გადაწყვეტილება №20601/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20601/2/2023
26 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:"------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 18.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20601/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18603 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 166 390 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 83 745
დღგ - 41 466
საშემოსავლო გადასახადი - 39 879
ქონების გადასახადი - 2 400
ჯარიმა - 32 658
საურავი - 49 987
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.04.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 14.05.2021 წლის №002-132 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შემოსავლის და გამოსაქვითი ხარჯის ოდენობის დაზუსტებასთანდაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ახსნა-განმარტებები, ასევე საბანკო ანგარიშების ამონაწერის ასლები. შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთან შემოწმება განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების ეტაპზე სრულად არის გამიჯნული ისეთი ამანათები, რომლებიც არ ეკუთვნის "------"-ს (შემოწმების პროცესში საკითხი გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, გამოსაქვითი ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით, შემოწმება განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არასრულყოფილი მტკიცებულებები მათ შორის საბანკო ანგარიშების შესახებ, სადაც დაფიქსირებული გარკვეული ხარჯების (კონვერტაციის, საკომისიო და ა.შ) ეკონომიკურ საქმიანობასთან პირდაპირი კავშირის მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18603 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს, რადგანაც არ ასახავს სრულყოფილ მონაცემებს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო გარემოებები, რაც წინამდებარე საჩივრით არ იყო გასაჩივრებული, შესაბამისად გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმის საქმიანობაა ფიზიკური პირებისათვის შემდეგი მომსახურების გაწევა: ის ახორციელებს ონლაინ პორტალიდან კლიენტისთვის სასურველი ნივთის შეძენას და ტრანსპორტირებას, მომჩივანი აღნიშნული ფიზიკური პირების ნივთების ტრანსპორტირებას ახდენს საფოსტო გზავნილების კომპანიების მეშვეობით (შპს „N1 “ და შპს „N2“).
შემოწმების აქტით მეწარმის შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: 2018, 2019, 2020 წლებისათვის შემოწმებით განსაზღვრულია ამანათების სია (თარიღების და ამანათების რაოდენობების მითითებით), რომლებთან მიმართებითაც ჩაითვალა, რომ შუამავალს (ელექტრონული პორტალიდან გამომწერს და შემდგომ სატრანსპორტო კომპანიებთან შუამავალს) წარმოადგენდა მომჩივანი. აღნიშნული სია აღებულია საფოსტო გზავნილების კომპანიების შპს „N1“-ისა და შპს „N2“-ის საბაჟო ინფორმაციებიდან. სიის განსაზღვრის შემდეგ მეწარმის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა ამანათების რაოდენობის გამრავლებით თითოეული ამანათის გამოწერა/ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულ ტარიფზე/ფასზე (5 ლარი ერთი ცალი ამანათისათვის). აღნიშნულის შედეგად მეწარმის შემოსავალმა 2018 წელს გადააჭარბა 100 000 ლარს, მოხდა მეწარმის რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო წესით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა წლიური საშემოსავლო გადასახადი, დღგ და შესაბამისი ჯარიმები საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით.
დამატებით შესწავლას საჭიროებს იმ ამანათების სია/რაოდენობა, რომელთა გამოწერის მიმართაც "------" ჩაითვალა ნივთის მესაკუთრე ფიზიკური პირისათვის მომსახურების გამწევად (ნივთის გამოწერა/ტრანსპორტირებაში), რამდენადაც სია მოიცავს ისეთ ამანათებს, რომელთა გამოწერაც მოახდინეს სხვა პირებმა იმავე საფოსტო გზავნილების კომპანიების გამოყენებით, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობდა "------". მომჩივანს არანაირი კავშირი არ გააჩნია აღნიშნული ამანათების გამოწერასთან (მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ნივთების შეძენა ელექტრონულ პორტალებზე, არ მომხდარა აღნიშნული ნივთების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, მხარეებს შორის ანგარიშსწორებაში მონაწილეობა და შესაბამისად არ მომხდარა აღნიშნულ ნაწილში არანაირი შემოსავლის გამომუშავება/მიღება). საფოსტო გზავნილების კომპანიების შპს „N1“-ის და შპს „N2“-ის მიერ 2018 წელს იქნა შემოტანილი სულ 23 939 ამანათი, 2019 წელს სულ 26 109 ამანათი, ხოლო 2020 წელს 24 112 ამანათი (აღნიშნული ამანათების შესაბამისად შემოსავალი მიკუთვნებულია მომჩივანზე). თუმცა აქედან ამანათების არსებითი ნაწილის გამოწერა მოხდა "------"-სგან დამოუკიდებლად. სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ. წარმოდგენილი აქვს ინფორმაცია აღნიშნულ ამანათებთან დაკავშირებით, აგრეთვე საფოსტო კომპანიების შპს „N1“-ისა და შპს „N2“-ის განმარტებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული ამანათების ტრანსპორტირება ხდებოდა მომჩივნისგან დამოუკიდებლად. აღნიშნული ინფორმაცია წარდგენილ იქნა დავის პირველ ეტაპზეც.
