ბრძანება N 32198-4

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.10.2020
№ დოკუმენტი 32198-4
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 32198

28/10/2020

-------------------

(მის.: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 07 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №74) განიხილა -------- ს №108241/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 22 მაისის №005-84 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

არ ეთანხმება კომპანიის დირექტორის მიერ კომპანიისათვის აუნაზღაურებელი სესხის თანხების და გადახდილი ხელფასის თანხების, რომლებიც არ იყო დაბეგრილი, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ კომპანიის მონაცემებით დირექტორის მიერ სესხი სრულად არის ანაზღაურებული და ასევე სრულად არის დაბეგრილი გადახდილი ხელფასის თანხები. განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგენენ შესაბამის ინფორმაციას. ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის №15624 და 2020 წლის 19 მარტის№8386 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01 ოქტომბრიდან 2020 წლის 01 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 18 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 22 მაისის №13608 ბრძანება და 2020 წლის 22 მაისის №005-84 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 54629 ლარი, მათ შორის: გადასახადი 38705 ლარი, ჯარიმა 8141 ლარი, საურავი 7783 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს სესხი ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ დირექტორზე 82375 ლარის ოდენობით, რომლიდანაც 2016 წლის აპრილის თვეში ანაზღაურებულია ძირი თანხა 19000 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე გადახდა განხორციელებულია 2017 წლის ოქტომბრის თვეში 55229 ლარის ოდენობით და ამ ოპერაციით გაქვითულია მოთხოვნა და ვალდებულება. შემოწმების შედეგად, სესხის ხელშეკრულებიდან დარჩენილი აუნაზღაურებელი თანხა 8146 ლარი ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, ხოლო 2017 წლის საანგარიშო პერიოდში გაეზარდა გადახადის წყაროსთან დასაბეგრი განაცემები.

შემოწმებით დადგენილია ასევე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში შემცირებულია საქართველოს საგადასახადო 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გაცემული აქვს სესხი ანგარიშვალდებულ პირზე, კერძოდ დირექტორზე 82375 ლარის ოდენობით, რომლიდანაც პირის მიერ დაბრუნდა თანხის ნაწილი, ხოლო საწარმოს მიერ სრულად იქნა გაუქმებული ანგარიშვალდებულ პირზე არსებული მოთხოვნა.

ასევე, შემოწმებით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში შემცირებულია საქართველოს საგადასახადო 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ------- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება კომპანიის დირექტორის მიერ კომპანიისათვის აუნაზღაურებელი სესხის თანხების და გადახდილი ხელფასის თანხების, რომლებიც არ იყო დაბეგრილი, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის მიხედვით დადგინდა, რომ გადამხდელს გაცემული აქვს სესხი დირექტორზე, რომლიდანაც პირის მიერ დაბრუნდა თანხის ნაწილი, ხოლო საწარმოს მიერ სრულად იქნა გაუქმებული ანგარიშვალდებულ პირზე არსებული მოთხოვნა. შემოწმების შედეგად, სესხის ხელშეკრულებიდან დარჩენილი აუნაზღაურებელი თანხა ჩაითვალა ანგარიშვალდებული პირის სარგებლად და სსკ-ს 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.

შემოწმებით დადგენილია ასევე, რომ გადამხდელის მიერ 2017 წლის საანგარიშო პერიოდში შემცირებულია სსკ-ს 154-ე მუხლის მიხედვით გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული განაცემები. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9); 101(1); 154(1,,ა“); 275(2)