გადაწყვეტილება №27952/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2026
№ დოკუმენტი 27952/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27952/2/2026

13 ოქტომბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 13.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27952/2/2026).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 19.02.2026 წლის №26625/2/2026 (რეგ. -----) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №12622 ბრძანება;

2. აუდიტის დეპარტამენტის 13.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

3. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2025 წლის №26186 ბრძანება;

4. აუდიტის დეპარტამენტის 28.11.2025 წლის №056-80 საგადასახადო მოთხოვნა;

5. შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №779 ბრძანება;

6. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის დასკვნა;

7. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2026 წლის №056-54 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 331 245.66 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 182 393

დღგ - 153 368

საშემოსავლო გადასახადი - 27 263.25

ქონების გადასახადი - 1 761.25

ჯარიმა - 94 036.4

საურავი - 54 816.26

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილის ნაწილების იმპორტი, შემდგომში ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით. გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 23.05.2006 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 14.12.2011 წელს. მცირე ბიზნესის სტატუსს ფლობს 1.12.2018 წლიდან.

აუდიტის დეპარტამენტის 17.06.2025 წლის №12622 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.08.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 7.08.2025 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 13.11.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

- შემოწმების ფარგლებში გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დაბეგვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება საქონლის დოკუმენტური რეალიზაცია. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 4.08.2025 წლის №17460 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მეწარმის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მდგომარეობის ფაქტობრივი აღრიცხვა, რომლის მიხედვითაც დადგინდა საქონლის საბოლოო ნაშთი 418 573 ლარის ღირებულებით, დღგ-ის გარეშე. მეწარმის საკონტროლო-სალარო აპარატის მისამართად მითითებულია -----ის რაიონი, ---ის ქ. ---, №-, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერა განხორციელდა ქ. ----ის ----ს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინაიდან მეწარმის მიერ არ იქნა წარდგენილი დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის ანალიზით დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოწმების ფარგლებში, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი გაანგარიშდა აუდირებული ფასნამატის გათვალისწინებით, რომელიც აღებულ იქნა, იმავე ტერიტორიაზე, ანალოგიურ საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმების მონაცემებისაგან, რომელმაც შეადგინა 94%. აღნიშნული ფასნამატი გავრცელდა სმფ-ის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, რითაც გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის კუთვნილი შემოსავალი. შემოწმების შედეგად გამოვლენილ სხვაობაზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნია, როგორც ავტოსატრანსპორტო საშულებები, ასევე საცხოვრებელი სახლი. მეწარმეს არ აქვს დეკლარირებული შესაბამისი ქონების გადასახადი. შემოწმების შედეგად დადგენილი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავლის 25% წლების მიხედვით აღემატება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ 40 000 ლარიან ზღვარს. შესაბამისად, მეწარმეს წარმოეშვება ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება. ქონების გადასახადის მიზნებისათვის, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს შეადგინა 100 000 ლარზე მეტი, შესაბამისად, გამოყენებულია ქონების გადასახადის 0.8%-იანი განაკვეთი, ხოლო, 2023 წელს მეწარმის მიერ მიღებული შემოსავალი აღემატება 40 000 ლარიან ზღვარს და ნაკლებია 100 000 ლარზე. შესაბამისად, ქონების გადასახადის განაკვეთმა შეადგინა 0.2%. ამასთან, აღსანიშნია, რომ 2021 წელს მიღებული მცირე მეწარმის შემოსავლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს 2022 წლის ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულება არ წარმოეშვა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტი საფუძველზეც გამოიცა 28.11.2025 წლის №26186 ბრძანება და ამავე თარიღის №056- 80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 23.01.2026 წლის №779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 19.02.2026 წლის №26625/2/2026 (რეგ. 25.02.2026წ. 03/13238) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.01.2026 წლის №779 ბრძანება;

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ტერიტორიაზე იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (პირების) აუდირებული ფასნამატის შესახებ;

