გადაწყვეტილება №23574/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2024
№ დოკუმენტი 23574/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23574/2/2024

16 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 26.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23574/2/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 21.09.2023 წლის №19947/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. 03/79542) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის დასკვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №15460 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №021-48 საგადასახადო მოთხოვნა

 

დარიცხული თანხა: 178 623,95 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 74 354

ჯარიმა - 37 175

საურავი - 67 094,95

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა წიგნებით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ: საწარმო წიგნების რეალიზაციას ახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და შესაბამისი შეკვეთების მომხმარებლისთვის მიწოდება ხორციელდება კურიერების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან (1110) საწარმოს დამფუძნებელსა და ამასთანავე დირექტორზე გაცემული აქვს თანხები შინაარსით კაპიტალის შემცირება.

შემოწმების პროცესში, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, დადგინდა რომ აღნიშნული თანხები სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, შემოწმებით, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების მიხედვით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33402 ბრძანება და ამავე თარიღის №021-141 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 25.01.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 5.06.2023 წლის №12377 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 21.09.2023 წლის №19947/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. 03/79542) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ შესამოწმებელ პერიოდში საწყის ნაშთად 1.01.2019 წლის მდგომარეობით დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა უნდა განსაზღვროს დოკუმენტურად დადასტურებული (საბანკო ანგარიშზე შეტანილი) თანხის ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და უზრუნველყოს შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. საბჭოს 21.09.2023 წლის №19947/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. 03/79542) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე შემცირდა დარიცხული თანხა 18 083 ლარით, მათ შორის გადასახადი 12 054 ლარით და ჯარიმა 6 029 ლარის ოდენობით. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწყის ნაშთად, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა განისაზღვრა დოკუმენტურად დადასტურებული (საბანკო ანგარიშზე შეტანილი) თანხის ოდენობით, რის საფუძველზეც განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შემცირება. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №15460 ბრძანება და ამავე თარიღის №021-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ 1.01.2019 წელს კომპანიის კაპიტალში შენატანი შეადგენდა მხოლოდ 60 270 ლარს, ნაცვლად 381 553.5 ლარისა. მის მიერ განხორციელებული გადაანგარიშება არასწორია, რადგან კაპიტალში შეტანილ თანხებად კომპანიას სავარაუდოდ ჩაუთვალა მხოლოდ ის თანხები, რომლებზედაც ბანკის ამონაწერში იყო მითითებული „კაპიტალში შენატანი“. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმება ჩაატარა პირდაპირი მეთოდით, არ გამოუყენებიათ არაპირდაპირი მეთოდი, რადგანაც არ არსებობდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.

შემოწმების აქტით 1.01.2019 წლისათვის კომპანიას დამატებით დაერიცხა გადასახდელი თანხა. შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხა არ იქნა გათვალისწინებული და შესაბამისად შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული დამფუძნებლისთვის თანხის უკან დაბრუნების ფაქტი (კაპიტალის შემცირება).

შემმოწმებლების მიერ კაპიტალის შემცირებით დამფუძნებლის მიერ გამოტანილი თანხა არასწორად იქნა დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. 1.01.2019 წლის მდგომარეობით საწყისი ნაშთები სრულად იქნა გათვალისწინებული (მათ შორის დებიტორებისა და კრედიტორების) გარდა კაპიტალის ანგარიშისა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით: კომპანიის ფუნქციონირების დაწყების მომენტიდან კომპანიის კაპიტალში შენატანი შეადგენდა 608 053.5 ლარს, ხოლო კაპიტალის შემცირება 226 500 ლარს. შესაბამისად, დაფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანი მტკიცებულებებით დადასტურებული თანხის ნაშთი 1.01.2019 წლისთვის შეადგენდა 381 553.5 ლარს.

მომჩივანი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, ორდერული უწყისით ჩანს, სალაროში ან/და ბანკის ანგარიშზე საიდან შევიდა თანხა და ასევე როგორ გაიხარჯა, ამ ორდერების გაანალიზებით, დგინდება: ბანკის ანგარიშზე შეტანილი თანხიდან ნაწილი ნავაჭრი ოპერაციებიდან (მათ შორის დებიტორებისგან) არის მიღებული, ხოლო ნაწილი კი სალაროში შეტანილი დამფუძნებლის თანხით, რომელიც შეტანილ იქნა საბანკო ანგარიშზე, ორდერში ასევე ნათლად ჩანს რა თანხები იქნა გადახდილი კრედიტორებისთვის და რა თანხები იქნა მიკუთვნებული ხარჯებს. მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიას სესხი არ ჰქონია. კომპანიაში ფულად სახსრების შემოსვლის ორი გზა არსებობს: კაპიტალში შენატანი და ნავაჭრი თანხა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათლად ჩანს, რომ 1.01.2019 წლისთვის დამფუძნებლის კაპიტალში შენატანი შეადგენდა 381 553.5 ლარს. მომჩივანი მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სრულყოფილად არ განახორციელა გადაანგარიშება ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად. ითხოვს ზემოთ აღნიშნული აქტების ბათილად ცნობას და საგადასახადო შემოწმების შედეგების ხელახლა გადაანგარიშებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.09.2023 წლის №19947/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. 03/79542) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა. აღნიშნულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „საგადასახადო ორგანომ შესამოწმებელ პერიოდში საწყის ნაშთად 1.01.2019 წლის მდგომარეობით დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა უნდა განსაზღვროს დოკუმენტურად დადასტურებული (საბანკო ანგარიშზე შეტანილი) თანხის ოდენობით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.09.2023 წლის №19947/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. 03/79542) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის დასკვნით:

შესამოწმებელ პერიოდში საწყის ნაშთად, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა განისაზღვრა დოკუმენტურად დადასტურებული (საბანკო ანგარიშზე შეტანილი) თანხის ოდენობით, რის საფუძველზეც განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შემცირება. მომჩივანი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ 1.01.2019 წელს კომპანიის კაპიტალში შენატანი შეადგენდა მხოლოდ 60 270 ლარს, ნაცვლად 381 553.5 ლარისა. მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშება არასწორია, რადგან კაპიტალში შეტანილ თანხებად კომპანიას სავარაუდოდ ჩაუთვალა მხოლოდ ის თანხები, რომლებზედაც ბანკის ამონაწერში იყო მითითებული „კაპიტალში შენატანი“.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით: კომპანიის ფუნქციონირების დაწყების მომენტიდან კომპანიის კაპიტალში შენატანი შეადგენდა 608 053.5 ლარს, ხოლო კაპიტალის შემცირება 226 500 ლარს. შესაბამისად, დაფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანი მტკიცებულებებით დადასტურებული თანხის ნაშთი 1.01.2019 წლისთვის შეადგენდა 381 553.5 ლარს.

მომჩივანი არგუმენტებს მიუთითებს ისეთ გარემოებებზე, რაც საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და არ ყოფილა დავალებული აღსასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 21.09.2023 წლის №19947/2/2023 (რეგ. 10.10.2023წ. 03/79542) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავების განხილვის საბჭოს 21.09.2023 წლის №19947/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწყის ნაშთად, 1.01.2019 წლის მდგომარეობით, დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შეტანილი თანხის ოდენობა განისაზღვრა დოკუმენტურად დადასტურებული (საბანკო ანგარიშზე შეტანილი) თანხის ოდენობით, რის საფუძველზეც განხორციელდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების შემცირება. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2024 წლის №15460 ბრძანება და ამავე თარიღის №021-48 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.