ბრძანება N 34771
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 34771
25/11/2020
უსფ(წ) -------------- ს
(მის.: ქ. ------------- )
2020 წლის 29 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 04 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა უსფ(წ) ----- ს 2020 წლის 29 აგვისტოს №52965/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 ივლისის №006-351 „საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება უსფ(წ) ----- ს გაერთიანებული საწარმოს ჭრილში ხარჯების გადანაწილებაზე გამოწერილი ა/ფაქტურების ჩათვლებიდან ამოღების საკითხს და აცხადებს რომ თუ ლიდერი საწარმოს მიერ გადმოწერილი ხარჯი არის მხოლოდ ხარჯების გადანაწილება და არა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, მაშინ უნდა მოხდეს უსფ(წ) ----- ს მიერ პირველ ეტაპზე შინაარსობრივად ზუსტად იმავე ოპერაციაზე დარიცხული დღგ-ის გაუქმება. ასევე ხარჯების ამ სქემით გადანაწილების გარეშე დაირღვევა მოგების განაწილების მთლიანი სტრუქტურა და ადმინისტრირება გართულდება ერთობლივი საწარმოს დანარჩენ წევრებშიც. ამასთან დამატებით აღნიშნავს, რომ ერთობლივი საწარმოს წევრთა ზემოაღნიშნული სქემით მუშაობა მათემატიკურად არ არღვევს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორეს და მისი შეცვლა წარმოქმნის სერიოზულ ტექნიკურ პრობლემებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 14 თებერვლის №3624 ბრძანების საფუძველზე უსფ(წ) ----- ს ჩაუტარდა კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 21 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2020 წლის 27 ივლისს გამოსცა №21404 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2020 წლის 28 ივლისის №006-351 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 311 886 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 207 594 ლარი, ჯარიმა 103 797 ლარი და საურავი 495 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ დამატებით გადასახადების დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელი წარმოადგენს ------ რი კომპანია შპს ,--------“ ფილიალს საქართველოში, რომლის ძირითადი საქმიანობაა ინფრასტრუქტურული სამუშაოების დიზაინი და ზედამხედველობა. საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში 2017 წლის ივნისის თვეში საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტსა და ერთობლივ საწარმოს შორის, რომელიც შედგება სამი ------ საწარმოსგან: შპს ,,------“, შპს ,,-------“ და შპს ,,-----“ გაფორმდა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე, კერძოდ ---- მაგისტრალის მონაკვეთისთვის ---- ტექნიკური განხორციელებადობის ანალიზისა და დეტალური პროექტის მომზადების შესახებ. ერთობლივი საწარმოს წევრებმა აიღეს ვალდებულება, რომ მომსახურების ხელშეკრულებით მოთხოვნილ საქმიანობას შეასრულებდნენ საქართველოს ფილიალების მეშვეობით (მათ შორის -----ს ფილიალი საქართველოში). საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტთან ურთიერთობაში წამყვან წევრს წარმოადგენს შპს ,,-------“, რომლის ფილიალის მეშვეობითაც ხდება პროექტის მართვა, კერძოდ იგი ამზადებს და დამკვეთს წარუდგენს ანგარიშ-ფაქტურებს ყველა წევრის მიერ გაწეული მომსახურების მთლიან თანხაზე და შესაბამისად იღებს ანაზღაურებას. თავის მხრივ უსფ(წ) ----- ახორციელებს ცალკეულ საპროექტო სამუშაოებს, მათ შორის დედა კომპანიისა და სხვა ადგილობრივი საწარმოების მეშვეობით და შესრულებულ სამუშაოებს აწვდის წამყვან წევრს. რომელიც ახდენს ყველა დანახარჯის აკუმულირებას და წევრებს შორის მათ შემდგომ გადანაწილებას წინასწარ განსაზღვრული პროპორციით. ერთობლივი საწარმოს მისაღები მოგების განაწილების პროცენტულობა შემდეგია: შპს ,,----- 40%, შპს ,,------ 30% და შპს ,,-----30%. შესამოწმებელ პერიოდში უსფ(წ) ----- მოახდინა შპს ,,------“-ის ფილიალისთვის შესრულებული სამუშაოების მიწოდება, რომლის ღირებულებაც შესაბამისად დაბეგრა დღგ-ით. ამავე თვეში უსფ(წ) ----- ს მიღებული აქვს ჩათვლები შპს ,,------„-ის ფილიალისგან მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე 207 594 ლარის ოდენობით. ანგარიშ-ფაქტურაში დაფიქსირებული თანხები წარმოადგენს 2019 წლის იანვრის თვიდან ამავე წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შპს ,,------“-ის ფილიალის მიერ მიღებული მომსახურებებისა (მ.შ გაერთიანებული საწარმოს წევრებისგან მიღებული) და მის მიერ გაწეული ხარჯების (ხელფასები, კურსთაშორის სხვაობები, საკანცელარიო და სხვა ტიპის ხარჯები) ჯამის ნამრავლს 30%-ზე (-------ს წილი პროექტიდან მისაღებ მოგებაში).
აღნიშნულის გათვალისწინებით დგინდება, რომ შპს ,,------“-ის ფილიალის მიერ უსფ(წ) ---------ს თვის ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია არა მომსახურების შესრულებაზე, არამედ ემსახურება გაერთიანებული საწარმოს ჭრილში ხარჯების გადანაწილებას წინასწარ განსაზღვრული პროპორციით, რაც უზრუნველყოფს გასანაწილებელი თანხების გასწორებას შიდა მიზნებისთვის. შესაბამისად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის180-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია, რომ სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ოპერაციის მონაწილე მხარეთა შორის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია არ განხორციელებულა და შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, დადასტურებულია, რომ მხარეთა შორის განხორციელებული ოპერაცია განსხვავებული შინაარსის მატარებელია და ემსახურება პირთა შორის ხარჯების გადანაწილებას. შესაბამისად აღნიშნული სადავო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ჩათვლის მიღება არამართლზომიერია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. უსფ(წ) ----- საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ხარჯების გადანაწილებაზე გამოწერილი ანგარიშ/ფაქტურების ჩათვლიდან ამოღების საკითხს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში გაფორმდა ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურებაზე, ერთობლივი საწარმოს წევრებმა აიღეს ვალდებულება, რომ საქმიანობას შეასრულებდნენ საქართველოს ფილიალების მეშვეობით. თავის მხრივ მომჩივანი უსფ(წ) ახორციელებს ცალკეულ საპროექტო სამუშაოებს, შესრულებულ სამუშაოებს აწვდის წამყვან წევრს. რომელიც ახდენს ყველა დანახარჯის აკუმულირებას და წევრებს შორის მათ შემდგომ გადანაწილებას წინასწარ განსაზღვრული პროპორციით. მომჩივანმა უსფ(წ)-მ მოახდინა ხსენებული ერთობლივი საწარმოების წამყვანი წევრის ფილიალისთვის შესრულებული სამუშაოების მიწოდება, რომლის ღირებულებაც დაბეგრა დღგ-ით. ამავე თვეში მომჩივან უსფ(წ)-ს მიღებული აქვს ჩათვლები წამყვანი წევრის ფილიალისგან მიღებული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე.
დგინდება, რომ ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია არა მომსახურების შესრულებაზე, არამედ ემსახურება გაერთიანებული საწარმოს ჭრილში ხარჯების გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს გასანაწილებელი თანხების გასწორებას შიდა მიზნებისთვის. შესაბამისად საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1); 174(2); 180(1)