გადაწყვეტილება №86393/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№86393/1/2023
28 თებერვალი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ -ის “ 29.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №86393/1/2023).
დავის საგანი:
1. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
2. დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 80 258 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 47 048
ჯარიმა - 23 524
საურავი - 9 686
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №12299 ბრძანება და №249-8 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 80 258 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, კორექტირებული/გაუქმებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრის დანართად წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 დეკემბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
28.12.2023 წელს გადასახადის გადამხდელმა კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანების გაუქმების და საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით, დავის განახლების მოთხოვნით. აღნიშნული საჩივარი, 29.12.2023 წელს, საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისამებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №10372 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2023 წლის 30 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი, 2023 წლის 2 ივნისის №12299 ბრძანება და №249-8 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 7 ივლისს. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საწარმოს საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვებას.
გადასახადის გადამხდელს შემოწმების შედეგად დამატებით დაერიცხა დღგ და შესაბამისი ჯარიმასაურავი. საწარმოს მიერ საჩივრის სახით წარდგენილი იქნა პოზიცია კონკრეტული საანგარიშო თვის დარიცხვასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2022 წლის თებერვლის თვეში შესრულდა საქონლის უკან დაბრუნების ოპერაცია, გაიწერა შესაბამისი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხდა შესაბამისი დღგ-ის კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის გაწერა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26344 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს დაევალა კორექტირების ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აღნიშნულ პერიოდზე დარიცხული დღგ-ის თანხის შემცირება. თუმცა, აღნიშნული ვერ მოხერხდა, რადგანაც პერიოდი არის საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებული, გადასახადის გადამხდელს არ აქვს უფლება მისი კორექტირების და გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან შეზღუდულია შესაბამისი ფუნქცია. ფაქტი ეცნობა შემმოწმებელს. საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული მიაჩნია ახლად აღმოჩენილ ან/და ახლად გამოვლენილ ფაქტად. გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად გაიგზავნა განაცხადი (იხ. დანართი), რომ მიეღო უფლება ფაქტურის გაწერის (მიმდინარეობს განხილვა).
მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი პოზიცია. დანართების სახით წარმოადგენს შესაბამისი დოკუმენტებს და სქრინებს, საიდანაც ნათელი ხდება ხარვეზის შესახებ. მომჩივანი ითხოვს გაუუქმდეს „სპეციალური რეჟიმი“, ასევე შეჩერებულ იქნას ვადის დინება საკითხის ამოწურვამდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი პირველი დავის საგნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, მე-2 დავის საგნის ნაწილში უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის №249-8 საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 7 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.10.2023 წლის №26344 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 დეკემბერს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 27 დეკემბრის №33112 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. წარმოდგენილი საჩივრით გადასახადის გადამხდელი ითხოვს დავის განახლებას საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის შესაბამისად, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით.
საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დავის განმხილველი ბოლო ორგანო, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე, არის შემოსავლების სამსახური, შესაბამისად, საჩივარი დავის განახლების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძველზე, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1.საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლების მოთხოვნის ნაწილში, განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
2. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვებას.მომჩივანი ითხოვს გათვალისწინებულ იქნას მისი პოზიცია.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება.გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში არასრულად იყო დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დავის განმხილველი ბოლო ორგანო, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე, არის შემოსავლების სამსახური, შესაბამისად, საჩივარი დავის განახლების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის საფუძველზე, განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301.