ბრძანება N 24837

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.10.2023
№ დოკუმენტი 24837
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24837

06 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 1 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №100) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2023 წლის 1 აგვისტოს №82775/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №083-18 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ ხელშეკრულებები მომზადებულია შრომის კოდექსის სრული დაცვით და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის რეკომენდაციით. აღნიშნული პირები კონკრეტულ პროექტზე კონკრეტულ დაკვეთას ასრულებენ მათ მიერ დაგეგმილი დროისა და რესურსების მენეჯმენტით, მომსახურეობას ახორციელებენ სხვა ნებისმიერ დამკვეთთანაც, არიან დამოუკიდებელი მეწარმეები, მუშაობენ საკუთარი სატრანსპორტო საშუალებებით და ბრიგადებით და იხდიან კანონით დადგენილ გადასახადებს, ამიტომ არ ვრცელდება მათზე დაქირავებისა თუ შრომის ხელშეკრულებისთვის კანონით დადგენილი უფლებები და ვალდებულებები. საჩივარზე თანდართულია მომსახურების ხელშეკრულებები, ფიზიკური პირების წერილები და საბანკო ამონაწერები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 3 აპრილის №7134 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 14 ივლისის №17115 ბრძანება და ამავე თარიღის №083-18 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 70 769 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 172 ლარი, ჯარიმა 20 516 ლარი და საურავი 7 081 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

„საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა ტენდერებში მონაწილეობის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი მომსახურების ნაწილს იღებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან. გადამხდელის მიერ აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული მცირე მეწარმეებიდან 4 ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ოთხ მცირე მეწარმეზე განხორციელებული გადახდები ჯამში 171 270 ლარი შემოწმების მიერ ჩაითვალა აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება სამშენებლო მომსახურების შესყიდვა ფიზიკური პირებისგან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მეწარმეებად და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოწმებით, აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესწავლის და „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული მცირე მეწარმეებიდან ოთხი პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად დაკვალიფიცირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ, არ ეთანხმება მცირე მეწარმეებზე მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხების ხელფასად კვალიფიკაციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს გზებისა და ავტობანების მშენებლობა ტენდერებში მონაწილეობის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელი მომსახურების ნაწილს იღებს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისგან. გადამხდელის მიერ აღნიშნულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსებული „სამუშაოს შემკვეთსა და სამუშაოს შემსრულებელს შორის წარმოშობილი ურთიერთობის დაქირავებით მუშაობად ან მომსახურების გაწევად კლასიფიცირების შესახებ“ კითხვარის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული მცირე მეწარმეებიდან 4 ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ოპერაცია თავისი შინაარსით წარმოადგენდა არა მომსახურების გაწევას, არამედ დაქირავებით მუშაობას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ოთხ მცირე მეწარმეზე განხორციელებული გადახდები ჯამში 171 270 ლარი შემოწმების მიერ ჩაითვალა აღნიშნულ პირებზე გადახდილ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, გადამხდელის მიერ მოწოდებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის ანალიზის შედეგად დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა""დ"), 43(4).