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის განსაზღვრისათვის შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეადაროს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ აუდირებულ მონაცემებს და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს 19.02.2026 წლის №26625/2/2026 (რეგ. -----) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელის 27.03.2026 წლის №--- განცხადებით წარდგენილია ინფორმაცია ორი პირის შესახებ, რომლებიც გადასახადის გადამხდელის განმარტებით წარმოადგენენ მეწარმის საქმიანობის ტერიტორიაზე იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. შემმოწმებლების მიერ დამატებით შესწავლილია წარდგენილი ინფორმაცია და დადგინდა, რომ განცხადებაში დაფიქსირებული ერთ-ერთი პირი (რომლის საგადასახადო შემოწმება შეწყვეტილია) საქმიანობას ახორციელებს ქალაქ --ში,--- რაიონში, რაც შეეხება მეორე პირს, შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მიერ ვერ დაიდენტიფიცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, რადგან აღნიშნულ პირს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლიც საშუალებას მისცემდა დაკავშირებულიყო შეძენილი/რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, მათ მიერაც გამოყენებულია სხვა პირის აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელი დარჩა საგადასახადო აქტში დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი, რომელიც აღებულია იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმების მონაცემებისაგან. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2026 წლის №15552 ბრძანება და ამავე თარიღის №056-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, 97-ე მუხლზე და განმარტავს, რომ შესაძლებელია, რომ შემოწმებისას გამოყენებული სხვა გადასახადის გადამხდელის ფასნამატი ასევე იყოს გასაჩივრებული, არასწორად გაანგარიშების ან სხვა გარემოებათა გამო.

შემოწმებისას, არ იქნა გათვალისწინებული, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ადგილია----ი, --- -, სადაც ადგილობრივი მომხმარებელი ცოტაა და ბაზარი გაჯერებულია, მოთხოვნა კი ბევრად დაბალია. ამავდროულად, შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული, რომ გადასახადის გადამხდელი ძირითადად საქმიანობას ახორციელებს საბითუმოდ და არა საცალო ვაჭრობას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სარეალიზაციო ფასებსა და შემოსავალზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.10.2023 წლის №24392 („ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ) ბრძანების მე-19 მუხლი, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს არაპირდაპირი მეთოდით ფასნამატის დადგენის წყაროებს. ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, კატეგორიულად მიუღებელია შემოწმების შედეგად განსაზღვრული ფასნამატი (94%).

გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის 27.03.2026 წლის №-- განცხადებით წარდგენილია ინფორმაცია ორი პირის საშუალო ფასნამატის შესახებ, საიდანაც ერთი იდენტურ/მსგავს საქმიანობას ახორციელებდა იგივე ტერიტორიაზე, სადაც მომჩივანი, ხოლო მეორე პირი, ---ის („----“) ბაზრობის ტერიტორიაზე ეწეოდა იდენტურ/მსგავს საქმიანობას. შემმოწმებელი 1.07.2026 წლის დასკვნაში საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შესახებ აღნიშნავს, რომ საგადასახდო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი გადაანგარიშების ეტაპზე არ შემცირებულა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმების პროცესში შემმოწმებლის მიერ არ მოხდა საქონლის ჯგუფებად დაყოფა და ფასნამატის ჯგუფების მიხედვით გადანაწილება, არამედ მოხდა ერთი საერთო უმაღლესი ფასნამატის გამოყენება; არ იქნა გათვალისწინებული, რომ მოცემული გადამხდელი რეალიზაციას ახორციელებს საბითუმოდ და არა საცალოდ, რაც მნიშვნელოვნად განასხვავებს სარეალიზაციო ფასებს და ფასნამატებს. ვინაიდან, შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული გადამხდელის მიერ წარდგენილი განცხადებაში მითითებული, მსგავსი/იდენტური საქონლით მოვაჭრე გადამხდელების ფასნამატი, საკითხის ობიექტურად შესწავლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლების მიერ დამატებით მოხდა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილას მსგავსი ან იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატის მოძიება. შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ----ში და აღნიშნული მეწარმეც ყიდის იდენტურ/მსგავს საქონელს. 2025 წლის ნოემბერში შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მას უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია და მისი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 10%-ს.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.10.2023 წლის №24392 („ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ) ბრძანების მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფასნამატის დადგენის წყარო შეიძლება იყოს „სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც იდენტიფიცირებადია პირის რეალიზაცია“. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემმოწმებლის მიერ ხსენებული მეწარმის დოკუმენტურ რეალიზაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა საშუალო შეწონილი ფასნამატი.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სხვა შემოწმების ფასნამატის“ ნაწილში არ უნდა არსებობდეს საგადასახადო შემოწმების შედეგების ბათილად (გაუქმებულად) გამოცხადების შესახებ შესაბამისი დავების განხილვის საბჭოს ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

ვინაიდან, აღნიშნული საშუალო შეწონილი ფასნამატი არ გამხდარა მსჯელობის საგანი არც შემმოწმებლისა და არც შემდგომ ეტაპზე დავების განმხილველი რომელიმე ორგანოს მიერ, ითხოვს გათვალისწინებულ იქნას და განხორციელდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების კორექტირება/შემცირება.

აგრეთვე, ითხოვს ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე შეფარდებული სანქციის შემცირებას, რადგან გადასახადის გადამხდელის შემოსავლების გაანგარიშებისას არ იცოდა ქონების გადასახადის გაანგარიშების დროს მცირე მეწარმის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის გათვალისწინებასთან დაკავშირებით. შემოსავლის, სწორად შემოწმებით განსაზღვრულზე ნაკლები ფასნამატით გადაანგარიშების შემდეგ, თუ დადგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი შეადგენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ოდენობას, მზად არის აღნიშნულ ნაწილში შეასრულოს ვალდებულება დეკლარაციის წარდგენის გზით.

 

დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საბჭოს 19.02.2026 წლის №26625/2/2026 (რეგ. ---) გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ტერიტორიაზე იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (პირების) აუდირებული ფასნამატის შესახებ; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის განსაზღვრისათვის შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეადაროს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ აუდირებულ მონაცემებს და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 19.02.2026 წლის №26625/2/2026 (რეგ.---) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელის 27.03.2026 წლის №--- განცხადებით წარდგენილია ინფორმაცია ორი პირის შესახებ, რომლებიც გადასახადის გადამხდელის განმარტებით წარმოადგენენ მეწარმის საქმიანობის ტერიტორიაზე იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. შემმოწმებლების მიერ დამატებით შესწავლილია წარდგენილი ინფორმაცია და დადგინდა, რომ განცხადებაში დაფიქსირებული ერთ-ერთი პირი (რომლის საგადასახადო შემოწმება შეწყვეტილია) საქმიანობას ახორციელებს ქალაქ --ში, -- რაიონში, რაც შეეხება მეორე პირს, შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მიერ ვერ დაიდენტიფიცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, რადგან აღნიშნულ პირს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლიც საშუალებას მისცემდა დაკავშირებულიყო შეძენილი/რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, მათ მიერაც გამოყენებულია სხვა პირის აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელი დარჩა საგადასახადო აქტში დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი, რომელიც აღებულია იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმების მონაცემებისაგან. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ დამატებით მოხდა გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილას მსგავსი ან იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირების ფასნამატის მოძიება. შედეგად, დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმე, ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა ----ში და ყიდის იდენტურ/მსგავს საქონელს. 2025 წლის ნოემბერში მის მიმართ შედგენილია საგადასახადო შემოწმების აქტი, სადაც აღნიშნულია, რომ მას უფიქსირდება დოკუმენტური რეალიზაცია და მისი საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 10%-ს. მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საშუალო შეწონილი ფასნამატის შესახებ არ გამხდარა მსჯელობის საგანი არც შემმოწმებლისა და არც შემდგომ ეტაპზე დავების განმხილველი რომელიმე ორგანოს მიერ, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელდეს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების კორექტირება/შემცირება. ხოლო, ქონების გადასახადში ითხოვს განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე შეფარდებული სანქციის შემცირებას და თუ დადგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის შემოსავალი შეადგენს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ოდენობას, მზად არის აღნიშნულ ნაწილში შეასრულოს ვალდებულება დეკლარაციის წარდგენის გზით.

აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2026 წლის №--- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარდგენილი დაბეგვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაცია, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდებით. კერძოდ, მეწარმის მიერ მიღებული/მისაღები შემოსავალი განისაზღვრა, შემოწმების ფარგლებში დადგენილი რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე 94%-იანი ფასნამატის გავრცელებით, რომელი ფასნამატიც თავის მხრივ მიღებულია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის/პირების შემოწმების ფარგლებში დაფიქსირებული ფასნამატის გაანგარიშების შედეგად. დამატებით აღსანიშნია, რომ აუდიტის დეპარტამენტში, პარალელურად მიმდინარეობდა იმ პირის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მონაცემიც წარადგინა გადასახადის გადამხდელმა. მიმდინარე საგადასახადო შემოწმებების ფარგლებში გამოკვეთილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ ი/მ ---ის და აღნიშნული პირის მაღაზიები მდებარეობს ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, კერძოდ, ი/მ -----ის საკონტროლო-სალარო აპარატის მისამართია ---ის რაიონი---ის ქ. ---, №-, ხოლო მეორე პირის ---ის რაიონი---, ---ის ქ. ---, №--. საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ ი/მ -----ის მიერ წარდგენილ საბანკო ამონაწერებში არ არის დაფიქსირებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები, ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის საშუალებით მიღებული შემოსავლის და შემოწმების ფარგლებში დაფიქსირებული რპთ-ის შეპირისპირებით მიიღება მინუსიანი ფასნამატი. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ----ის შემოწმების ფარგლებში გამოყენებულია, იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმებისას დაფიქსირებული ფასნამატი.

ამასთან, საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ იმ მეწარმის მიმართ, რომლის შესახებაც მონაცემები წარადგინა მომჩივანმა და რომლის მიმართაც ჩატარებულია კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემმოწმებელი შემოწმების აქტში მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა ინვენტარიზაციის შედეგებით და არა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატით (10%) და ვინაიდან გადამხდელს არ უფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაცია, არ წარუდგენია სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია-დოკუმენტაცია და შემოწმებისას ვერ მოხდა ერთეული საქონლის ჭრილში შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის იდენტიფიცირება, მეწარმის შემოსავალი გაანგარიშდა საკონტროლო-სალარო აპარატსა და საბანკო ამონაწერებში არსებული მონაცემების საფუძველზე. ამდენად, როგორც აღნიშნულ შემთხვევაში, ასევე ი/მ ----ის საგადასახადო შემოწმებისას გამოყენებულია, იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმებისას დაფიქსირებული ფასნამატი 94%-ის ოდენობით.

ასევე, მომჩივანი არგუმენტებს მიუთითებს იმ საკითხებზე, რაზეც საბჭოს 19.02.2026 წლის №26625/2/2026 (რეგ.----) გადაწყვეტილებით ნამსჯელი აქვს, საჩივარი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.02.2026 წლის №26625/2/2026 (რეგ. -----) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №26625/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №12622 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მეწარმის საქმიანობის, 1.01.2022 წლიდან 1.08.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 7.08.2025 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება.შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში,შემოწმების აქტი საფუძველზეც გამოიცა №26186 ბრძანება და №056-80 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №779 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №26625/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, სარეალიზაციო საქონლის ფასნამატთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის ტერიტორიაზე იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის (პირების) აუდირებული ფასნამატის შესახებ,ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის განსაზღვრისათვის შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შეადაროს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ აუდირებულ მონაცემებს და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

საბჭოს №26625/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის განცხადებით წარდგენილია ინფორმაცია ორი პირის შესახებ, რომლებიც გადასახადის გადამხდელის განმარტებით წარმოადგენენ მეწარმის საქმიანობის ტერიტორიაზე იდენტური/მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. შემმოწმებლების მიერ დამატებით შესწავლილია წარდგენილი ინფორმაცია და დადგინდა, რომ განცხადებაში დაფიქსირებული ერთ-ერთი პირი (რომლის საგადასახადო შემოწმება შეწყვეტილია) საქმიანობას ახორციელებს ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, რაც შეეხება მეორე პირს, შემოწმების ფარგლებში აუდიტორების მიერ ვერ დაიდენტიფიცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია, რადგან აღნიშნულ პირს არ გააჩნდა სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლიც საშუალებას მისცემდა დაკავშირებულიყო შეძენილი/რეალიზებული საქონელი. შესაბამისად, მათ მიერაც გამოყენებულია სხვა პირის აუდირებული ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უცვლელი დარჩა საგადასახადო აქტში დაფიქსირებული აუდირებული ფასნამატი, რომელიც აღებულია იმავე ტერიტორიაზე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის შემოწმების მონაცემებისაგან. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15552 ბრძანება და №056-54 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №26625/2/2026 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);