გადაწყვეტილება №21836/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21836/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21836/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21836/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 9.11.2023 წლის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32161 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 33 268.64 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 19 720

ჯარიმა - 9 861

საურავი - 3 687.64

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობაა ხე-ტყის მასალით ვაჭრობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე შპს „------------“- ის ხელმძღვანელი პირების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე. საწარმო საქონლის შეძენას ახდენდა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის გზით, ხოლო, რეალიზაციას მხოლოდ ადგილობრივად. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის დამუშავებით დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის უფიქსირდებოდა პარტნიორთა კაპიტალი 101 281 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა 2021-2022 წლებში ანაზღაურებული იყო სალაროდან კაპიტალის შემცირების დანიშნულებით. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კაპიტალის შეტანის მიზნობრიობას წარმოადგენდა საქონლის შეძენა, ვინაიდან საწარმოს არ ჰქონდა საკმარისი ფულადი სახსრები საქონლის შესაძენად და მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის, შედეგად პერიოდულად ახდენდა ფულადი სახსრების მოზიდვას კაპიტალის შევსების გზით. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, დამფუძნებლის კაპიტალის შემცირება 69 620 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილი იყო ხანდაზმული პერიოდიდან (ფულადი სახსრების სალაროდან გასვლის დანიშნულებით) განხილულ იქნა ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით ჯარიმა. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდებოდა ხანდაზმული პერიოდიდან წარმოშობილი დამფუძნებლის კაპიტალის ნაშთი 31 661 ლარის ოდენობით, შემოწმების შედეგად შემცირდა აღნიშნული ნაშთი და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი;

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სალაროს არაგონივრული ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საწარმოს სალაროს არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გაცემული უპროცენტო სესხიდან წარმოშობილი სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.

საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №7295 ბრძანება და ამავე თარიღის №006-120 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 3.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მე-2 სადავო საკითხთან (სალაროს არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანება 29.09.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 9.11.2023 წლის №20945/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.11.2023 წლის დასკვნა, რომლითაც შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა 38 087 ლარით, მათ შორის გადასახადი 14 114 ლარით და ჯარიმა 23 973 ლარით.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა 8.11.2023 წლის №27546 ბრძანება და 9.11.2023 წლის №006-557 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 4.12.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.12.2023 წლის №32161 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, საწარმოს სალაროში არსებულ ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს სესხად დაკვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთზე შეუმცირდა მოგების გადასახადი, ასევე, შემცირებას დაექვემდებარა უპროცენტო სესხიდან წარმოშობილ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების შედეგები სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან არსებობს ყველა დოკუმენტალური მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული თანხის შეტანა საწარმოს კაპიტალში განხორციელებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და წარმოადგენს კანონიერ სამეურნეო ოპერაციას. კერძოდ, აღნიშნული ფიქსირდება ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში, არსებობს შემოსავლის და გასავლის ორდერები.

კომპანიაში შენატანის განხორციელება და შემდგომში მისი შემცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება დამფუძნებლის უფლებას და იგი განსაზღვრავს თუ როდის და რა მიზნებით ასრულებს აღნიშნულ ქმედებას, საწარმოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაშივე აღნიშნულია, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაწილში კომპანიას არც ერთი თეთრი არ აქვს დარიცხული. შესაბამისად, გაუგებარია საიდან უნდა მომხდარიყო ამ თანხების კომპანიის სალაროში მოხვედრა თუ არც დამფუძნებელმა შემოიტანა და არც საქმიანობიდან მიუღია. აუდიტორებს განემარტათ, რომ აღნიშნული თანხა დამფუძნებელს ჰქონდა მიღებული უძრავი ქონების გასხვისებიდან. ამრიგად, კომპანიისა და მისი დამფუძნებლის ქმედება სრულიად კანონიერია. ქმედებისათვის დაკისრებული დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები ექვემდებარება შემცირებას.

რაც შეეხება, მეორე საკითხს ასევე არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში სალაროში არაგონივრული ნაშთის არსებობის გამო დარიცხული გადასახადისა და სანქციების მოცულობებს. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიაში ხდებოდა დიდი რაოდენობით ნაღდი ფულის მოძრაობა, სალაროში მუდმივად იყო ნაშთი. კომპანია ხე-ტყის შესყიდვას ძირითადად ახორციელებს ნაღდი ანგარიშსწორებით. ბაზრის თავისებურებებიდან გამომდინარე საჭიროა სალაროში დიდი რაოდენობით ფულის არსებობა. ასევე, 2020-2021 წლების კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე კომპანიის პოლიტიკა იყო ნაღდი ფულის სალაროში შენახვა და არა ბანკში განთავსება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში შეზღუდული იყო გადაადგილება, ბანკების ფუნქციონირება, ხოლო სამშენებლო ბიზნესი (ჩვენი კლიენტები) აგრძელებდა ფუნქციონირებას. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული საკითხების შესწავლას და სრულად გაუქმებულ იქნეს (ბათილად იქნეს ცნობილი) ზედმეტად დარიცხული და გადასახდელებად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისი სანქციებითურთ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა რომ:

აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს სესხად დაკვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთზე შეუმცირდა მოგების გადასახადი, ასევე, შემცირებას დაექვემდებარა უპროცენტო სესხზე მიღებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შესამოწმებელ პერიოდის ბოლო თვის საანგარიშო პერიოდში არსებული არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის ბრძანების არასწორად ან არასრულად აღსრულებაზე არ წარმოადგენს, მისი არგუმენტები ეხება დარიცხვის შინაარსს, რაც შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამდენად, შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21824 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის საკითხი შესწავლილ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში, ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს სესხად დაკვალიფიცირებულ არაგონივრულ ნაშთზე შეუმცირდა მოგების გადასახადი, ასევე, შემცირებას დაექვემდებარა უპროცენტო სესხზე მიღებულ სარგებელზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი. შესამოწმებელ პერიოდის ბოლო თვის საანგარიშო პერიოდში არსებული არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);982(3ზ);101