ბრძანება N 21102

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.09.2026
№ დოკუმენტი 21102
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21102

25 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ს“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -------------------------------- )

2026 წლის 29 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა შპს „--------ს“ (ს/ნ -----------------) 2026 წლის 29 ივლისის №----/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №006-277 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ საქვეანგარიშო თანხის გატანა მოხდა საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის. კომპანიის საქმიანობის დროებითი პაუზა ან შეწყვეტა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს თანხა დირექტორის პირად სარგებელს (ხელფასს) წარმოადგენს. აცხადებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, ხელფასად მიიჩნევა დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული სარგებელი. ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომ აღნიშნული თანხა დირექტორმა პირად სარგებლობაში გამოიყენა, იგი წარმოადგენდა საწარმოს მიმდინარე ხარჯების დასაფარად გაღებულ სახსრებს. გადამხდელი მიიჩნევს, რომ ამ თანხის ხელფასად კვალიფიკაცია და 20%-ით დაბეგვრა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული მომსახურებები გაწეულია ფ/პ ------ის (პ/ნ --------) მიერ, რომელსაც აქვს შესაბამისი საგადასახადო სტატუსი, კერძოდ, არის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი, რომელიც მინიჭებული აქვს 2020 წელი პირველ თებერვალს. აღნიშნულის გათვალისწინებით გადამხდელი მიუთითებს, რომ მცირე ბიზნესზე გაცემული გადახდისას საწარმო თავისუფლდება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების ვალდებულებისაგან.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მაისის №10437 და №10513 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ს“ (ს/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №1262 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის პირველი ივლისის №14821 ბრძანება და ამავე თარიღის №006-277 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 29 497 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 214 ლარი, ჯარიმა 9 056 ლარი და საურავი 2 227 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა შპს „--------ს“ (ს/ნ -----------------) ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. კერძოდ, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონლის/მომსახურების და სმფ-ის ანალიზის შედეგად დადგინდა მიღებული ფულადი სახსრები, გათვალისწინებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე, ბიუჯეტში გადახდილი და უკან დაბრუნებული თანხები. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადამხდელს არ უფიქსირდება დებიტორ-კრედიტორული დავალიანება. გარდა ამისა, დადგინდა, რომ შპს „-------ს" უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კომპანიის ანგარიშიდან საქვეანგარიშო დანიშნულებით გაიტანა თანხა, რომელიც პერიოდის ბოლოს დაბრუნებული არ არის. ვინაიდან შპს „------ს“ საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2025 წლის ნოემბრის შემდეგ, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე, --------ზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. პირს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. საწარმოს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების გზით გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე საზაფხულო ბანაკების ორგანიზება, ასევე, სხვადასხვა სატრეინინგო მომსახურების გაწევა. შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები და ბუღალტერია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილია მომსახურების ანაზღაურების თანხები, ჯამში ხელზე გადახდილია 8 500 ლარი, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, თანხების მცირე მეწარმის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისთვის გადახდასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ დირექტორმა კომპანიის ანგარიშიდან საქვეანგარიშოდ გაიტანა თანხა, რომელიც პერიოდის ბოლოს დაბრუნებული არ არის. კომპანიას 2025 წლის ნოემბრიდან საქმიანობა შეწყვეტილი აქვს. დირექტორის განმარტებით ეს თანხა იყო ფიზიკურ პირებზე და მცირე მეწარმეებზე გადახდილი თანხები, ხარჯების ნაწილი ვერ დადასტურდა შესაბამისი დოკუმენტაციით. დაუდასტურებელი ხარჯის თანხები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. დირექტორის განმარტებით საქვეანგარიშო თანხებში შედიოდა მცირე მეწარმე -----თან გაწეული ხარჯებიც. ხარჯების ნაწილი ვერ დადასტურდა შესაბამისი დოკუმენტაციით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მხარეებს შორის გაფორმებლი ხელშეკრულებით მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 32 000 ლარით. შემოწმების პროცესში ი/მ ------ის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით დადასტურდა 20 000 ლარის ოდენობით გაწეული ხარჯი, თუმცა დარჩენილ 12 000 ლარზე განაცხადა, რომ დანამდვილებით ვერ ადასტურებდა მიღების ფაქტს. აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით დამატებით რაიმე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, ეს თანხა შევიდა საქვეანგარიშოდ გაცემულ თანხებში და დაიბეგრა კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება, დავების ეტაპზე წარმოდგენილ ახსნაგანმარტებას, რომელიც წარმოდგენილი იყო ნაწილობრივ თანხაზე, 8 000 ლარზე, აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ არ არის სათანადო წესით დამოწმებული და არ წარმოადგენს ავთენტურ დოკუმენტს ხარჯის დასადასტურებლად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2 , 21 და 22 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „--------ს“ (ს/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად მიჩნევას და მომსახურების ანაზღაურებისთვის გადახდილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.ითხოვს შემოწმებით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №10437 და №10513 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის პირველი აპრილიდან 2026 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის №1262 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №14821 ბრძანება და №006-277 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 29 497 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 214 ლარი, ჯარიმა 9 056 ლარი და საურავი 2 227 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი. დადგინდა, რომ საწარმოს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა კომპანიის ანგარიშიდან საქვეანგარიშო დანიშნულებით გაიტანა თანხა, რომელიც პერიოდის ბოლოს დაბრუნებული არ არის. ვინაიდან კომპანიას საქმიანობა შეწყვეტილი აქვს 2025 წლის ნოემბრის შემდეგ, აღნიშნული თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. პირს, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

ასევე, შემოწმების პროცესში დამუშავებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ანგარიშები და ბუღალტერია, რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე გადახდილია მომსახურების ანაზღაურების თანხები, ჯამში ხელზე გადახდილია 8 500 ლარი, რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების მიერ აღნიშნული თანხები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ და „დ“. 2 „ა“ და „ბ“. 3 „ა“); 269(7); 275(1.2, 21. 22);