ბრძანება N 4397

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.03.2023
№ დოკუმენტი 4397
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 4397

07.03.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ---------- )

2022 წლის 30 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №14) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 30 დეკემბრის საჩივარი №77740/1/2022, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №094-103 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება ჩამოწერილი, ვადაგასული და შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ მათ მიერ დარღვეულია მხოლოდ ჩამოწერისთვის საჭირო პროცედურული მოთხოვნები, თუმცა ყველა ჩამოწერაზე საწარმოს მიერ დგება კომისიურად აქტი. ამასთან, გაყიდვაში/დისტრიბუციაში ჩაშვებულ საქონელზე, რომელსაც გაუვიდა ვადა ან/და უვარგისი გახდა სარეალიზაციოდ, იწერება უკან დაბრუნების ზედნადებები. აღნიშნავს, რომ გადასახადისგან თავის არიდების მცდელობას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან აღნიშნული საქონელი ასახულია ბუღალტერიაში და დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში. ითხოვს როგორც მოგების, ისე საწარმოს მიერ დეკლარირებული დღგ-ის გაუქმებას და პროცედურული დარღვევისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის გამოყენებას. ასევე მიუთითებს, რომ თუ არ მოხდება ზემოაღნიშნული არგუმენტების გათვალისწინება, დაბეგვრა განხორციელდეს შესაძლო სარეალიზაციო ფასით ან სიმბოლურ ფასად 1 ლარად, ან თვითღირებულებით.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 მაისის №12438 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 5 დეკემბრის №30577 ბრძანება და 6 დეკემბრის №094-103 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 241 236 ლარი, მათ შორის, გადასახადი 125 708 ლარი, ჯარიმა 62 854 ლარი და საურავი 52 674 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 36 423 494 ლარს, საიდანაც 34 836 480 ლარი ადგილობრივი რეალიზაციაა, 914 063 ლარი-ექსპორტი, 675 591 ლარი-საქონლის ჩამოწერა. საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებით, ჩამოწერენ მობრუნებულ და საწარმოო პროცესში გაფუჭებულ საქონელს, აღნიშნულზე დგება ჩამოწერის აქტი (შიდა აქტი, რაზეც ხელს აწერს დირექტორი და საწარმოს სხვა თანამშრომლები) და საბაზრო ფასით ხდება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა, რაც ასევე დასტურდება ბუღალტრული პროგრამითაც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელმა არ მიმართა საგადასახადო ორგანოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოსაწერის თაობაზე, დამოუკიდებლად განახორციელა აღნიშნული ქმედება, დღგ-ს მიზნებისთვის აღიარა მიწოდებად, თუმცა არ დაბეგრა მოგების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, შემოწმების მიერ, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო არასწორად დაბეგრილი თანხა შეუმცირდა.“

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისთვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერისას გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს შეატყობინოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის (სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების მითითებით) შესახებ და ჩამოწერა განახორციელოს მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი დადასტურების შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასევე აუდიტის დეპარტამენტიდან მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ საწარმოს მიერ, მისივე წარმომადგენილის განმარტებით, ხორციელდება მობრუნებული და საწარმოო პროცესში გაფუჭებული საქონელის ჩამოწერა, რასთან დაკავშირებითაც დგება ჩამოწერის შიდა აქტი და საწარმოს მიერ საბაზრო ფასით აისახება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ასევე, საწარმოს წარმომადგენლის განმარტებით, პროდუქტის უსაფრთხოების მაჩვენებელი იძლევა ასეთი პროდუქციის ტექნოლოგიურ პროცესში რეციკლირების მეთოდით შერევის საშუალებას ახალ წარმოებულ პარტიასთან, რაც არ აისახება ახალი ნაწარმოები პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებელზე, ნედლეულის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით ხორციელდება უკვე გამზადებული პროდუქციის მეორადი გადამუშავება და ახალი სახის პროდუქციის მიღება. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი პროგრამულად ვერ ასახავდა უკან მობრუნებული და საწარმოო პროცესში გაფუჭებული პროდუქტიდან რა ნაწილს იყენებდა კვლავ წარმოებაში, საბუღალტრო პროგრამაში ჩამოწერილი აქვს 964 389 ლარის თვითღირებულების პროდუქტი, შემოწმების მიერ დაბეგრილია 672 951 ლარის პროდუქტი, რომელსაც გადასახადის გადამხდელის მიერ მინიჭებული ჰქონდა კვალიფიკაცია ,,სხვა დასაბეგრი ოპერაცია“.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.