გადაწყვეტილება №20983/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.02.2024
№ დოკუმენტი 20983/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20983/2/2023

06 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „-------“-ის 4.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20983/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №081-32 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22508 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 631 849,02 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 317 457

დღგ - 162 951

მოგების გადასახადი - 106 856

საშემოსავლო გადასახადი - 47 650

ჯარიმა - 192 590

საურავი - 121 802,02

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განკარგვადი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი, საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია,რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 17.05.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, არგუმენტაცია ან/და პოზიცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, 26.07.2022 წლის საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები შემოწმების პროცესში გათვალისწინებულია. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სარევიზიო პერიოდში ამხანაგობა დამკვეთებთან ანგარიშსწორებას ახორციელებდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო ქვეკონტრაქტორებთან და სხვა მომწოდებლებთან როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით, აღნიშნული ახსნა-განმარტება წარდგენილია შემმოწმებლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ საბანკო ანგარიშიდან გამოტანილია სარევიზიო პერიოდში 1 056 859 ლარი სხვადასხვა დავალიანების დასაფარად, აღნიშნული თანხიდან 2020 წელს ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორზე (შპს "-------" ) გადახდილია 428 046,23 ლარი. აღნიშნული დავალიანების არსებობას და გადახდის ფაქტს ადასტურებს როგორც გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე ქვეკონტრაქტორის მიერ გამოწერილი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა, ასევე აუდიტორებზე წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა პირველადი საბუღალტრო აღრიცხვის დოკუმენტაცია.

ასევე, აუდიტორებმა ერთობლივ შემოსავალში ჩართეს არასაცხოვრებელი შენობების რეკონსტრუქცია/კაპიტალური რემონტის საფუძველზე სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 28.12.2022 წელს ჩარიცხული 666 381,6 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტთან, თანხის ჩარიცხვისთანავე აღნიშნული თანხა მიწოდებულია ქვეკონტრაქტორი კომპანიისთვის, რომელმაც აღნიშნული სამუშაოები შეასრულა ეტაპობრივად, აღნიშნული თანხის ნაწილის გადახდა ქვეკონტრაქტორზე მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით.

ასევე, აუდიტორები განმარტავენ შემოწმების აქტში, რომ ამხანაგობის მიერ ფიქსირდება ისეთ ფიზიკურ პირებზე თანხის გადარიცხვა, რომლებიც არ არიან გადასახადის გადამხდელები და შესაბამისად არ არის აღნიშნული თანხები დაბეგრილი. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა აღნიშნული გადახდები, რაც სადავოდ არ გამხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად საგადასახადო შემოწმების საბოლოო აქტში აუდიტორების მიერ დაბეგრილია გადასახადის გადამხდელ პირებზე გადახდილი მომსახურების თანხები, რომლებსაც აღნიშნულ მომსახურებაზე გამოწერილი აქვთ შესაბამისი ინვოისი ან სხვა საბუღალტრო დოკუმენტაცია, აღნიშნული ფაქტი იწვევს ორმაგ დაბეგვრას, რაც უკანონოა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით უნდა დაევალოს აუდიტორებს აღნიშნული საკითხის განმეორებით შესწავლა. დამატებით წარმოდგენილი იქნება დაბეგვრასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია. აუცილებელია აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა, რადგან თავიდან იქნას აცილებული ორმაგი დაბეგვრა.

შემოწმების აქტში აუდიტორები აფიქსირებენ, რომ გადასახადის გადამხდელს ყველა ანგარიშფაქტურის მიხედვით არ ჰქონდა განხორციელებული ჩათვლები და შემოწმების პერიოდში მოახდინეს აღნიშნული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლა, თუმცა შემოწმების პერიოდში აღმოჩნდა ისეთი შესრულებული სამუშაოები და კომპანიის მიერ ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი საავანსო ღირებულებები, რომელზეც მათ მიერ უნდა მომხდარიყო დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობათ ქვეკონტრაქტორ კომპანიებს და მათ მიერ მოხდება აღნიშნული საკითხის გამოსწორება.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით უნდა დაევალოს აუდიტორებს აღნიშნული საკითხის განმეორებით შესწავლა. დამატებით წარმოდგენილი იქნება დაბეგვრასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანებით, განკარგვადი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი, საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, არგუმენტაცია ან/და პოზიცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა დარიცხული თანხების კორექტირება.

ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთან საგადასახადო დავის განხილვის ეტაპზე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება საგადასახადო შემოწმებით დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ უნდა დაევალოს აუდიტორებს აღნიშნული საკითხის განმეორებით შესწავლა.დამატებით წარმოდგენილი იქნება დაბეგვრასთან დაკავშირებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. განკარგვადი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს

აღნიშნული საკითხი, საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებთან ერთად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება . დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, არგუმენტაცია ან/და პოზიცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა დარიცხული თანხების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, 17.05.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.

აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 13.03.2023 წლის №081-32 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22508 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 22.12.2022 წლის №32395 ბრძანების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),982,101,154.