ბრძანება N 26607

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.12.2025
№ დოკუმენტი 26607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26607

03 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2025 წლის 29 ივლისის საჩივრის

აწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის №25724/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-----“-ის (ს/ნ -----) 2025 წლის 29 ივლისის №97198/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №024-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში შემოწმებით დაიბეგრა შესრულებული სამუშაო, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა და დაიბეგრა 2025 წლის იანვრის თვეში. დარიცხული გადასახადი 35 908 ლარი წარმოადგენს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ------- შესაბამის დღგ-ს, ხოლო აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმულია და დაბეგრილია იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციით. მართალია მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოეწერა 2025 წლის თებერვლის თვეში, მაგრამ ინსპექტირების ანგარიშით შესრულებული სამუშაო დადასტურდა 2025 წლის 24 იანვარს. ამიტომ ჩაითვალა, რომ სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის პერიოდი იყო იანვრის თვე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15401 ბრძანება და №024-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 55 723 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 908 ლარი, ჯარიმა 17 954 ლარი, საურავი 1 861 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2025 წლის 12 აგვისტოს №18147 ბრძანებით, შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2025 წლის 13 ნოემბრის №25724/2/2024 გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 აგვისტოს №18147 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის №25724/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „-----“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზებისა და ავტობანების მშენებლობა, სამშენებლო მასალების (ქვიშა, ბალასტი და ა.შ) რეალიზაცია, ნარჩენების გატანის მომსახურება და სხვა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს ------- მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების (ქ. ------ ტროტუარების, მოაჯირების საყრდენი კედლების რეაბილიტაცია) აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. კერძოდ, საწარმოს 2025 წლის თებერვალში შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, აღნიშნულ ოპერაციებზე ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც( -------, --------, --------).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც შპს „-------“-ს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზებისა და ავტობანების მშენებლობა, სამშენებლო მასალების (ქვიშა, ბალასტი და ა.შ.) რეალიზაცია, ნარჩენების გატანის მომსახურება და სხვა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს მცხეთის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. კერძოდ, საზოგადოებას 2025 წლის თებერვალში შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, აღნიშნულ ოპერაციებზე ასევე გამოწერილია საგადასახადო ელ. ანგარიშ-ფაქტურებიც (-----, ------, -------). გამომდინარე იქიდან, რომ მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილი იყო 2025 წლის თებერვალში, შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში შემოწმებით დაიბეგრა შესრულებული სამუშაო, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა და დაიბეგრა 2025 წლის იანვრის თვეში. დარიცხული გადასახადი

35 908 ლარი წარმოადგენს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ------- შესაბამის დღგ-ს, ხოლო აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმული და დაბეგრილია იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციით. მიღაბა-ჩაბარების აქტს ხელი მოეწერა 2025 წლის თებერვლის თვეში, მაგრამ ინსპექტირების ანგარიშით, შესრულებული სამუშაო დადასტურდა 2025 წლის 24 იანვარს. ამიტომ, სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის პერიოდი არის იანვრის თვე.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ელექტრონულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ------- დღგ-ის თანხით 35 908 ლარი, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების პერიოდი მითითებულია 2025 წლის იანვრის თვე.

მომჩივნის პოზიციით, საჩივრის დანართად წარმოდგენილი 2025 წლის 24 იანვრის ინსპექტირების ანგარიშით, აღნიშნული სამუშაოს შესრულება დასტურდება.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, საწარმოს მიერ შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი N---------ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ასახულია 2025 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივნის პოზიციისგან განსხვავებული ინფორმაცია აუდიტის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი N------- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროა 2025 წლის იანვრის თვე, შესაბამისად უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულ ნაწილში შემოწმებით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი N---- ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, შემოწმებით 2025 წლის თებერვლის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზებისა და ავტობანების მშენებლობა, სამშენებლო მასალების (ქვიშა, ბალასტი და ა.შ) რეალიზაცია, ნარჩენების გატანის მომსახურება და სხვა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. კერძოდ, საწარმოს 2025 წლის თებერვალში შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, აღნიშნულ ოპერაციებზე ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც შპს -ს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შესრულებულ სამუშაოზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, შემოწმებით 2025 წლის თებერვლის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:158(1);159(1);163(1,2);164(1);