გადაწყვეტილება №20777/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20777/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---” - ის 7.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20777/2/2023).
დავის საგანი:
პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20742 ბრძანება.
სადავო თანხა - 8 724 ლარი.
ფაქტების აღწერა
09.01.2023 წელს ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა (გაუქმება), 8 724 ლარის ოდენობით. ზედმეტად გადახდილი თანხა წარმოშობილია დღგ-ის 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-4 მუხლის მე-8 ნაწილით, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტით და განმარტა, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსხურის ბრძანება არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და ბათილად უნდა იქნას ცნობილი. საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ზედმეტად გადახდილი თანხების ავტომატურ რეჟიმში ჩამოწერას. მას ზედმეტად არანაირი გადასახადი არ აქვს გადახდილი. არსებული ზედმეტობა წარმოადგენს დადებით სხვაობას გადახდილ და ჩასათვლელ დღგ-ს შორის. ეს გამოწვეულია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების შეძენისას გადახდილი დღგ-ს ჩათვლით და რაც ზედმეტად გადახდილად ვერ ჩაითვლება. გადამხდელს ზედმეტობის დაბრუნებაზე არანაირი მოთხოვნა არ წარუდგენია. 2023 წელს საწარმომ გაასხვისა კუთვნილი ქონება. საწარმომ პირნათლად შეასრულა განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება. 2018-2023 წლებამდე არ ფუნქციონირებდა. ამავე პერიოდში მომჩივანი ფლობდა ქონებას, რომელზეც ქონების გადასახადის დეკლარაციები წარდგენილი აქვს. აცხადებს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხები საწარმოს საკუთრებაა. ითხოვს შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20742 ბრძანების ბათილად ცნობას და პირადი აღრიცხვის ბარათიდან ჩამოჭრილი თანხის აღდგენას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო/საბაჟო ორგანოსთვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია). ამავე ინსტრუქციის 21-ე მუხლის თანახმად:
1. თუ გადასახადის გადამხდელის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელს გააჩნია ზედმეტად გადახდილი თანხები.
2. საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლით და ,,ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით საგადასახადო ორგანო ახორციელებს ამ მეთოდური მითითების მე-18 მუხლით გათვალისწინებულ პროცედურებს (გარდა ავტომატური დაბრუნების შემთხვევებისა), რის შემდეგაც აფორმებს დასკვნას ზედმეტობის არსებობის შესახებ დანართი №9 ფორმის შესაბამისად.
5. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც აითვლება გადასახადის ან/და სანქციის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
სადავო საკითხზე წარმოდგენილი მომსახურების დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №90296-21-11 წერილიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2.06.2020 წლის №14473 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში.
ზემოაღნიშნული ცვლილების მიხედვით, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის პირველ იანვარს, გადასახადის გადამხდელს, უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია, ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია). გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, მომჩივანს 31.12.2022წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 8,724.00 ლარი, რაც წარმოშობილია დღგ-ის 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით.
მომჩივანს პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2020 წლიდან 01.01.2023 წლამდე პერიოდში არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია. 15.06.2023 წლიდან წარმოდგენილია დეკლარაციები: 15.06.2023 წელს დღგ-ის 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია. 11.07.2023 წელს დღგ-ის 2023 წლის ივნისის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე დარიცხულია 9 595 ლარი. 15.06.2023 წელს მოგების გადასახადის 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია. 11.07.2023 წელს მოგების გადასახადის 2023 წლის ივნისის ნულოვანი დეკლარაცია. 15.06.2023 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია. 11.07.2023 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის ივნისის ნულოვანი დეკლარაცია. 16.06.2023 წელს დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილია ქონების გადასახადის დეკლარაციები:
2020 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 309 ლარი. 2021 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 247 ლარი. 2022 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 198 ლარი. ქონების გადასახადის დეკლარაციებით თანხები დარიცხულია შესაბამისი სავადო თარიღებით, რამაც გამოიწვია 01.01.2023 წლის სავადო თარიღზე დავალიანების წარმოშობა 803.00 ლარი ოდენობით. დეკლარაციების დაგვიანებისათვის საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით დარიცხულია ჯარიმები ჯამში 75.4 ლარი 16.06.2023 წელს გადახდილია 1 020.00 ლარი, ხოლო 26.06.2023 წელს გადახდილია 9 667.50 ლარი, 3.08.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 0.17ლარი.
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, აცხადებს, რომ მას ზედმეტად არანაირი გადასახადი არ აქვს გადახდილი. არსებული ზედმეტობა წარმოადგენს დადებით სხვაობას გადახდილ და ჩასათვლელ დღგ-ს შორის. ეს გამოწვეულია ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ძირითადი საშუალების შეძენისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლით და რაც ზედმეტად გადახდილად ვერ ჩაითვლება. გადამხდელს ზედმეტობის დაბრუნებაზე არანაირი მოთხოვნა არ წარუდგენია. საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის დადგენილების №473 „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 22.08.2023 წლის №20742 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
09.01.2023 წელს ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 31.12.2022 წლის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა (გაუქმება), 8 724 ლარის ოდენობით. ზედმეტად გადახდილი თანხა წარმოშობილია დღგ-ის 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით. აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.08.2023 წლის №20742 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4 (8); 63.