ბრძანება N 9519
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9519
02.05.2023
შპს „-----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------------)
2023 წლის 29 იანვრის და 12 აპრილის საჩივრების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 მარტს (ოქმი №34) და 13 აპრილს (ოქმი №40) გამართულ სხდომებზე განიხილა შპს „---------“ (ს/ნ -------) №78684/1/2023 და №80331/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №007-400 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონებების რეალიზაციაზე შემოწმებით გაანგარიშებულ დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას.
2. არ ეთანხმება, ასევე, შემოწმებით გაანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.
3. აცხადებს, რომ შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია არარეზიდენტ პირზე გადახდილი სესხის ძირის დაფარვა, რაც არასწორია და არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას.
4. არ ეთანხმება შემოწმებით კომპანიის მიერ თანამშრომელ ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის №17616 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 29 დეკემბრის №33597 ბრძანება და ამავე თარიღის №007-400 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 733 782 ლარი, მათ შორის გადასახადი 381 982 ლარი, ჯარიმა 191 644 ლარი და საურავი 160 156 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „---------“ საქმიანობის საგანს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ქ. ------ში, ----------- N----სა და N----ში. ორივე კორპუსის მშენებლობა დასრულებულია და ერთ-ერთი მათგანი (--------- საკადასტრო კოდზე აშენებული) 2018 წლის 20 ივნისის ბრძანების საფუძველზე მიღებულია ექსპლუატაციაში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პერიოდში ფიქსირდება ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლება გადასულია მეორე მხარეზე. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 22 აგვისტოს N22930 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციზე დაყრდნობით, საკომპენსაციო თანხები („ავანსები“) მიღებულია 2014, 2015 და 2016 წლებში. უძრავი ქონების ნაწილზე საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის მიხედვით, 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში მიღებული საკომპენსაციო თანხები კომპანიას არ აქვს ასახული შესაბამისი პერიოდის დღგის დეკლარაციის შესაბამის გრაფაში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით გაანალიზდა პირის მიერ წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული საკომპენსაციო თანხები. წინა საანგარიშო პერიოდებში დაბეგრილი საკომპენსაციო თანხების გათვალისწინებით კი განისაზღვრა მიმდინარე საანგარიშო პერიოდებში საქონლის მიწოდების დარჩენილი თანხის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით გაანგარიშდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მიმდინარე პერიოდში მიღებული საკომპენსაციო თანხების, საქონლის მიწოდების თანხებისა და განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხების საფუძველზე. პირს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
2. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა ხელფასისა და ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების ნაწილში. შემოწმებით დადგენილი მონაცემი განსხვავდება კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
3. შპს „--------“ მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების შესწავლით დადგინდა, რომ პირს უფიქსირდება არარეზიდენტ პირებზე პროცენტის გადახდა, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მიხედვით, პირს უფიქსირდება ----------ზე სესხის გაცემა. ამასთან, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ------------ წარმოადგენს შპს „--------“ დაქირავებულ პირს. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული სესხი საგადასახადო შემოწმების პროცესში განხილულია როგორც თანამშრომელზე გაცემული უპროცენტო სესხი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი პირველი, მეორე და მეოთხე სადავო საკითხების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო საჩივარი მესამე სადავო საკითხის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შპს „----------“ მიერ 2023 წლის 12 აპრილს წარმოდგენილი იქნა კორესპონდენცია №80331/1/2023, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი უარს აცხადებს პირველ, მეორე და მეოთხე სადავო საკითხებთან დაკავშირებით დავის გაგრძელებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს საჩივარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---------“ (ს/ნ --------) საჩივრები პირველ, მეორე და მეოთხე სადავო საკითხებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 131-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ან რეზიდენტის მიერ ან მათი სახელით ფიზიკური პირისთვის ან საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტისთვის გადახდილი პროცენტი იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, კერძოდ პროცენტები ამ კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, სს „ვითიბი ბანკის“ ამონაწერის მიხედვით ჯამში შემოწმებით დაბეგრილია 568 750 ლარი, როგორც არარეზიდენტზე გადახდილი სესხის პროცენტი, რეალურად კი აღნიშნული წარმოადგენს სესხის ძირის დაფარვას.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივრები პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
2. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივრები მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები,ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება უძრავი ქონებების რეალიზაციაზე შემოწმებით გაანგარიშებულ დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას.
2. არ ეთანხმება, ასევე, შემოწმებით გაანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზას.
3. აცხადებს, რომ შემოწმებით საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილია არარეზიდენტ პირზე გადახდილი სესხის ძირის დაფარვა, რაც არასწორია და არ შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობას.
4. არ ეთანხმება შემოწმებით კომპანიის მიერ თანამშრომელ ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოწმებით გაანგარიშდა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდების დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები მიმდინარე პერიოდში მიღებული საკომპენსაციო თანხების, საქონლის მიწოდების თანხებისა და განაშთვის შედეგად დარჩენილი თანხების საფუძველზე. პირს განესაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
2. გაანგარიშდა პირის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა ხელფასისა და ანაზღაურებული მომსახურების ღირებულების ნაწილში. შემოწმებით დადგენილი მონაცემი განსხვავდება კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
3. პირს უფიქსირდება არარეზიდენტ პირებზე პროცენტის გადახდა, რომელზეც არ აქვს შესრულებული საგადასახადო კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულება. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
4. პირს უფიქსირდება სესხის გაცემა ფიზიკურ პირზე, რომელიც წარმოადგენს საწარმოს დაქირავებულ პირს. შემოწმების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აღნიშნული სესხი საგადასახადო შემოწმების პროცესში განხილულია როგორც თანამშრომელზე გაცემული უპროცენტო სესხი, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები პირველ, მეორე და მეოთხე სადავო საკითხებთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საკუთარი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 131(1), 134(1), 154(1"გ"), 301"ა", 304(1"დ").