გადაწყვეტილება №22047/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 22047/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22047/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -------“-ის (ს/ნ -------) ლიკვიდატორი ------- (პ/ნ -------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს „-------“-ს ლიკვიდატორი ------- 22.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22047/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №------- წერილი;

2. შემოსავლების სამსახურის 8.01.2024 წლის №49 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 71 961.67 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

29.09.2023 წელს №------- განცხადებით კომპანიის ლიკვიდატორმა მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის საფუძვლით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციითა და შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რასთან დაკავშირებითაც განმცხადებელს 16.10.2023 წლის №------- წერილით ეცნობა შემდეგი:

ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია - არ არის წარდგენილი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და მომსახურების დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №------- წერილის მიხედვით კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 9.10.2023 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება 41 773.58 ლარი შედგება: 15.06.2017 წლის სავადო თარიღით დარიცხული დღგ-ის 102 234.00 ლარის ნაწილობრივ გადახდისა და 17.12.2018 წლის სავადო თარიღით დარიცხული დღგ-ის 82.37 ლარის გადაუხდელობით, ასევე 27.06.2023 წლის ვადით დამატებით დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის - 100 ლარის და გადაუხდელ დავალიანებაზე დარიცხული საურავისგან 30 088.09 ლარისგან (9.10.2023 წლის მდგომარეობით).

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - წარდგენილია 26.04.2023 წლის თარიღით მომზადებული №------- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის მიხედვით კომპანია რეგისტრირებულია 11.07.2016 წლიდან. წარდგენილ ამონაწერში აღნიშნულია, რომ კომპანიის სტატუსი არის დაშლილი საზოგადოება (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესით დაშლილი საზოგადოების (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი) სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვა გათვალისწინებული არ არის.

გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ - წარდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით კომპანიის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარდგენილ იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია ან/და უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილით ვერ დგინდება კომპანიის საკუთრების უფლების უძრავ ნივთზე რეგისტრაციის საკითხი. ასევე, წარდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის სახელზე სატრანსპორტო საშუალებები რეგისტრირებული არ არის.

დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია - 4.04.2017 წლის №081-5474 შეტყობინების საფუძველზე კომპანიის ქონების მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 15.05.2017 წელს კომპანიის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ №081- 453 ბრძანება და მასში შეტანილი 1.06.2017 წლის №081-453/1 ცვლილების ბრძანების საფუძველზე 1.06.2017 წელს შედგენილია ქონებაზე ყადაღის დადების აქტი, რომლის მიხედვით დაყადაღებულია 1 ცალი პრინტერი „ეფსონ L 1300“. 2.06.2020 წელს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილია კორექტირებული საინკასო დავალებები.

ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები - არ არის წარდგენილი სხვა მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიას არ გააჩნია ქონება და აქტივები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს ხსენებული წერილით ეცნობა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს კომპანიის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი.

ვალის მართვის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №------- წერილი 4.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.01.2024 წლის №49 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურის მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე და სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

26.04.2023 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ განხორციელდა კომპანიის დაშლის რეგისტრაცია. რეგისტრაციის საფუძველზე აიწყო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, ლიკვიდატორად დაინიშნა -------, რაც ასახულია 26.04.2023 წელს სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში. საჯარო რეესტრის სააგენტოს 25.08.2023 წლის გადაწყვეტილებით (№-------) ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა იმ საფუძვლით, რომ არ იყო შესრულებული იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულება.

27.09.2023 წელს როგორც კომპანიის ლიკვიდატორმა მოითხოვა კომპანიისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, ვინაიდან მას არ გააჩნდა ქონება. მოთხოვნა ეფუძნებოდა ორ ნორმატიულ აქტს: 1. საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს და 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებულ მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესს.

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 16.10.2023 წლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი ეთქვა კომპანიის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვაზე, უარის მიზეზად მითითებული იქნა შემდეგი გარემოებები:

ა) დაშლილი საზოგადოების (მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი) სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი გათვალისწინებული არ არის საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესით;

ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილში მითითებული, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშულებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. სასურველია წარდგენილი იქნას უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია, შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილით ვერ დგინდება ფილიალის საკუთრების უფლების უძრავ ნივთზე რეგისტრაციის საკითხი;

გ) საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია არ არის წარდგენილი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და მომსახურების დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №------- წერილით კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე 9.10.2023 წლის მდგომარეობით რიცხული ძირითადი დავალიანება 41 773.58 ლარი შედგება: 15.06.2017 წლის სადავო თარიღით დარიცხული დღგ-ის 102 234 ლარის ნაწილობრივ გადახდისა და 17.12.2018 წლის სავადო თარიღით დარიცხული დღგ-ის 82.37 ლარის გადაუხდელობით, 27.06.2023 წლის ვადით დამატებით დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის 100 ლარის და გადაუხდელ დავალიანებაზე დარიცხული საურავისგან 30 088.09 ლარი.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მითითებული მოსაზრებები არ გამომდინარეობდა არსებული კანონმდებლობიდან. შესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გაასაჩივრა 30.11.2023 წელს კანონით დადგენილი წესით. შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების ფაქტობრივ გარემოებებში უცვლელად არის გაზიარებული ვალის მართვის დეპარტამენტის არგუმენტაცია.

საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები.

კომპანიის სამართლებრივი ფორმაა - უცხოური საწარმოს ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია ქართული სამართლის მიხედვით და გააჩნია შესაბამისი საიდენტიფიკაციო კოდი -------.

საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი წარმოადგენს „ორგანიზაციას“, რომელიც საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-18 ნაწილის მიხედვით მიიჩნევა ასევე „პირად“.

შესაბამისად უცხოური საწარმოს ფილიალს, როგორც ორგანიზაციას და როგორც საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ პირს არ უნდა გააჩნდეს აქტივები/ქონება, რომ მოხდეს მისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. მაშასადამე, შემოსავლების სამსახურის კვლევის საგანი უნდა ყოფილიყო ფილიალის ქონების არსებობა-არარსებობის საკითხის გარკვევა. აღსანიშნავია, რომ როგორც ლიკვიდატორს, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ჰქონდა კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი, რაც ადასტურებდა ფილიალის მიერ ქონებების არარსებობას, კერძოდ:

1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის წერილი, საიდანაც ირკვევა რომ ფილიალი არ ფლობს რაიმე სახის უძრავ ქონებას და იგი არ არის რეგისტრირებული რომელიმე კომპანიის მეწილედ ან პარტნიორად. ამდენად, საჯარო რეესტრმა ფილიალის საიდენტიფიკაციო კოდით და მისი სახელწოდებით ადვილად დაადგინა მისი არც უძრავი ქონებისა და არც წილებისა თუ აქციებზე მისი საკუთრების უფლება;

2. შსს მომსახურების სააგენტოს 29.05.2023 წლის ცნობა №-------, საიდანაც ირკვევა, რომ არ ფლობს რაიმე სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებას;

3. სს თიბისი ბანკის 23.05.2023 წლის საბანკო ამონაწერები, მხოლოდ აღნიშნულ ბანკში ჰქონდა ფილიალს გახსნილი ანგარიში, საიდანაც ირკვევა რომ ფილიალს ანგარიშზე თანხა არ გააჩნია, ბანკების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდა სწორედ შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის №------- წერილიდან.

ამდენად, ზემოთ მითითებული დოკუმენტებით ცალსახად დასტურდება, რომ ფილიალს, როგორც ორგანიზაციას და როგორც საგადასახადო სუბიექტს (პირს) საქართველოში არ გააჩნდა არანაირი მოძრავი თუ უძრავი ქონება, მათ შორის არც - არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უნდა გაეთვალისწინებინა ეს გარემოება და უნდა მოეხდინა ფილიალისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები, შემოსავლების სამსახურის წერილობით მიმართვასთან ერთად ინფორმაციის სახით უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ფილიალის საგადასახადო დავალიანება - აღნიშნული მისთვის როგორც ლიკვიდატორისთვის ცნობილი გახდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 11.05.2023 წლის ------- წერილით, სადაც შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ფილიალის ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება (დღგ) 71 861.76 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანების დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №------- წერილით. გარდა ამისა, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის გამო, შემოსავლების სამსახურმა ფილიალს დაარიცხა სანქციის სახით 100 ლარი. ამდენად, ფილიალის მთლიანი დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 71 961.67 ლარს;

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან - იგი შემოსავლების სამსახურს წარედინა დადგენილი წესით, როგორც ლიკვიდაციის პროცესში, ასევე 27.09.2023 წლის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებულ განცხადებასთან ერთად;

გ) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტის დასკვნა პირის ქონების ღირებულების შესახებ - ქონების ღირებულების შეფასებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო დავალიანების მქონე პირს გააჩნია ქონება. ამდენად, ასეთი დასკვნის საჭიროება ფილიალის ლიკვიდაციის პროცესში არ არსებობდა;

დ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ - ასეთი ამონაწერები არ არსებობს, ვინაიდან ფილიალს არ გააჩნია ქონება მარეგისტრირებელ უწყებებში. სამაგიეროდ წარდგენილი აქვს შესაბამისი ცნობა საჯარო რეესტრიდან და შსს მომსახურების სააგენტოდან, რომლითაც დგინდება ფილიალის ქონების არარსებობა;

ე) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფილს ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია (ყადაღა საგადასახადო იპოთეკა/გირავნობა, საინკასო დავალება) - აღნიშნულის შესახებ მისთვის, როგორც ლიკვიდატორისთვის ცნობილი გახდა შემოსავლების სამსახურის, ვალის მართვის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №------- წერილით, წერილის მიხედვით გაირკვა, რომ ფილიალის მიმართა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გატარდა ჯერ კიდევ 2017 წელს. შესაბამისად, მის შესახებ ინფორმაცის სრულად გააჩნდა შემოსავლების სამსახურს; ვ) რაც შეეხება სხვა მტკიცებულებებს რითაც დასტურდება რომ პირსა რ გააჩნია ქონება და აქტივები - ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს.

ამდენად, ვალის მართვის დეპარტამენტს გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რათა განეხილა ფილიალის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი, შესაბამისად მას ფილიალი უნდა მიეჩნია ქონების არმქონე პირად და გაეცა დადებითი დასკვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 601 , 96-ე და 97-ე მუხლებზე. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია იყო წარდგენილი შემოსავლების სამსახურში, რათა მათ განეხილათ ფილიალისთვის დავალიანების ჩამოწერის საკითხი და გაეცათ დადებითი დასკვნა, მაგრამ თუ მაინც დავუშვებთ რომ რაიმე დოკუმენტის წარდგენა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურს შეეძლო და ვალდებულიც იყო მოეძია ყველა საჭირო დოკუმენტი, შესაბამისად, გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამ მიზნით განეხორციელებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება.

ადმინისტრაციული ორგანოს დასაბუთებაში აუცილებელია აღინიშნოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც იგი დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს. გადაწყვეტილებიდან უნდა ირკვეოდეს, თუ როგორ შეაფასა ადმინისტრაციულმა ორგანომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დასაბუთება უნდა იყოს დეტალური.

მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებები არაა სახეზე. შემოსავლების სამსახურის მიერ რაიმე დამატებითი გარემოებების კვლევა თუ მტკიცებულებათა შეფასება არ დგინდება, სამსახურის უფროსის მოადგილის ბრძანებაში უცვლელად არის გაზიარებული ვალის მართვის დეპარტამენტის პოზიცია, ხოლო ბრძანების ნორმატიულ საფუძვლად, ყოველგვარი შეფასების, არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე მითითებულია ის ორი ნორმატიული აქტი, რასაც ისედაც ემყარება მისი მოთხოვნა, ხოლო შემოსავლების სამსახურის არასწორად განმარტავს მათ.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის 67-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებზე.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სადავო აქტები და დაევალოს შემოსავლების სამსახურს დასკვნის სახით მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ, რომელიც შეადგენს 71 961.67 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება:

ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები;

ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას;

დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში;

ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან;

ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება (რეგისტრირდებიან) ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად (პარტნიორებად).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:

1. საგადასახდო დავალიანების ჩამოწერის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას.

2. დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები:

ა.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;

ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ა.გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ;

ა.დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ;

ა.ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფილიალის ლიკვიდატორად დაინიშნა 2023 წლის აპრილში, რის შემდგომაც მოიძია მისი აქტივები და პასივები. შედეგად დადგინდა, რომ ფილიალს აქტივები არ გააჩნდა არც უძრავი და მოძრავი ქონება, არც მოთხოვნები მესამე პირის მიმართ, არც წილები და ა.შ, აღნიშნული დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილიდან. ასევე, საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებთან დაკავშირებით გამოითხოვა ინფორმაცია ბანკებიდან, მიღებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ფილიალს არ გააჩნია თანხები ანგარიშებზე, ამასთან ფილიალი აღარ აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას. ამდენად, დღეს ფილიალი არის უქონელი სუბიექტი. რაც შეეხება, პასივებს, დავალიანების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საგადასახადო ორგანოდან, საიდანაც მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ ფილიალს გააჩნია 2017 წლის საგადასახადო შემოწმების შედეგად წარმოშობილი დავალიანება 71 961 ლარის ოდენობით. ამდენად, ვალის მართვის დეპარტამენტს გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები, რათა განეხილა ფილიალის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი, შესაბამისად მას ფილიალი უნდა მიეჩნია ქონების არმქონე პირად და გაეცა დადებითი დასკვნა საგადასახადო დავალიანების ჩამოსაწერად.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას ვალის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 66-ე მუხლის და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გაწერილია გადასახადის გადამხდელის შესახებ რა სახის ინფორმაცია უნდა იქნეს შესწავლილი დასკვნის მოსამზადებლად და ერთ-ერთს წარმოადგენს ინფორმაცია გააჩნია თუ არა პირს ქონება და აქტივები, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელის მიერ წარდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით ფილიალის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამასთანავე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემები არ იძლევა პირის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარდგენილ იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია ან/და უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილი ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ხსენებულ პირობას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილში მითითებულ გარემოებაზე, რომ ვინაიდან საჯაროო რეესტრის სააგენტოსთვის გადაცემული მონაცემთა ელექტრონული ბაზა რიგ შემთხვევებში შეიცავდა ხარვეზებს, 2010 წლის 1 იანვრამდე წარმოებულ მეწარმეთა და არასმეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში არსებობს შესაძლო უზუსტობის გარკვეული ალბათობა. ასევე, მიუთითებს, რომ 11.07.2016 წლის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უცხოური საწარმოს ფილიალი სს „-------“-ის რეგისტრაციის თარიღია 11.07.20216 წელი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, კერძოდ ვალის მართვის დეპარტამენტი ეყრდნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 7.06.2023 წლის №118616 წერილში მითითებულ გარემოებას, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში არსებული მონაცემები არ იძლევა პირის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, თუმცა ამავე წერილში მითითებულია, რომ შესაძლო უზუსტობის გარკვეული ალბათობა არსებობს 2010 წლის 1 იანვრამდე წარმოებულ მეწარმეთა და არასმეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში, ხოლო ფილიალი რეგისტრირებულია 11.07.20216 წელს, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 8.01.2024 წლის №49 ბრძანება;

3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგნს უარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

29.09.2023 წელს №164331/21 განცხადებით კომპანიის ლიკვიდატორმა მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ განხილული იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადება თანდართული დოკუმენტაციითა და შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რასთან დაკავშირებითაც გადასახადის გადამხდელს წერილით ეცნობა, რომ ვალის მართვის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს კომპანიის მიმართ რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი.

ვალის მართვის დეპარტამენტის წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 8.01.2024 წლის №49 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 252

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი 66