ბრძანება N 13448
📄 სრული ტექსტი
N 13448
25 ივნისი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“)
2025 წლის 4 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №48) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ„-------“) №96047/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მაისის №002-50 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრას და განმარტავს, რომ ოპერაციის განხორციელების მომენტში მხარეების მიერ განსაზღვრული ფასი შეესაბამებოდა ოპერაციის განხორციელების მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 14 ნოემბრის №24132 და 2025 წლის 5 მარტის №3829 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის“ (ს/ნ „-------“ ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვირდან 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 29 აპრილს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2025 წლის 6 მაისის №8873 ბრძანება და ამავე თარიღის №002-50 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 36 728 ლარი, მათ შორის გადასახადი 21 309 ლარი, ჯარიმა 10 404 ლარი და საურავი 5 015 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
შპს „-------“ (ს/ნ „-------“) ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და აშენებული საცხოვრებელი ფართების რეალიზაციას შავი კარკასის მდგომარეობით.
ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს 467 739 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურება ფ/პ "-------"-სთვის (საცხოვრებელი ფართი, "-------" ). გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 851 350 ლარს, ხოლო შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 941 099 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმომ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ფართები, ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. სულ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიწოდებულია 22 ერთეული ბინა და 11 ერთეული ავტოსადგომი. საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობს 1 კვ.მ-ზე 244 აშშ დოლარიდან 650 აშშ დოლარამდე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბალანზე ირიცხება 3 საცხოვრებელი ფართი და 1 ავტოსადგომი; ასევე, საწარმომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს მიაწოდა საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან, კერძოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული ფართების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე შეადგენს 404 აშშ დოლარს. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე, 159-ე, 161-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგად, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვა გაიზარდა 89 749 ლარით, რის შედეგადაც პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული აქვს საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან, კერძოდ ურთიერთდამოკიდებულ პირზე (დამფუძნებლის მამა) მიწოდებული ფართების საშუალო ფასი 1 კვ.მ-ზე შეადგენს 358 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულება საშუალოდ შეადგენდა 450 აშშ დოლარს. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული აქვს ორი საცხოვრებელი ბინა, რომელთაგან ერთ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულებამ შეადგინა 337 აშშ დოლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულებამ შეადგინა 377 აშშ დოლარი. შემოწმების მიერ დაკორექტირდა საცხოვრებელი ფართების ღირებულება და იმავე საანგარიშო პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით საშუალოდ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრა 450 აშშ დოლარი ოდენობით, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა დღგ-ისა და მოგების გადასახადის ნაწილში.
იმის გათვალისწინებით, რომ საწარმომ ურთიერთდამოკიდებულ პირს საცხოვრებელი ფართები მიაწოდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საცხოვრებელი ფართების მიწოდების ოპერაციაზე, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, საბაზრო ფასის განსაზღვრა და დღგ-ის/მოგების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვბრძანებ
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიწოდებული საცხოვრებელი ფართების საბაზრო ფასის განსაზღვრას და განმარტავს, რომ ოპერაციის განხორციელების მომენტში მხარეების მიერ განსაზღვრული ფასი შეესაბამებოდა ოპერაციის განხორციელების მომენტში არსებული საბაზრო ღირებულებას.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და აშენებული საცხოვრებელი ფართების რეალიზაციას შავი კარკასის მდგომარეობით.შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაწეული აქვს 467 739 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურება ფ/პ-სთვის.გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 851 350 ლარს, ხოლო შემოწმებით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა 1 941 099 ლარის ოდენობით.
2022-2024 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმომ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ფართები, ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. სულ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიწოდებულია 22 ერთეული ბინა და 11 ერთეული ავტოსადგომი. საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობს 1 კვ.მ-ზე 244 აშშ დოლარიდან 650 აშშ დოლარამდე.შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბალანსზე ირიცხება 3 საცხოვრებელი ფართი და 1 ავტოსადგომი; ასევე, საწარმომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს მიაწოდა საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან.შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის მე-19, 73-ე, 159-ე, 161-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, რის შედეგადაც შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩართულ იქნა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შემოწმების შედეგად, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვა გაიზარდა,რის შედეგადაც პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
ასევე დადგინდა, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული აქვს საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება საბაზრო ფასისგან.გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
2.შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
97,981,159,163,269.