ბრძანება N 11422

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.05.2026
№ დოკუმენტი 11422
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11422

25 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 20 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 20 აპრილის №101860/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მარტის №083-9 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ 2023 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით გადამხდელის კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „-------“ მიმართ შეადგენს 1 664 266 ლარს. განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა სრულად არის ანაზღაურებული გადამხდელის მიერ, რომელიც დასტურდება 2023 წლის 4 აპრილის ბრძანებით დანიშნული საგადასახადო შემოწმებით. მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული თანხა მიღებული აქვს შპს „-------“ ხელმძღვანელ პირებს, თუმცა, შესაბამისი დოკუმენტების (სალაროს შემოსავლის ორდერები) წარმოდგენას თავს არიდებენ. განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს შპს „-------“, შპს „-------“, და შპს „-------“ შორის 2023 წლის 10 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება, რომლის თანახმად შპს „-------“ შპს „-------“ ნაცვლად შპს „-------“ უნდა გადაეხადა 1 000 000 ლარი, რომლის გადარიცხვაც რეალურად განხორციელდა. მიუთითებს, რომ აღნიშნული თანხიდან დავალიანება დარჩა 664 266 ლარი, საიდანაც საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 132 853 ლარს. ამასთან, განმარტავს, რომ კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 1 664 266 ლარს, ხოლო შემოწმების აქტში კრედიტორული დავალიანების ოდენობად მითითებულია 2 080 333 ლარი, რომელზეც განხორციელდა თანხის დარიცხვა, შესაბამისად, გადამხდელისთვის გაუგებარია თუ როგორ გაანგარიშდა აღნიშნული თანხა. ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 მარტის №5506 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში, შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ შპს „-------“ (ს/ნ -------) განხორციელებული ოპერაციებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესწავლისა და ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 26 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 27 მარტის №6871 ბრძანება და ამავე თარიღის №083-9 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 838 581 ლარი, მათ შორის, გადასახადი 416 066 ლარი, ჯარიმა 208 033 ლარი, საურავი 214 482 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

------- საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 22 თებერვლის ბრძანებისა და ------- სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 6 მარტის (№40460/21-14) წერილის საფუძველზე დაინიშნა გადამხდელის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ 2023 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით გადამხდელის კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „-------“ მიმართებით შეადგენს 1 664 266 ლარს. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №7212 ბრძანების საფუძველზე ჩატარებულია სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის მიხედვით შპს „-------“ არსებული კრედიტორული დავალიანება ჩაითვალა გადახდილად. გადამხდელი შემოწმებასთან არ თანამშრომლობდა. შემოწმებით დადგინდა, რომ დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების ნაშთი ნულის ტოლია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია (გასავლის ორდერი, ურთიერთშედარების აქტი, საბანკო გადარიცხვა) კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა, შესაბამისი ინფორმაცია/ დოკუმენტაცია არ იქნა მოწოდებული. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში ნაღდი ფულის არსებობა სალაროში არ დასტურდება. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს „-------“ და შპს „-------“ შორის განხორციელებული ოპერაციები, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2023 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით გადამხდელის კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „-------“ მიმართებით შედგენს 1 664 266 ლარს. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 აპრილის №7212 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების მიხედვით, შპს „-------“ არსებული კრედიტორული დავალიანება ჩაითვალა გადახდილად. გადამხდელს არ წარუდგენია კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში ნაღდი ფულის არსებობა სალაროში არ დასტურდება. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს „-------“ და შპს „-------“ შორის განხორციელებული ოპერაციები, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან, საშემოსავლო გადასახადით კრედიტორული დავალიანებიდან მხოლოდ დარჩენილი 664 266 ლარის დაბეგვრასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ შპს „-------“ მიმართ 2023 წლის ივნისის მდგომარეობით უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 1 664 266 ლარის ოდენობით. ამასთან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შპს „-------“, შპს „-------“, და შპს „-------“ შორის 2023 წლის ნოემბრის თვეში გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, შპს „-------“ შპს „-------“ ნაცვლად შპს „-------“ უნდა გადაეხადა 1 000 000 ლარი. შემოწმება დაუკავშირდა შპს „-------“, მაგრამ, ვერ დადასტურდა აღნიშნული თანხის გადახდის ფაქტი. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრა 1 664 266 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელის კრედიტორული დავალიანების ნაშთი შპს „X“-სთან მიმართებით შედგენს 1 664 266 ლარს. ამავდროულად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების მიხედვით, შპს X “ არსებული კრედიტორული დავალიანება ჩაითვალა გადახდილად. გადამხდელს არ წარუდგენია კრედიტორული დავალიანების დაფარვის შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ასევე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის საწარმოში ნაღდი ფულის არსებობა სალაროში არ დასტურდება. შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა მხარეებს შორის განხორციელებული ოპერაციები, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები და აღნიშნული ოპერაციებიდან წარმოშობილი ფულის ნაშთი, რომლის არსებობაც საწარმოში ვერ დადასტურდა, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154