ბრძანება N 11256
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11256
03 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -----)
(მის.:---------)
2025 წლის 23 მაისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ -------) №95863/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №011-1639 ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გაუქმებას იმ პერიოდით, სანამ მიიღებს პასუხს შემოსავლების სამსახურისგან. გადამხდელი საურავთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 2023 წლის 27 თებერვალს კომპანია „-----“-სგან შეიძინა 95 795 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ღირებულების უძრავი ქონება, რომელიც იყო გათავისუფლებული დღგ-ისგან. კომპანიის დირექტორმა, ---ს ----- ----, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, არ იცოდა, რომ თავისი კომპანიისგან ნაყიდი უძრავი ქონება, რომელიც შეიძინა 2023 წლის 21 მარტს 97 945 აშშ დოლარად ეკვივალენტი ლარში, უნდა დაებეგრა დღგ-ით. გადამხდელის განმარტებით, გადამოწმების დროს აღმოაჩინეს ეს შეცდომა და დაუყოვნებლივ, თავადვე დააკორექტირეს დღგ-ის დეკლარაციები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, ითხოვს, კომპანია განხილულ იქნეს კეთილსინდისიერ გადამხდელად და გაუქმდეს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი 29 144.62 ლარის ოდენობით. ასევე გაუქმდეს სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „--------ს“ (ს/ნ -----) 2025 წლის 8 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 50 303.52 ლარი, საურავი 28 926.87 ლარი.
აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შპს „-------ის“ (ს/ნ ------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 8 მაისის №011-1639 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „------ის“ (ს/ნ ------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად იმავე დღეს.
ამასთან, შპს „-------მა“ (ს/ნ -------) 2025 წლის 8 მაისს შემოსავლების სამსახურში წარმოადგინა ID:------ განცხადება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 28 მაისის ID:------- წერილით შპს „------ის“ (ს/ნ ------) 2025 წლის 8 მაისის განცხადება გადასახადების ან/და სანქციების შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ზემოხსენებული განცხადებით შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმება შემოსავლების სამსახურის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს „-------ს“ (ს/ნ ------) 2025 წლის 30 მაისის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 27 368.65 ლარი, საურავი 29 308.83 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 8 მაისის №---- ბრძანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ამასთან, ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „------ს“ (ს/ნ ------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2025 წლის 8 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ შპს „-------ის“ (ს/ნ -------) მიერ პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავთან დაკავშირებით 2025 წლის 19 მაისს წარმოდგენილი №95769/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10854 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ის“ (ს/ნ ------) საჩივარი პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, კომპანია განხილულ იქნეს კეთილსინდისიერ გადამხდელად და გაუქმდეს პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავი, ასევე გაუქმდეს სადავო ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის 8 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება. აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ კომპანიის მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 8 მაისის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო კომპანიის საკუთრებაში რიცხულ ქონებას. აღნიშნულ ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად იმავე დღეს.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიას 2025 წლის 8 მაისის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამასთან შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული საურავის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241; 301 („ზ“).