გადაწყვეტილება №22518/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22518/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 10.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22518/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19521 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 დეკემბრის №007-440 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 21 თებერვლის №3665 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 982 094 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 610 991
დღგ - 8 394
მოგების გადასახადი - 183 445
საშემოსავლო გადასახადი - 1 357
ქონების გადასახადი - 417 795
ჯარიმა - 182 040
საურავი - 189 063
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9684 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებული ჰქონდა ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახული ძირითადი საშუალებების საბალანსო ღირებულებით, რომელთა მიმართაც არ ახდენდა ბასს-ით გათვალისწინებულ გადაფასებას. ამასთან, საწარმოს არ გააჩნდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული შენობა-ნაგებობის რეალური (საბაზრო) ღირებულების შეფასების დასკვნა. შესაბამისად, შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ ჩატარდა ქონების შეფასების ექსპერტიზა და შედგა 2022 წლის 23 დეკემბრის დასკვნა №56635/12/22. აღნიშნულ დასკვნაში ასახული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბალანსო ღირებულებისაგან. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 202-ე, 204-ე მუხლების გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30- ე დღიდან, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33738 ბრძანება და №007-403 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 458 014 ლარი. ასევე, 2023 წლის 27 იანვრის სავადო თარიღით განესაზღვრა ქონების გადასახადი - 509 222 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 25 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
- ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანება 26.08.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 1.12.2023 წლის №20677/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19521 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2023 წლის დასკვნა, 28.12.2023 წლის №33748 ბრძანება და 29.12.2023 წლის №007-440 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა გადასახადი 91 427 ლარით.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 21 თებერვლის №3665 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე.
● პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შპს „-------“ და ------- დასკვნები, რომელთა მიხედვითაც შპს „-------“ კუთვნილი ქონება შეფასდა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. შედეგად, შემოწმების მიერ, ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა.
● საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
ამდენად, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ქონების/მიწის გადასახადის განსაზღვრა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 56635/12/22 დასკვნის საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულია ქონების არარეალური საბაზრო ფასები, იმდენად რომ მისი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია, რაზეც მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა ალტერნატიული, კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა. აღნიშნული დასკვნები შედგენილია 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე და მასში მითითებული ქონება შეფასებულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ. მიუხედავად ამისა, შემმოწმებლებმა აღნიშნული დასკვნით არ გადაიანგარიშეს 2019 და 2021 წლის საანგარიშო პერიოდები ყოვლად გაურკვეველი მიზეზების გამო. ამასთან, მათ მიერვე შემოწმების პერიოდში შედგენილი დასკვნა არის ანალოგიური, ერთ-ერთ სანგარიშო პერიოდზე ფასები მოცემულია დოლარში და აღნიშნული ფასი გამოყენებულია ყველა შესამოწმებელ პერიოდზე დოლარის კურსის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში კი აშკარად ადგილი აქვს უსამართლო და არა გულისხმიერ მიდგომას, ვინაიდან აღნიშნულ ქონებას იგივე საბაზრო ღირებულება აქვს სხვა შესამოწმებელ პერიოდებშიც. მეტიც, 2019 და 2021 წლებში პირიქით საყოველთაოდ ცნობილი გარემოებების გამო, როგორიცა პანდემია, უძრავი ქონების ფასები უფრო შემცირდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარდგენილი დასკვნების საფუძველზე მოახდინოს აუდიტის დეპარტამენტმა დარიცხული თანხების გადაანგარიშება ქონების გადასახადის ნაწილში. მით უფრო მაშინ, როდესაც მათი სამსახურის ექსპერტების მიერ შეფასება 2-ჯერ და მეტჯერ აღემეტება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებში ასახულ ღირებულებებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მომჩივნის მიერ წარდგენილ დასკვნებს აქვთ გამოყენების ვადა, რომელიც დადგენილია თავად შემოსავლების სამსახურის მიერ.
დავის განხილვის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნება ექსპერტის შეფასებები, დასკვნები კომპანიის სრულ ქონებაზე მთელი შესამოწმებელი პერიოდისთვის.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანებით:
- ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარუდგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, შპს „-------“ (ს/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) დასკვნები, რომელთა მიხედვითაც კომპანიის კუთვნილი ქონება შეფასდა 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. შედეგად, ქონების გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაანგარიშების შედეგად მომჩივანს შეუმცირდა გადასახადი 91 427 ლარით.
გადასახადის გადამხდელმა, დავების განხილვის საბჭოში, 2024 წლის 26 მარტს დამატებით წარმოადგინა ქონების შეფასების დასკვნები (შპს „-------“ და -------), რასთან დაკავშირებითაც აუდიტის დეპარტამენტი განმარტავს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არ არის სრულყოფილი შემდეგ გარემოებათა გამო:
ს/კ -------, -------, -------, ------- და ------- - წარმოდგენილია მხოლოდ 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე;
ს/კ ------- – წარმოდგენილია მხოლოდ 2021 წლის პერიოდზე;
ს/კ ------- - აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასებით (დასკვნის ეტაპზე 14.11.2023) 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე შეადგენდა 341 194 ლარს (სამხარაულის დასკვნა), ხოლო ბოლოს წარმოდგენილი მონაცემებით - 2019 წლის საანგარიშო პერიოდზე 78 600 ლარს (-------). ამასთან, 2021 წლის მონაცემები არ არის წარმოდგენილი.
ს/კ ------- - წარმოდგენილ დასკვნაში ვერ მოხერხდა მონაცემების იდენტიფიცირება
ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 აგვისტოს №19521 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის 8.08.2023 წლის №19521 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ ჩატარდა ქონების შეფასების ექსპერტიზა და შედგა დასკვნა. აღნიშნულ დასკვნაში ასახული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საბალანსო ღირებულებისაგან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთან, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის ჯარიმა არ დაეკისრა.
შემოწმების აქტის საფუზველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202; 269(7)