გადაწყვეტილება №27226/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27226/2/2026
19 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27226/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24832 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-597 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6401 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 411 473,8 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 224 787
დღგ - 120 543
საშემოსავლო გადასახადი - 103 993
ქონების გადასახადი - 251
ჯარიმა - 111 922
საურავი -74 764,8
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით. საქმიანობს თბილისსა და ბათუმში.
აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 27.05.2024 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების აქტიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია საქონელს ყიდულობს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, იმპორტის გზით და შემდგომ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის როგორც დოკუმენტურად, ასევე დოკუმენტის გარეშე. ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ორისის“ მეშვეობით.
27.05.2024 წელს ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი 60 218 ლარის ოდენობით. საწარმოს 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა სახის ხორცპროდუქტები, რომლის რეალიზაცია ხორციელდებოდა დოკუმენტის გარეშე.
ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით გაანგარიშდა შემოწმების პერიოდის ბოლოსთვის არსებული სმფ-ის ნაშთი, ასევე, საწარმოს მიერ საცალოდ რეალიზებული პროდუქციის რპთ. აღნიშნულ რპთ-ზე გავრცელდა ხორცპროდუქტების აუდირებული ფასნამატი (37%) და დაანგარიშდა საწარმოს მიერ დამატებით მიღებული შემოსავლები.
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უფიქსირდებოდა საკუთარი კაპიტალი 581 426 ლარის ოდენობით, რომელთან დაკავშირებითაც შემოწმების პროცესში მოითხოვა არაპირდაპირ დათვლილი თანხების შემცირება საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 49-ე, 159-ე, 101-ე, 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დამატებით დადგენილი შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით და ვინაიდან აღნიშნული შემოსავლების აღრიცხვა არც სალაროში და არც საბანკო ანგარიშზე არ ფიქსირდებოდა, შემოსავლების ის ნაწილი, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
28.06.2024 წლის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2024 წლის №006-348 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22039 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
პირველ სადავო საკითხთან, კერძოდ, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №011-2460 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 18.07.2024 წლის №2024/011-2460/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტთან დაკავშირებით, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2024 წლის №22039 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 1.07.2025 წლის №006-210 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24832 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24832 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2025 წლის №006-597 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსხურის 25.03.2026 წლის №6401 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს „-------“ აქვს შპს „-------“-ს მიმართ დავალიანება, რომელიც გახდა პრობლემური, ვინაიდან შპს „-------“ შპს ------- მოლაპარაკებულ ვადებში არ გადაუხადა თანხა და დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარეობს სასამართლოს გზით დავის პროცედურები. შესაბამისად, მათგან რაიმე სახის დასტურის მიღება დებიტორულ დავალიანებაზე ვერ მოხერხდა, ვინაიდან არ გამოდიან კონტაქტზე და თავს არიდებენ პასუხისმგებლობას. არ ვეთანხმებით აღნიშნული დებიტორული დავალიანების მიღებულ თანხად განხილვას და შესაბამისად დარიცხულ გადასახადებს. მომჩივანი ითხოვს არასწორად დარიცხული გადასახადის სრული მოცულობით მოხსნას.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს მიეცეს საშუალება წარმოადგინოს შპს „-------“ სასამართლო დავის დაწყებასთან დაკავშირებით მტკიცებულება და ითხოვს გადაუხდელი დებიტორული დავალიანება არ ჩაითვალოს მიღებულად, ვინაიდან აღნიშნული თანხა არ აქვს მიღებული და ასეთი ზედაპირული მიდგომა აზარალებს. ჯერ თავად დებიტორული დავალიანების არსებობამ ჩააყენა შპს ------- ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში და შემდგომ შემოსავლების სამსახურის ზედაპირულმა მიდგომამ და მათი მხრიდან ამ მიუღებელ თანხაზე დამატებით კიდევ გადასახადების დარიცხვამ, რომლის მიღებაც არ მომხდარა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24832 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 11.11.2025 წლის №24832 ბრძანების აღსრულების შედეგებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 26.12.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან მომჩივნის მიერ არ მომხდარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასკვნის წარდგენა, გადასახადის გადამხდელს დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს “-------”-ს მხრიდან ვერ მოხდა საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, ვინაიდან შპს “-------”-ს დამფუძნებელი და მმართველი, ------- არის დაპატიმრებული, მის ოჯახს გაუჭირდა ექსპერტიზის მომსახურების თანხის, 7 945 ლარის, მობილიზება. ოჯახში „შემომტანი” მხოლოდ -------, რომელსაც მამაც გარდაცვლილი ჰყავს. ამჟამად შპს “-------”-ს უკვე დაფარული აქვს სამხარაულის მომსახურების საფასური და მიიღო მათგან საშემფასებლო დასკვნა, რომელიც ცხადყოფს შპს “-------”-ს მხრიდან თავდაპირველადვე გასაჩივრებული საკითხში კომპანიის პოზიციის სიმართლესა და ნამდვილობას, კონკრეტულად კი მშენებლობაზე გაწეული ხარჯების ოდენობას. დანართის სახით წარმოდგენილია საექსპერტო დასკვნას და გთხოვთ მისი შედეგების გათვალისწინებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ წარდგენილი დასკვნის მიხედვით შესაძლებელია მოხდეს საგადასახდო ვალდებულებების კორექტირება.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მომჩივნის არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილია დოკუმენტური მტკიცებულებები (ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა), რომელიც საჭიროებს დამატებით შესწავლას, მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.03.2026 წლის №6401 ბრძანება;
3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.