ობლიგაციაზე გადახდილი პროცენტის მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2646

2646 ობლიგაციაზე გადახდილი პროცენტის მოგების გადასახადით დაბეგვრა 14.06.2017
№ დოკუმენტი 2646
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ობლიგაციაზე გადახდილი პროცენტის მოგების გადასახადით დაბეგვრა N 2646

ფაქტობრივი გარემოებები

· გადასახადის გადამხდელის მიერ ობლიგაციაზე გადახდილ იქნა პროცენტის თანხა, 28%-იანი განაკვეთის შესაბამისად.

· I ვარიანტში: ობლიგაციის მფლობელს წარმოადგენს ლიცენზირებული კომერციული ბანკი. ხოლო 28% წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო განაკვეთს.

· II ვარიანტში: ობლიგაციის მფლობელი არ არის ლიცენზირებული კომერციული ბანკი. ხოლო 28 პროცენტი წარმოადგენს წლიურ საპროცენტო განაკვეთს.

· ორივე ვარიანტში: გადასახადის გადამხდელს, აღნიშნულ პროცენტთან დაკავშირებით, მოგების გადასახადის ნაწილში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ე" ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლების ზემოთ კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი პროცენტი. ამასთან, ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითება არა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის კრედიტზე (სესხზე) გადახდილი ან/და გადასახდელი (დარიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემულ სესხებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით; ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში არა უმეტეს წლიური 24 პროცენტისა, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად.". „საწარმოთა ობლიგაციების ემისიის, საჯარო შეთავაზების და განთავსების ანგარიშების შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 აგვისტოს №79/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „დ" ქვეპუნქტის თანახმად, ობლიგაცია არის სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს ემიტენტის ფინანსურ ვალდებულებას, საემისიო პირობების შესაბამისად, გადაუხადოს ობლიგაციის მფლობელს ნომინალური ღირებულება და ობლიგაციის სარგებელი. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 35-ე პუნქტის თანახმად, სასესხო ფასიანი ქაღალდი არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით ან უპროცენტოდ მიღებაზე.

· I ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ ობლიგაციის მფლობელს წარმოადგენს ლიცენზირებული კომერციული ბანკი, ადგილი არ აქვს ხარჯს, რომელიც დაკავშირებული არ არის მის ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს არ წარმოეშობა მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

· II ვარიანტში: ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ ობლიგაციაზე გადახდილ წლიური 28%-ის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანხასა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთის (24%) შესაბამისად გამოანგარიშებულ თანხას შორის, წარმოადგენს ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო, ზემოაღნიშნული სხვაობა დაებეგრა მოგების გადასახადით.

ღონისძიებები

· I ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

· II ვარიანტში: პირს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 6 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით