ბრძანება N 30569

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.12.2023
№ დოკუმენტი 30569
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 30569

06 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----")

(მის.: "-----")

2023 წლის 13 ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----") №84996/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №021-54 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 1 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №125).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმების აქტით დაუფიქსირდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ იქნა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული 2021 წლის 30 აგვისტოდან. აღნიშნულ პერიოდზე თვეების მიხედვით დაერიცხა თანხები 2023 წლის მაისის თვის ჩათვლით.

2023 წლის 3 ოქტომბრის №167980170 შეტყობინების საფუძველზე მიყვა ბმულს და შეავსო განცხადება "დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევით მომართვის შესახებ"- განმეორებითი განცხადება. ამ განცხადების შევსებისას გამოიყენა პირველი სავალდებულო რეგისტრაციის (აუდიტის მიმართვით) თარიღის (30.08.2021) დროს გამოვლენილი ბრუნვა 100 353 ლარი. ასევე წარადგინა 2023 წლის ივნისის, ივლისის, აგვისტოს და სექტემბრის თვის დეკლარაციები. მომჩივანი არ ეთანხმება 2023 წლის ოქტომბრის თვეზე დარიცხულ ჯარიმას 5 017.65 ლარს, ვინაიდან განცხადებით ნაჩვენები ბრუნვა 100 353 ლარი წარმოადგენს 2021 წლის 30 აგვისტოს (პირველი სავალდებულო რეგისტრაცია) მდგომარეობით ბრუნვის თანხას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს გაუქმდეს 2023 წლის 12 ოქტომბრის №021-54 სამართალდარღვევის ომით დარიცხული ჯარიმის 6 339.7 ლარიდან 2023 წლის ოქტომბრის თვეზე დარიცხული ჯარიმა 5 017.65 ლარი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13904 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 მარტიდან 2023 წლის 31 მაისამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგად ი/მ "-----"-ს (ს/ნ "-----") 2021 წლის 01 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 30 აგვისტოდან.

შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის №96984-21-14 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად (2023 წლის 03.10.2023 წ. ID "-----"განაცხადი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია აუდიტის სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე (ავტომატური+)“ და დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა დაუდგინდა 30.08.2021 - 03.10.2023 წ.წ. პერიოდში.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2023 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის თვის დღგს დეკლარაციები და ოქტომბრის თვის ID "-----" განცხადება. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 12 ოქტომბერს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი № 021- 54 და გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად შეეფარდა სანქცია 6 3397.7 ლარის ოდენობით (2023 წლის ივნისის 6610*5%=330.5; ივლისი 6830*5%=341.5; აგვისტო 6815*5%=340.75; სექტემბერი 6186*5%=309.3; 2023 წლის ოქტომბრის თვის განცხადება 100353*5%=5017.65).

2023 წლის 27 ნოემბერს გადამხდელმა წარადგინა დაზუსტებული „დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევით მომართვის შესახებ განმეორებითი“ განცხადება (ID:"-----"), სადაც ველში: „დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა“ მიუთითა 645 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელმა 2023 წლის 27 ნოემბერს წარმოადგინა „დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევით მომართვის შესახებ განმეორებითი განცხადება“ (დაზუსტებული (ID:"-----" ), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაკისრებული სანქციის გადაანგარიშება განახორციელოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული განაცხადის შესაბამისად.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ "-----"-ის (ს/ნ "-----") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომსახურების დეპარტამენტს დაევალოს, დაკისრებული სანქცია გადაიანგარიშოს გადამხდელის მიერ წარდგენილი 2023 წლის 27 ნოემბრის „დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციის ვადის დარღვევით მომართვის შესახებ განმეორებითი განცხადების“ (დაზუსტებული ID: "-----" ) შესაბამისად;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება 2023 წლის ოქტომბრის თვეზე დარიცხულ ჯარიმას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად მომჩივანს 2021 წლის 01 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2021 წლის 30 აგვისტოდან.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, დაკისრებული სანქციის გადაანგარიშება განახორციელოს გადამხდელის მიერ წარდგენილი დაზუსტებული განაცხადის შესაბამისად.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

165,269,270.