გადაწყვეტილება №20715/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20715/2/2023
28 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 30.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20715/2/2023).
დავის საგანი:
1. სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული საწარმოს წილის და უძრავი ქონების ღირებულების შეფასება;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-644 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 670 139,6 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 885 928
დღგ - 133 491
საშემოსავლო გადასახადი - 752 437
ჯარიმა - 440 838
საურავი - 343 373,6
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის საგანს წარმოადგენს თევზის მოშენება და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.09.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2019 წლის №29235 ბრძანებით მოცული საკითხებისა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-644 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1.სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული საწარმოს წილის და უძრავი ქონების ღირებულების შეფასება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიას ყოფილი დირექტორის მიმართ - ------ზე აღიარებული ჰქონდა სახელფასო დავალიანება 200 000 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნულზე -----------ომ მიმართა სასამართლოს. 3.10.2020 წლის მორიგების აქტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 9.10.2020 წლის განჩინების საფუძველზე შეწყდა საქმის წარმოება და მოპასუხე შპს ---------იმ მოსარჩელე -----ოს არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შპს ---------ის (ს/ნ -------------) წილის 49% - ღირებულებით 2 058 588 ლარი, ასევე, შემდეგი უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით: -----, ---- და ----- ჯამური ღირებულებით 186 236 ლარი. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით სახელფასო განაცემის ჯამური ღირებულება შეადგენს 2 847 934 ლარს. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით გადახდის წყაროსთან სახელფასო განაცემი დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო 161-ე მუხლის თანახმად ზემოაღნიშნული ქონების გადაცემა წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ობიექტს - 232 795 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-8 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლსა და დადგენილ ფაქტობრივი გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში სადავოდ ხდის ----ოს სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონებების და შპს ---------ი (ს/ნ -------------) 49%-იანი წილის ღირებულებას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, უძრავი ქონებების ჯამური ღირებულება 2020 წლის 6 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 74 694 ლარს. ამასთან, სადავოა შპს -------ის 49%-იანი წილის ღირებულებაც. საწარმოს წილის შეფასების დროს შემოწმების მიერ დაცული უნდა იქნას შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. საჩივართან ერთად წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უძრავი ქონებების ღირებულების შეფასებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონებების და წილის ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება წილის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ასევე, საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონებების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული აქტივების ღირებულებები, თუმცა კი ნათლად არ ჩანს კონკრეტულად რა მონაცემებზე დაყრდნობით იქნა შეფასებული და როგორ განისაზღვრა აღნიშნული ღირებულებები.
მაგალითად, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, უძრავი ქონებების (ს/კ ------, ----- და ------) ჯამური ღირებულება განსაზღვრულია 186 236 ლარით, მაშინ როცა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით აღნიშნული ქონებების ჯამური ღირებულება 6.07.2020 წლის მდგომარეობით შეადგენს 74 694 ლარს.
სადავოა და გადახედვას ექვემდებარება შპს ---------ი (ს/ნ -------------) 49%-იანი წილის ღირებულებაც. საწარმოს წილის შეფასების დროს შემოწმების მიერ დაცული უნდა იქნეს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები/მეთოდოლოგია და ღირებულება უნდა განისაზღვროს აქტივებზე დაფუძნებული მიდგომით, რომელიც ეყრდნობა ჩანაცვლების პრინციპს და აღნიშნული მეთოდის გამოყენებისთვის საჭიროა საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების ნარჩენი ღირებულების გათვალისწინება შეფასების თარიღის მდგომარეობით.
18.08.2023 წლის №20519 ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება წილის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების წარმოდგენაზე. მოძიებული ინფორმაციით და საშემფასებლო კომპანიებთან/სამსახურებთან კომუნიკაციით გაირკვა, რომ საზოგადოების წილის ღირებულების განსაზღვრის მომსახურება (დასკვნის გაცემა) კოლოსალურ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაც კომპანია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ვერ უზრუნველყოფს. შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით საწარმოს წილი უნდა შეაფასოს შემმოწმებელმა ორგანომ, რათა არ შეიზღუდოს გადასახადის გადამხდელის კანონისმიერი უფლებები მასზე არაგონივრული დამატებითი ხარჯების დაკისრებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის 19.04.2023 წლამდე მოქმედი რედაქციით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიამ ყოფილ დირექტორს სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ საკუთრებაში გადასცა შპს ---------ი (ს/ნ -------------) წილის 49% - ღირებულებით 2 058 588 ლარი და უძრავი ქონებები საკადასტრო კოდებით:---------- და ------- ჯამური ღირებულებით 186 236 ლარი.
მომჩივანი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია გადაცემული აქტივების ღირებულებები, თუმცა არ ჩანს კონკრეტულად როგორ განისაზღვრა აღნიშნული ღირებულებები. ასევე, სადავოა შპს ---------ი (ს/ნ -------------) 49%-იანი წილის ღირებულებაც.
შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანებით, საწარმოს ყოფილი დირექტორის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული უძრავი ქონებების და წილის ღირებულების დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება წილის ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და ასევე, საჩივარზე თანდართული ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონებების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს აქვს როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ასევე საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები. მიღებული შემოსავლები განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მონაცემების ანალიზის შედეგად. შემოსავლების განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილი დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებები, რომლის განაშთვა ხდება ქვეზედნადებებით, ხოლო ფიზიკურ პირებზე რეალიზაციის შემთხვევაში არ ხდება ქვეზედნადების გამოწერა და განაშთვა ხდება საკონტროლოსალარო აპარატის საშუალებით. აღნიშნული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვას შორის.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ 59 015 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
მიღებული სხვაობა შემოწმებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე --------ზე (------) გაცემულ ხელფასად, შესაბამისი პერიოდების მიხედვით და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სხვაობა როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის. გამოვლენილ სხვაობებზე გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დღგ. ამასთან, მიღებული სხვაობა შემოწმებით დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად შესაბამისი პერიოდების მიხედვით.
საჩივარში გადამხდელი აცხადებს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას შემოწმების მიერ დაშვებულია რიგი შეცდომები/ხარვეზები, რაც გამოიხატება შემდეგში:
- დღგ-ით დასაბეგრ ბაზებში დუბლირებით არის ჩართული ე.წ. დისტრიბუციის წესით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თანხები. აღნიშნავს, რომ მეწარმე ტექნიკურად არასწორად ახდენდა დისტრიბუციის ზედნადებისას ქვეზედნადებების გამოწერას. კერძოდ, ნაცვლად ქვეზედნადების შედგენისა და დისტრიბუციის ზედნადებთან მათი დაკავშირებისა, ახდენდა ახალი ზედნადების გამოწერას. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის იდენტიფიცირება კარგად შეიძლება გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული ჩანაწერების (პროგრამა ორისის) მეშვეობით, სადაც ყველა რეალიზაცია სრულად არის იდენტიფიცირებული და ნათლად ჩანს, რომ რეალიზაციაში დაფიქსირებულია, შესაბამისად რაოდენობრივად ჩამოწერილია რეალიზაციასთან დაკავშირებული პროდუქციის (თევზის) ის ოდენობა, რომლებიც დაფიქსირებულია კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. ამდენად, ცალკე დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული პროდუქცია (თევზი) არც რეალიზაციაშია ჩასმული და არც შესაბამისი რაოდენობრივი ჩამოწერებია განხორციელებული;
- სსა-ების მეშვეობით (ე.წ. ფისკალით) ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებული პროდუქციის თანხა, შემმოწმებელს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ჩასმული აქვს დღგ-ის ჩათვლით და არა დღგ-ის გარეშე თანხით;
- სსა-ების მეშვეობით (ე.წ. ფისკალით), ნაღდი ანგარიშსწორებით გაყიდული პროდუქციის თანხა, შემმოწმებლის მიერ ზოგიერთ თვეში მთლიანად არის მიკუთვნებული საცალო რეალიზაციის თანხაზე და არ არის გათვალისწინებული იდენტიფიცირებადი იურიდიული პირების მიერ განხორციელებული გადახდები, რომლებზეც გამოწერილია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები.
