრედიტორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება აქვს ყველა კრედიტორს, რომლის მოთხოვნაც აღიარებულია, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6. კრედიტორთა კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი.

7. კრედიტორთა კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება მასზე დამსწრეთა და წარმოდგენილ ხმათა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. კრედიტორთა ხმების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: 1 ლარის მოთხოვნა – 1 ხმა (დამრგვალება ხდება უმცირესისაკენ).

9. თუ კრედიტორთა კრება არ შედგა ან გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, იმავე დღის წესრიგით მოიწვევა კრედიტორთა განმეორებითი კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე დამსწრე და წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

10. თუ კრედიტორთა განმეორებითი კრება არ შედგა ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე საკითხზე კრების ხელახლა მოწვევა შესაძლებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

11. კრედიტორთა კრების მოწვევა აუცილებელი არ არის, თუ ხმათა 50%-ზე მეტის მფლობელი კრედიტორი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაეთანხმება განსახილველ საკითხს. აღნიშნული თანხმობა კრედიტორთა კრების ოქმის ტოლფასია და კრების გადაწყვეტილებად ითვლება.

12. კრედიტორთა კრების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღე