გადაწყვეტილება №84042/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2023
№ დოკუმენტი 84042/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№84042/1/2023

20 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------" -ის 12.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №84042/1/2023).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №059-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23763 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 258 729,26 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 133 980

დღგ - 662

მოგების გადასახადი - 65 249

საშემოსავლო გადასახადი - 68 069

ჯარიმა - 66 156

საურავი - 58 593,26

 

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივნის საქმიანობაა ავტომობილების ტექ-ინსპექტირების მომსახურების გაწევა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ

- გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის და შემოწმების პერიოდში მოთხოვნის შედეგად წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 150 000 ლარის ოდენობით 3 წლის ვადით და 15% საპროცენტო განაკვეთით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ არის დაბეგრილი არც მოგების და არც საშემოსავლო გადასახადებით.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაცემული სესხი საგადასახადო შემოწმებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო 101-ე მუხლის და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანების თანახმად, 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებულ თანხასა და მიღებულ სესხზე დარიცხულ პროცენტს შორის სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით (შემოწმების ბოლომდე) პერიოდებზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

- მომჩივნის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, სრულ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე ფიქსირდება ფულის უძრავი ნაშთი. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებით აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად კომპანიის დირექტორზე. საგადასახადო შემოწმების შედეგად, მოცემული ფულადი სახსრები საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.

- შემოწმების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა. შედეგად, გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. სხვაობა გამოწვეულია გაწეული მომსახურების სრულყოფილად დამატებული ღირებულებით დასაბეგრ ბაზაში ჩაურთველობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 ივლისის №15996 ბრძანება და ამავე თარიღის №059-5 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23763 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აცხადებს, რომ აღნიშნულმა კომპანიამ 2019 წელს სესხად გასცა თანხა 150 000 ლარის ოდენობით, რაც შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული და დაიბეგრა. წარდგენილი იყო სესხის ხელშეკრულება და ახსნა - განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელმა ფულადი ნაშთის გაანგარიშების დროს წარმოადგინა გაცემული სესხის ხელშეკრულება ურთიერთდამოკიდებულ პირთან შპს „----- -თან “. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, დანიშნულ იქნა შპს „------ -ის “ თემატური საგადასახადო შემოწმება მიღებული ფულის განკარგვასთან დაკავშირებით, თუმცა გადამხდელის მიერ ვერ განხორციელდა დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი აცხადებს,რომ აღნიშნულმა კომპანიამ 2019 წელს სესხად გასცა თანხა 150 000 ლარის ოდენობით, რაც შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული და დაიბეგრა.ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის და შემოწმების პერიოდში მოთხოვნის შედეგად წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 150 000 ლარის ოდენობით 3 წლის ვადით და 15% საპროცენტო განაკვეთით, თუმცა გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ არის დაბეგრილი არც მოგების და არც საშემოსავლო გადასახადებით.გამოანგარიშებულ თანხასა და მიღებულ სესხზე დარიცხულ პროცენტს შორის სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადები და ჯარიმა.

- მომჩივნის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, სრულ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე ფიქსირდება ფულის უძრავი ნაშთი. საგადასახადო შემოწმების შედეგად, მოცემული ფულადი სახსრები საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

ასევე,გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. სხვაობა გამოწვეულია გაწეული მომსახურების სრულყოფილად დამატებული ღირებულებით დასაბეგრ ბაზაში ჩაურთველობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

97,982,101,154.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანება.