ბრძანება N 4970
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4970
06 მარტი 2024
ბრძანება
შპს „----- -ის “ (ს/ნ "-------")
(ფაქტ. მის.: "-------" )
2024 წლის 7 თებერვლის საჩივარის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") 2024 წლის 7 თებერვლის №87538/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №006-613 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1.გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი ობიექტის საშუალო შესყიდვის ფასის გამოყენებას. განმარტავს, რომ ავტომობილის მეორადი კატალიზატორის შეძენა სხვადასხვა დროს განხორციელებულია დაახლოებით 1 000-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან, ხოლო ყველა შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა ან არ ხდებოდა შესყიდვის აქტის გაფორმება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც იწვევდა საბუღალტრო ჩანაწერებში შეცდომებს, რაც საბოლოოდ აისახებოდა კომპანიის სალაროში დაგროვილ ვირტუალურ ნაშთზე. აცხადებს, რომ შეძენილი საქონელი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან შემადგენლობით. აქედან გამომდინარე განსხვავდება ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის ფასებიც. შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია 12 068 000 ლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი. საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის ღირებულებად აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს დაახლოებით 8 150 000 ლარი. გადამხდელი განმარტავს, რომ მანქანის მეორადი კატალიზატორის ფასის დადგენა და განსაზღვრა ხდება ყოველდღიურად ლონდონის საფონდო ბირჟაზე დადგენილი ფასების შესაბამისად, აქედან გამომდინარე აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი ობიექტის საშუალო ფასის გამოყენება არასწორია, თუ საანგარიშო პერიოდები ერთმანეთისგან განსხვავებულია. აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით დამუშავებულია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტის გზით რეალიზებული კატალიზატორების შეძენის ღირებულება ამავე შესამოწმებელ პერიოდში აღემატება 11 000 000 ლარს. გადამხდელი აცხადებს, რომ სრულად იქნება მიწოდებული მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტისთვის. ასევე აღნიშნავს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული გამოსაქვითი ხარჯები და დასაზუსტებელია ხარჯების ოდენობა, მათ შორის შესყიდვის აქტები, ტრანსპორტირების ხარჯები და ა.შ.
2. გადამხდელი მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 29 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 დეკემბრის №006-613 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების ჯგუფმა საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი, რომლის შედეგადაც დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია მსგავსი აუდირებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენის საშუალო ფასის გამოყენებით. გადაანგარიშების პროცესში ასევე გამყარდა შემოწმებით გამოყენებული საშუალო ფასის სანდოობა. შესაბამისად არ არსებობს საფუძველი შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია მსგავსი აუდირებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენის საშუალო ფასის გამოყენებით.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------ -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი ობიექტის საშუალო შესყიდვის ფასის გამოყენებას.
2.გადამხდელი მიუთითებს შეცდომა/არცოდნაზე და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების ჯგუფმა საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი, რომლის შედეგადაც დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია მსგავსი აუდირებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენის საშუალო ფასის გამოყენებით. გადაანგარიშების პროცესში ასევე გამყარდა შემოწმებით გამოყენებული საშუალო ფასის სანდოობა. შესაბამისად არ არსებობს საფუძველი შემცირდეს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(5),304(21).