ბრძანება N 673
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 673
20.01.2023
შპს ------- (ს/ნ --------------)
(იურ. მის.: -------------------------)
2022 წლის 29 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა შპს -----(ს/ნ---------) №215980/21-10-17 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 2 ნოემბრის №EL189358 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქონელი შეიძინა Amazon-ის ვებ-გვერდიდან. ამ საიტზე თანხა ათასეულების ჭრილში გამოყოფილია მძიმით და შესაბამისად შეძენილი პროდუქციის ღირებულებაც მოცემული იყო 3,849.93$-ს სახით. გადამზიდი კომპანიის საიტზე დეკლარაციის შევსებისას ეს თანხა Copy-Paste-თ გადატანილ იქნა შესაბამის გრაფაში. გადამზიდი კომპანიის საიტმა აღიქვა, როგორც 3$ და დანარჩენი ციფრები წაშალა. მომჩივნის მითითებით, შეცდომა გამოწვეულია უყურადღებობის გამო.აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს დაკისრებული ჯარიმის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერს, საფოსტო გადამზიდავის – შპს „---------“ მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შპს ------- (ს/ნ --------------) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №----------- საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით - 3 აშშ დოლარი. შესაბამისად, გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხაში.
გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ საფოსტო გზავნილის შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობა №----------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელსა და დეკლარანტის მიერ წარდგენილ ღირებულებას შორის.
საბაჟო ორგანოს მოთხოვნის შედეგად შპს ------- (ს/ნ --------------) წარმოადგინა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის ინვოისი (№----------- 12.10.2022), რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულება შეადგენს 3849.93 აშშ დოლარს.
ვინაიდან, საბაჟო დეკლარაციასა და შპს ------- (ს/ნ --------------) მიერ წარმოდგენილ თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემების არსებობამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება – 1917.95 ლარით, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 2 ნოემბერს შედგენილ იქნა №EL189358 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს ------- (ს/ნ --------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1917.95 ლარის (იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.
შპს ------- (ს/ნ --------------) არ წარმოუდგენია ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად, №----------- საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე არ არის დასრულებული გაფორმების ფორმალობები.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 1917.95 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, დასტურდება საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება და სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქცია მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ------- (ს/ნ --------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2022 წლის 2 ნოემბრის №EL189358 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან;
3.დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს, განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.