გადაწყვეტილება №25346/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25346/2/2025
07 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,---”-ს 20.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25346/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №001-31 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 233 257,66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 150 883,6
დღგ - 263
საშემოსავლო გადასახადი - 150 620,6
ჯარიმა - 75 441,80
საურავი - 6 932,26
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 28.03.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №001-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის, სალაროში ნაღდის ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგების, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73- ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ პოზიციაზე, აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომ შემოწმების პროცესში მოთხოვნილ იქნა თანხის უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გადამხდელმა წარმოადგინა უცხოური წარმოშობის ჩეკები.
საკითხის დამატებით შესწავლისას გამოიკვეთა, რომ გადასახადის გადამხდელს თანხები სრულად ერიცხებოდა გადახდის ონლაინ საშუალება „Payoneer”-ის გზით, თუმცა კომპანია თანხების უკან დაბრუნებას იმავე გზით არ ახდენდა. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, თანხების გადარიცხვა ხორციელდებოდა ანგარიშვალდებული პირის---ს მიერ მისი ძმის ---ს ბანკის ანგარიშზე, რის შემდგომაც აღნიშნულ პირს ამერიკულ საბანკო ანგარიშზე შეჰქონდა თანხები და გამოიწერებოდა უცხოური ჩეკები.
შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა აღნიშნული ჩეკები, როგორც თანხის უკან დაბრუნების დამადასტურებული დოკუმენტი, რომელიც შემოწმებამ არ ჩათვალა სარწმუნოდ და ფულის მოძრაობის ანალიზისას არ იქნა გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე და 97–ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია და მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
შესაბამისად გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები (მათ შორის, ამერიკულ ბანკში შეტანილი თანხების შესაბამისი საბანკო ამონაწერები), თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების მიმღები კომპანიის მიერ თანხის მიღების/კომპანიისთვის თანხის დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საწარმო მომსახურებას უწევდა აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია “---”-ის. აღნიშნული მომსახურება დაკავშირებულია ონლაინ კონტენტის მომზადებასთან, რაც გულისხმობს ავტონაწილების ფოტოების დამუშავებას და შემდეგ მათ განთავსებას იბეის პლატფორმაზე. დამუშავების პროცესი მოიცავს თითოეული ავტონაწილის შესახებ როგორც ფოტოების ვიზუალურ შესწორებას, ასევე მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტ სივრცეში. აღნიშნული სამუშაოს შესრულება საჭიროებს საკმაოდ დიდ დროს და ასევე მისი შედეგების გადახედვა ხდება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. აღნიშნული მიზეზით დამკვეთის მხრიდან მუდმივად ხდებოდა ანაზღაურება/თანხის ჩარიცხვა, ხოლო შესრულებული სამუშაოს შედეგების გადახედვის შემდეგ, საბოლოო ანგარიშსწორება. ამ მიზეზით აიხსნება ის ფაქტი, რომ მუდმივად მთელი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა დამკვეთის მხრიდან გაწეული მომსახურების ანაზღაურება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა შედარების აქტები წლების მიხედვით, ჩარიცხული და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით (დანართი №4). 2022 წლის შედეგების მიხედვით დამკვეთის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 144 181 აშშ დოლარი, ხოლო უკან დაბრუნებულმა თანხებმა - 59 576 აშშ დოლარი. 2023 წლის შედეგების მიხედვით დამკვეთის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 76 740 აშშ დოლარი, ხოლო უკან დაბრუნებულმა თანხებმა - 57 720 აშშ დოლარი. 2024 წლის შედეგების მიხედვით დამკვეთის მიერ ჩარიცხულმა თანხებმა შეადგინა 29 744 აშშ დოლარი. რაც შეეხება 2024 წელს გაწეული მომსახურების შედეგების გადახედვით თანხა უკან აღარ დაბრუნებულა. უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტში და ასევე ურთავს საჩივარს (დანართი №5, №6).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილებაში მიუთითებს შემდეგს: „ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფულის განკარგვადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები (მათ შორის, ამერიკულ ბანკში შეტანილი თანხების შესაბამისი საბანკო ამონაწერები), თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების მიმღები კომპანიის მიერ თანხის მიღების/კომპანიისთვის თანხის დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ჩარიცხული თანხების უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს აუდიტის დეპარტამენტში და შესაბამისად დამატებითი მტკიცებულებების წარდგენა აღარ არის საჭირო. საწარმოს დარიცხული აქვს დამატებით ძირითადი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის. დაბრუნებული თანხები არ შეიძლება ჩაითვალოს დირექტორის განკარგვად შემოსავლად, რადგან დაბრუნებული აქვს დამკვეთს. მომჩივანი ითხოვს, რომ გათვალისწინებული იქნას მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და განკარგვადი შემოსავალი განსაზღვრულ იქნას უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, შესაბამისად დავალებულ იქნას, როგორც აუდიტის დეპარტამენტის, ისე შემოსავლების სამსახურისათვის დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის შემცირება უკვე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.
გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადით არ აქვს დაბეგრილი განკარგვადი თანხები. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციები, ჩატარებულ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, გათვალისწინებულ იქნა სალაროში ნაღდის ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგები, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაცია და დარჩენილი განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
მომჩივნის განმარტებით საწარმო მომსახურებას უწევდა აშშ-ში რეგისტრირებულ კომპანია “---”-ის. აღნიშნული მომსახურება დაკავშირებულია ონლაინ კონტენტის მომზადებასთან, რაც გულისხმობს ავტონაწილების ფოტოების დამუშავებას და შემდეგ მათ განთავსებას იბეის პლატფორმაზე. დამუშავების პროცესი მოიცავს თითოეული ავტონაწილის შესახებ როგორც ფოტოების ვიზუალურ შესწორებას, ასევე მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტ სივრცეში. აღნიშნული სამუშაოს შესრულება საჭიროებს საკმაოდ დიდ დროს და ასევე მისი შედეგების გადახედვა ხდება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. აღნიშნული მიზეზით დამკვეთის მხრიდან მუდმივად ხდებოდა ანაზღაურება/თანხის ჩარიცხვა, ხოლო შესრულებული სამუშაოს შედეგების გადახედვის შემდეგ, საბოლოო ანგარიშსწორება.
ამ მიზეზით აიხსნება ის ფაქტი, რომ მუდმივად მთელი პერიოდის განმავლობაში ხდებოდა დამკვეთის მხრიდან გაწეული მომსახურების ანაზღაურება, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება. მომჩივნის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა შედარების აქტები წლების მიხედვით, ჩარიცხული და უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით (დანართი N4). უკან დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს მომჩივანს აუდიტის დეპარტამენტში. დაბრუნებული თანხები არ შეიძლება ჩაითვალოს დირექტორის განკარგვად შემოსავლად, რადგან დაბრუნებული აქვს დამკვეთს. მომჩივანი ითხოვს, რომ გათვალისწინებული იქნას მათ მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და განკარგვადი შემოსავალი განსაზღვრულ იქნას უკან დაბრუნებული თანხების გათვალისწინებით, შესაბამისად დავალებულ იქნას, როგორც აუდიტის დეპარტამენტის, ისე შემოსავლების სამსახურისათვის დამატებით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის შემცირება უკვე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანებით, ფულის განკარგვადი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები (მათ შორის,--- ბანკში შეტანილი თანხების შესაბამისი საბანკო ამონაწერები), თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება მომსახურების მიმღები კომპანიის მიერ თანხის მიღების/კომპანიისთვის თანხის დაბრუნების ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 2.06.2025 წლის №11152 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 1.04.2025 წლის №001-31 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 233 257,66 ლარი, მათ შორის, გადასახადი 150 883,6 ლარი, ჯარიმა 75 441,8 ლარი და საურავი 6 932,26 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავის (სანქციების) შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. შესაბამისად ითხოვს, რომ გათავისუფლებულ იქნას დაკისრებული სანქციისაგან, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსის გათვალისწინებული შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოწმებით გამოვლენილი განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
საბანკო ანგარიშიდან განხორციელებული ოპერაციების, ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის, სალაროში ნაღდის ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის შედეგების, აგრეთვე შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად/მასთან გათანაბრებულ განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 269 (7).