ამასთან, გადამხდელისთვის გაუგებარია რა ლოგიკით მოხდა, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შესაძლო სხვაობის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დაკისრება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარში მოყვანილი არგუმენტები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
სწორად არის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი თანხები და წარდგენილ დეკლარაციებსა და დოკუმენტურად დადასტურებულ (მ.შ. rs.ge-ზე ასახულ) მონაცემებს შორის არსებითი სხვაობები არ ფიქსირდება. როგორც გაირკვა, დღგ-ით დასაბეგრი ბაზების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ დაშვებულია რიგი შეცდომები/ხარვეზები, რაც გამოიხატება შემდეგში:
1. დღგ-ით დასაბეგრ ბაზებში გაორმაგებულად არის ჩართული ე.წ. დისტრიბუციის წესით გამოწერილი ზედნადებების თანხები. მეწარმე სუბიექტი ტექნიკურად არასწორად ახდენდა დისტრიბუციის ზედნადების საფუძველზე გამოწერილი ქვეზედნადებების გამოწერას. კერძოდ ნაცვლად ქვეზედნადების შედგენისა და დისტრიბუციის ზედნადებთან მათი დაკავშირებისა, ახდენა ახალი ზედნადების გამოწერას. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზის იდენტიფიცირება კარგად შეიძლება გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული ჩანაწერების (პროგრამა „ორისის“) მეშვეობით, სადაც ყველა რეალიზაცია სრულად არის იდენტიფიცირებული და ნათლად ჩანს, რომ რეალიზაციაში დაფიქსირებულია და შესაბამისად რაოდენობრივად ჩამოწერილია რეალიზაციასთან დაკავშირებული პროდუქციის (თევზის) ის რაოდენობა, რომლებიც დაფიქსირებულია კომპანიის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. შესაბამისად, ცალკე დისტრიბუციის ზედნადებებში ასახული პროდუქცია (თევზი) არც რეალიზაციაშია ჩასმული (ვინაიდან არ ქონია ადგილი დამოუკიდებლად გაყიდვის ფაქტს) და არც შესაბამისი რაოდენობრივი ჩამოწერებია განხორციელებული;
2. სსა-ების მეშვეობით (ე.წ. ფისკალით) ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზებული პროდუქციის თანხა, შემმოწმებელს დღგ-ით დასაბეგრ მთლიან ბაზაში ჩასმულია დღგ-ის თანხიანად და არა დღგ-ის გარეშე თანხით;
3. სსა-ების მეშვეობით (ე.წ. ფისკალით), ნაღდი ანგარიშსწორებით გაყიდული პროდუქციის თანხა, შემმოწმებლის მიერ ზოგიერთ თვეში მთლიანად არის მიკუთვნებული საცალო რეალიზაციის თანხაზე და არაა გათვალისწინებული იდენტიფიცირებადი იურიდიული პირების მიერ განხორციელებული გადახდები (რომლებზეც გამოწერილია შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები).
გარდა ამისა, სავსებით გაუგებარია რა ლოგიკით მოხდა, დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში შესაძლო სხვაობის დაკვალიფიცირება, როგორც ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დაკისრება. დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში შესაძლო სხვაობების შემთხვევაშიც კი, ეს არ ნიშნავს, რომ საწარმომ დამატებით მიიღო თანხები (რაც არ დასტურდება არაფრით), რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ანგარიშვალდებულ პირზე განაცემად.
შემოწმების პროცესში აუდიტორებისათვის წარდგენილი იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მ.შ. ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული ბაზის ასლი, სსა-ის ჩეკები, სასაქონლო ზედნადებები და სხვა), რითაც შეიძლებოდა სადავო საკითხთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინება და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის აუდიტორების მოთხოვნის საფუძველზე ჩვენს მიერ დამატებით იქნა წარდგენილი მტკიცებულებები (რეალიზაციების, მ.შ. დისტრიბუციისა და ქვეზედნადებების ჩაშლის დეტალური ცხრილები) სადავო საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში ნამსჯელი არ არის და დაუდგენელია, რა მოტივით არ იქნა გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები.
ცალკე გამოსაყოფია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში, განყოფილებაში „ინფორმაცია გადასახადის გადამხდელთან გამოყენებული დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მეთოდის შესახებ“ - მითითებულია, რომ საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად: პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე).
შემმოწმებლებს არ გააჩნდათ არანაირი წინაპირობა და სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ გამოეყენებინათ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით გათვალისწინებული არაპირდაპირი მეთოდები.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს მიერ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები (მ.შ. ჯარიმა-საურავები) და უნდა მოხდეს გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება (შემცირება).
18.08.2023 წლის №20519 ბრძანებაში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შემოწმების პროცესშიც და შემდგომაც, ჩვენს მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება და შესაბამისი გაანგარიშებები სადავო საკითხთან დაკავშირებით (მ.შ. ელექტრონული ფოსტის მეშვეობით).
შესაძლებელია მომჩივნის მონაწილეობით დამატებით იქნას შესწავლილი საკითხი, ყოველმხრივ გამოკვლეული და დადგენილი იქნეს ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და აცხადებს, რომ აღნიშნული მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მონაცემების, ასევე დისტრიბუციის სასაქონლო ზედნადებების, ქვეზედნადებების და საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემების გათვალისწინებით გამოვლინდა სხვაობა როგორც დღგ-ით დასაბეგრ, ისე გათავისუფლებულ ბრუნვებს შორის.
მომჩივანი განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები დეკლარირებულია სწორად და დოკუმენტურად დადასტურებულ (მ.შ. rs.ge-ზე ასახულ) მონაცემებთან არსებითი სხვაობები არ ფიქსირდება. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების განსაზღვრისას შემმოწმებლის მიერ დაშვებულია რიგი შეცდომები/ხარვეზები.
შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. სახელფასო დავალიანების სანაცვლოდ გადაცემული საწარმოს წილის და უძრავი ქონების ღირებულების შეფასება;
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 22.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.09.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2019 წლის №29235 ბრძანებით მოცული საკითხებისა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №006-644 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის 18.08.2023 წლის №20519 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“); 159(1 „ა“ და „ბ“);
(2021 წლამდე მოქმედი) 161(1„ა“)