გადაწყვეტილება №24878/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.04.2025
№ დოკუმენტი 24878/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24878/2/2025

01 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 6.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24878/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2025 წლის №EL274902 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3444 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 461.10 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

27.01.2025 წელს საფოსტო გადამზიდავ შპს „-------“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ------- სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №----- და №------ საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება, ჯამური ღირებულებით - 160 ლარი.

მომჩივნის კუთვნილი საფოსტო გზავნილები დეკლარირებული იყო ჯამში 160 ლარად, მათი ზოგადი დეკლარირება განხორციელდა საფოსტო გზავნილების დეკლარაციით, რომელიც საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტთან ერთად, წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად. მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა საფოსტო გზავნილების ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ, 160 ლარის ნაცვლად, საფოსტო გზავნილებში განთავსებული საქონლის ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტების თანახმად, შეადგინა ჯამურად 740 აშშ დოლარი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება 461.10 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტის გამო, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, საბაჟო დეპარტამენტის 4.02.2025 წლის №EL274902 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 461.10 ლარის ოდენობით.

საფოსტო გზავნილზე საბაჟო ფორმალობები არ არის დასრულებული და საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.02.2025 წლის №3444 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-5 ქვეპუნქტზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმების ანალიზით, ნათელია, რომ მომჩივანი არის ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი), რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე შევსებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი კი თავის მხრივ ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას, რისთვისაც იგი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების (მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის) მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

საგულისხმოა ასევე, რომ იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო მომჩივანი წარსულშიც არის დაჯარიმებული. ამასთან მას უფიქსირდება ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილების სახით მიღების მრავალი ფაქტი. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღების (დეკლარანტის) ვალდებულებები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

-------, კერძოდ --------იდან, გამოიწერა 2 ცალი მანქანის ფარი, საერთო ღირებულებით 740 აშშ დოლარი.

კომპანია ----------ის დახმარებით, სახმელეთო გზით ჩამოუვიდა ორი ამანათი. ტრანზაქცია მოხდა ერთჯერადად, ხოლო გამყიდველმა ტვირთი გამოგზავნა ორ გზავნილად, რაც პრაქტიკაში აქამდე არ ჰქონია. ამანათის თრექინგის ნომრებია -------- და --------. რადგან ერთი ინვოისი ჰქონდა და იყო ორი გზავნილი, დეკლარირება ვერ მოახერხა და გადამზიდის შუამავლობით, საბაჟო დეპარტამენტს გადაუგზავნა ყველა საჭირო დოკუმენტი.

მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ ის ფაქტი, თითქოს არასწორი თანხით მოახდინა საქონლის დეკლარირება, არ შეესაბამება სიმართლეს. დეკლარაცია გადამზიდი კომპანიის საიტზე არ შეუვსია, რაც ასევე ჩანს მის პირად კაბინეტში. გადამზიდი კომპანია სატელეფონო საუბრისას უდასტურებს, რომ არასწორად კი არა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ნივთების დეკლარირება. შესაბამისად, მიაჩნია, რომ გზავნილები მის მიერ არასწორად ვერ იქნებოდა დეკლარირებული. ნივთების დეკლარირება შეეძლო მათი ჩამოსვლიდან არაუგვიანეს 30 დღეში, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მაინც მოხდა მომჩივნის დაჯარიმება

მომჩივანს საქმეზე თანდართული აქვს (CD დისკი):

ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს ამანათების ღირებულება;

--------- ში განხორციელებული აუდიო ზარის ჩანაწერი, სადაც უდასტურებენ, რომ ამანათები მის მიერ არ არის დეკლარირებული;

--------- -ში განხორციელებული აუდიო ზარის ჩანაწერი, სადაც მენეჯერი უდასტურებს, რომ მათი მხრიდან მოხდა მომჩივნის ამანათების დეკლარირება;

მეილზე მიმოწერის ასლები, სადაც ჩანს, თუ რა დოკუმენტაციას სთხოვდა ---------ის წარმომადგენელი, საიდანაც დასტურდება ამანათების რეალური ღირებულება და არა ის, რაც დეკლარაციაშია მითითებული.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმისა და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.

ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტების თანახმად:

1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).

2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საბაჟო ორგანოს.

ამავე ინსტრუქციის მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი №8-VIII-04) – საფოსტო გზავნილებზე, რომლითაც შემოტანილი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია), ხოლო მე-5 პუნქტით კი დადგენილია, რომ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდავი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

მომჩივნის განმარტებით, -------- გამოიწერა 2 ცალი მანქანის ფარი, საერთო ღირებულებით 740 აშშ დოლარი. კომპანია --------ის დახმარებით, სახმელეთო გზით ჩამოუვიდა ორი ამანათი. ტრანზაქცია მოხდა ერთჯერადად, ხოლო გამყიდველმა ტვირთი გამოაგზავნა ორ გზავნილად, რაც პრაქტიკაში აქამდე არ ჰქონია. რადგან ერთი ინვოისი ჰქონდა და იყო ორი გზავნილი, დეკლარირება ვერ მოახერხა და გადამზიდის შუამავლობით, საბაჟო დეპარტამენტს გადაუგზავნა ყველა საჭირო დოკუმენტი.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი), რომელიც თავის მხრივ ვალდებულია, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე შევსებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდავი კი თავის მხრივ ავსებს საფოსტო გზავნილების დეკლარაციას, რისთვისაც იგი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების (მოცემულ შემთხვევაში მომჩივნის) მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

საგულისხმოა ასევე, რომ იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო, მომჩივანი წარსულშიც არის დაჯარიმებული. ამასთან, მას უფიქსირდება ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილების სახით მიღების მრავალი ფაქტი. შესაბამისად, მისთვის სრულყოფილად იყო ცნობილი საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღების (დეკლარანტის) ვალდებულებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საფოსტო გადამზიდავ შპს-ს მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, მომჩივანის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ზოგადი დეკლარირება. ზოგადი დეკლარირება განხორციელდა საფოსტო გზავნილების დეკლარაციით, რომელიც საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტთან ერთად, წარმოადგენს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად. მებაჟე-ოფიცრის მიერ ამანათზე საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას კი გამოვლინდა საფოსტო გზავნილების ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მომჩივნის მიმართ გამოყენება კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;13(2); 163(1);167(1);