გადაწყვეტილება №23370/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23370/2/2024
15 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 24.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23370/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №002-79 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13376 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ქონების გადასახადი - 526 824 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.07.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 25.12.2023 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, საზოგადოება ფლობს უძრავ ქონებას შემდეგ მისამართებზე: -------, -------, -------. გადასახადის გადამხდელის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (შენობა-ნაგებობების ღირებულება), კერძოდ, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები (2020 წ. 7 738 734 ლარი, 2021 წ. 7 728 981 ლარი, 2022 წ. 7 700 902 ლარი) არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, რომლის მიხედვით, აღნიშნული ქონების ღირებულება 2020 წელს შეადგენდა 27 383 000 ლარს, 2021 წელს - 25 887 000 ლარს, 2022 წელს - 22 581 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის მე-200, 201-ე და 202-ე მუხლების შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33228 ბრძანება და №002-316 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში,შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარდგენილი შპს „-------“ (-----) მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა კომპანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 აპრილის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2.05.2024 წლის №10949 ბრძანება და №002-79 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.06.2024 წლის №13376 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 და 304-ე მუხლის 21 ნაწილებზე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე და ყურადღებას გაამახვილა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე, რომ მიმდინარე გადაანგარიშების ფარგლებში არ გამოკვეთილა ახალი გარემოება, რომელიც გახდებოდა შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ქონების ღირებულების შეფასების დროს გაანგარიშებული საბაზრო ფასი (შესადარისი არასაცხოვრებელი, კომერციული ფართი) მოიცავს დღგ-ს, ხოლო მომჩივანი წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ საწარმოს, რომელიც სრულად მოახდენდა დღგ-ის ჩათვლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად საბაზრო ფასის შეფასების სამართლიანობისა, ქონების გადასახადის გაანგარიშების დროს დასაბეგრი ბაზა უნდა შემცირდეს დღგ-ის თანხით. ანალოგიების მეთოდით შეფასების დროს არ არის გათვალისწინებული რიგი არსებითი მომენტებისა:
1. შესაფასებელი ფართი არ არის დაყოფილი და კლასიფიცირებული ფართების მახასიათებლების (სტატუსის) მიხედვით (საოფისე, კომერციული, სასტუმრო ტიპის, სარდაფი, საერთო სარგებლობის და საერთო დანიშნულების ფართი). აღებულია აღმაშენებლის გამზირზე მხოლოდ სასტუმროს ტიპის შენობის შეთავაზების ფასი მთლიანად მთელ ფართობზე გაანგარიშებით.
2. ანალოგიების მეთოდით შეფასების დროს არ არის შენობის გეოგრაფიული მდებარეობის შესაბამისი მაკორექტირებელი გაანგარიშება, შევნიშნავთ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩაზე დაახლოებით შენობის 700 მ 2 მდებარეობს, რის მიხედვითაც გადაანგარიშდა სხვა არაცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობის ფართის საბაზრო ფასი.
3. შეფასება გაკეთებულია 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით უცხოურ ვალუტაში 8 357 037 აშშ დოლარი და შემდგომი 2020, 2021 და 2022 წლები გადათვლილია შესაბამისი წლის ბოლოს არსებული კურსებით, რაც ერთის მხრივ დაუშვებელია და მეორეს მხრივ არ ითვალისწინებს პანდემიური პერიოდის უძრავი ქონების ფასების სერიოზულ ვარდნას.
მომჩივანმა დამატებით წარმოადგინა შემფასებელი კომპანიის მიერ შემოსავლების მეთოდით შენობის ღირებულების გაანგარიშება. აღნიშნული მეთოდით შენობის საბაზრო ღირებულება გამოდის დაახლოებით იგივე თანხა, რაც მათ მიერვე ანალოგიების მეთოდით იქნა შეფასებული. ზუსტად ამ უკანასკნელის მიხედვით მომჩივნის მიერ დაზუსტდა 3 წლის (2020-2022) ქონების გადასახადის დეკლარაციები.
ქონების ანალოგიების შეფასების მეთოდით შენობა-ნაგებობის ღირებულებაა - 3 330 023 აშშ დოლარი დღგ-ის ჩათვლით, ხოლო შემოსავლების მეთოდით - 3 371 000 აშშ დოლარი დღგ-ის ჩათვლით. მომჩივანი ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად მტკიცებულების სახით წარდგენილი შპს „-------“ (-----) მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა კომპანის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 აპრილის დასკვნის მიხედვით, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იყო შპს „------- (-----)“ მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა, ასევე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ქონების საბაზრო ფასის რეალობის დასადგენად დაინიშნა ქონების შეფასების ალტერნატიული ექსპერტიზა, რომელიც განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, ხოლო ვინაიდან შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ფარგლებში არ გამოკვეთილა ახალი გარემოება, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საჩივრის ზეპირ განხილვაზე მოპასუხე ორგანოს მიერ დასახელებულ არგუმენტებზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს მიერ შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით გამოყენებული იქნა საბაზრო (შედარების - 70%) და დანახარჯების (30%) მიდგომები (მეთოდები). ამასთან, შპს „------- (-----)“ მიერ მომზადებული შეფასების დასკვნა ისედაც ცნობილი იყო აუდიტის დეპარტამენტისათვის და ამ ნაწილში ახალი გარემოებების არსებობას ადგილი არ ჰქონია.
საბჭო განმარტავს, რომ მომჩივანმა ვერ წარმოადგინა მოპასუხე ორგანოს საპირწონე, სათანადო და მყარი არგუმენტები ან მტკიცებულებები, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, საზოგადოება ფლობს უძრავ ქონებას. გადასახადის გადამხდელის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა (შენობა-ნაგებობების ღირებულება), კერძოდ, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები არ შეესაბამება აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულებას.
საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8505 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201; 202; 304(21)