გადაწყვეტილება №21830/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21830/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21830/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 9.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21830/2/2024).

 

დავის საგანი:

საგადასახადო შემოწმების შედეგები (მომჩივნის განმარტებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით).

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 13.10.2023 წლის №023-24 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32088 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 590 827.17 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 363 746

დღგ - 118 861

მოგების გადასახადი - 264

საშემოსავლო გადასახადი - 244 621

ჯარიმა - 182 909

საურავი - 44 172.17

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ასფალტბეტონის წარმოება, შენობების საერთო მშენებლობა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის №12295 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 29.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

გადასახადის გადამხდელმა მოთხოვნილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია არ წარადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა (ელ. ზედნადებები და ანგარიშ-ფაქტურები) და საბანკო ამონაწერის მიხედვით. რეალიზაციის ამსახველი გამოწერილი დოკუმენტების ნაწილი არ არის სრულად დეკლარირებული. ასევე, საბანკო ამონაწერით გამოვლინდა, რომ რამდენიმე კლიენტს მიღებულ დოკუმენტებზე მეტი აქვს ჩარიცხული. ბანკის ამონაწერის მიხედვით, ეს არის მომსახურების, იჯარის და მასალის თანხები, შესაბამისად, ამ თანხით გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, საგადასახადო შემოწმებით განხორციელდა საწარმოს დამფუძნებლიდან და დირექტორიდან გამოწერილი საფ-ებით მიღებული ჩათვლების გაუქმება, რომლებიც გამოწერილია მომსახურების და ავანსის საფუძვლით. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო შეუძლებელი იყო იმის დადგენა, ეს საფ-ები გამოიყენება თუ არა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში, რაც სავალდებულოა დღგ-ის ჩათვლის მისაღებად საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის შესაბამისად. დასაბეგრი ბრუნვის კორექტირების და ჩათვლის შემცირების გამო კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საწარმოს ანგარიშიდან გადარიცხულია შემოწირულობა პოლიტიკური პარტიისათვის 1 500 ლარის ოდენობით, რაც საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

საწარმოს მიერ წარდგენილი დეკლარაციების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი დაკავებულია 70 320 ლარის გაცემულ ხელფასებზე (ხელზე გაცემული თანხა შეადგენს 56 256 ლარს). მხოლოდ საბანკო ამონაწერის მიხედვით, ხელფასებისთვის გაცემულია 90 570 ლარი. ასევე, გაანგარიშდა საწარმოს ფულადი ნაშთის ოდენობა შემოსავლებისა და გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს მონაწილეობა არ მიუღია საგადასახადო შემოწმების პროცესში და საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაცია არაა წარდგენილი, ამიტომ ყველა რეალიზაციის თანხა ჩაითვალა მიღებულად. რადგან საგადასახადო შემოწმებით ვერ დადგინდა ნაშთად არსებული თანხების საწარმოში არსებობა ან მისი სხვადასხვა დანიშნულებით გახარჯვა, ფულის ნაშთი 905 855 ლარი ჩაითვალა საწარმოს ხელმძღვანელის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად. ვინაიდან საწარმოს მიერ არ არის წარდგენილი საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის ამსახველი ინფორმაცია, ამიტომ არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 12.10.2023 წლის №25403 ბრძანება და 13.10.2023 წლის №023-24 საგადასახადო მოთხოვნა, რომლებიც 11.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32088 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე.

მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტთან მიმართებაში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ არის განსაზღვრული საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არ ეთანხმება. შემმოწმებლების მიერ სრულად არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი ხასიათის გარემოებები. წარდგენილი მონაცემებით მიუხედავად მცირე ხარვეზებისა, შესაძლებელია კონტროლის გავრცელება ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასასრულზე. ამასთან, შემმოწმებლების მხრიდან სათანადოდ დასაბუთებული არ არის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები. მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლზე და აცხადებს, რომ შემმოწმებლების მიერ დასახელებული და წარდგენილი არ არის შესადარი კომპანია, ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია (ოქმი ან სხვა დოკუმენტი), რომელიც დაადგენდა რეალურ სურათს. გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდები არ არის შესადარისი კონკრეტულ კომპანიასთან და შესაბამისად, გამოყენებული მეთოდები არ გამომდინარეობს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მომჩივანი შემოწმების შედეგად საგადასახადო ორგანოს მიერ დარიცხვის საფუძვლად მითითებულ სამართლებრივ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე არგუმენტს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება, საჩივარში მითითებულ არგუმენტს, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით და 7.02.2024 წლის №-------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შემოწმების პროცესში არ იყო გამოყენებული შემოსავლების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, გადამხდელის მიერ გამოწერილი დოკუმენტებით და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით. ამასთან, გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, არ წარუდგენია რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაზეც შედგენილია შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. მომჩივანს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ და ორივეჯერ დაჯარიმდა წარუდგენლობის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, ამდენად, არ არსებობს მათი გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო შემოწმების შედეგები (მომჩივნის განმარტებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით).

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ასფალტბეტონის წარმოება, შენობების საერთო მშენებლობა. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. მომჩივანს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ და ორივეჯერ დაჯარიმდა წარუდგენლობის გამო.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(5);