გარდა აღნიშნულისა დამატებით შესწავლას საჭიროებს თითოეული ამანათის გამოწერა/ტრანსპორტირებისათვის მომჩივნის მიერ გამომუშავებული შემოსავალი/ტარიფი, შემოწმებით ის განისაზღვრა 5 ლარის ოდენობით, ხშირ შემთხვევაში აღნიშნული ტარიფი გაცილებით ნაკლები იყო 5 ლარზე, რისი დადასტურებაც შესაძლებელია დოკუმენტურად (საბანკო ამონაწერების, საქონელის შესყიდვის ინვოისების და ტრანსპორტირების დოკუმენტების ანალიზით) და არსებითი მნიშვნელობა აქვს შემოსავლის სწორად განსაზღვრისათვის, არის საშუალება აღნიშნული საკითხის ანალიზი განხორციელდეს დოკუმენტებზე დაყრდნობით, რამდენადაც მომჩივნის მიერ ოპერაციები უმეტესწილად (ანგარიშსწორება საქონლის შემძენთან, სატრანსპორტო კომპანიასთან, საქონლის შეძენის პორტალთან) ხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე არსებობს საბაჟო ინფორმაცია ტრანსპორტირებული ტვირთის მახასიათებლების (წონის) შესახებ და შპს „N1“-ისა და შპს „N2“-ის მიერ ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფების შესახებ. ითხოვს, აღნიშნულ საკითხებზე მიეცეს საშუალება შემმოწმებელს წარუდგინოს არგუმენტები (გაანგარიშება-მტკიცებულებები).
მიუთითებს, რომ შემოსავლის ნაწილი არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს, კერძოდ, შემოწმების აქტის შესაბამისად: მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი სახეა მომსახურების მიწოდება ფიზიკურ პირებზე, კერძოდ პირი ახორციელებს ჩინური ონლაინ სავაჭრო სივრციდან (www.taobao.com) კლიენტებისთვის სასურველი პროდუქციის შეძენას და ტრანსპორტირებას. ზემოთაღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ მეწარმეს განსაზღვრული აქვს ფიქსირებული ფასნამატი (პროდუქციის ფასს ემატება გადამხდელის მიერ დაფიქსირებული ფასნამატი/თანხა).
მეწარმე შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის (საბოლოო მყიდველი) დავალების შემთხვევაში ახდენს ონლაინ პორტალიდან (ტაობაო) ნივთის შეძენას და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას საქართველომდე, საქართველოში რეგისტრირებული საფოსტო გზავნილების კომპანიების მეშვეობით. აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის მეწარმე ფიზიკური პირებისაგან იღებს ნივთის შეძენის/ტრანსპორტირების თანხას, ასევე თითოეულ ნივთზე მეწარმე ფიზიკური პირებისგან იღებს ფიქსირებულ თანხას დამატებით (მიმდინარე შემოწმებით ჩათვლილია რომ ფასნამატი შეადგენს 5 ლარს 1 ნივთზე), რომელიც წარმოადგენს ფასნამატს ნივთის შეძენისა და ტრანსპორტირებისათვის. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართული იქნა აღნიშნული ფასნამატი (5 ლარი). გადასახადის გადამხდელი ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილ ანგარიშზე ახდენს საბოლოო მყიდველისგან თანხის მიღებას და შემდგომ საფოსტო გზავნილების კომპანიისთვის გადახდას. რამდენადაც მეწარმე ახდენს ამანათის შეძენას და ტრანსპორტირების უზრუნველყოფას საქართველომდე, მეწარმის მიერ გაწეული მომსახურება შინაარსობრივად მოიცავს, ნივთის შეძენის და ტრანსპორტირების (ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ) მომსახურებას. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციით დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება: ტვირთების გადატანის ან მგზავრთა გადაყვანის ადგილსამყოფელი ტრანსპორტირების დაწყებისას, თუ მომსახურება დაკავშირებულია ამ გადაზიდვებთან. საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დაბეგვრას დაქვემდებარებული და გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ერთად განხორციელება განიხილება, როგორც დაბეგვრას დაქვემდებარებული და გათავისუფლებული საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის ცალკე ოპერაციები. კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის ფაქტი, რომ ამანათის საქართველომდე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული მომსახურება არ წარმოადგენს დასაბეგრ ოპერაციას დღგ-ის მიზნებისათვის. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში ჩართული თანხები უნდა გაიმიჯნოს ორ ნაწილად, კერძოდ: პორტალზე ნივთის შეძენის მომსახურებად და ამანათის ჩინეთიდან საქართველომდე ტრანპსორტირების/ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ მომსახურებად, რომელიც საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად არ ითვლება საქართველოში გაწეულ და შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. სახეზეა მეწარმის მიერ სხვადასხვა ტიპის მომსახურების გაწევის ფაქტი, რომელთაგან ერთი წარმოადგენს დასაბეგრს, ხოლო მეორე არ ითვლება საქართველოში გაწეულად (ტრანსპორტირების ნაწილი).
მიუხედავად იმისა, რომ მომჩივანი კლიენტებთან ურთიერთობისას/ანგარიშსწორებისას არ ახდენს მის მიერ გაწეული მომსახურებების ზემოთაღნიშნული ორი კომპონენტის გამიჯვნას (გამოწერა და ტრანსპორტირება) (მეწარმეს და ნივთის შემძენს არ აქვთ არანაირი ეკონომიკური ინტერესი მომსახურების ღირებულების გამიჯვნისა) დაბეგვრის მიზნებისათვის უნდა გაიმიჯნოს დღგ-ით დასაბეგრი და არდასაბეგრი ნაწილები. ოპერაციის ეკონომიკური შინაარისიდან გამომდინარე, არ შეიძლება მეწარმის მიერ კლიენტებისგან მიღებული თანხები (თითოეული ამანათის გამოწერისათვის დადგენილი ტარიფი/ღირებულება) წარმოადგენდეს მხოლოდ ნივთის შეძენისათვის (პორტალზე შეძენა/ტაობაო) მიღებულ თანხებს და არ მოიცავდეს ტრანსპორტირებისათვის მიღებულ თანხებსაც. თვალსაჩინოებისათვის შეუძლია წარმოადგინოს სხვა მეწარმის მიერ გაწეული მომსახურება, რომელიც არ უზრუნველყოფს ნივთის ტრანსპორტირებას საქართველომდე და ნივთის ტრანსპორტირებას საქართველომდე დამოუკიდებლად ახორციელებს შეძენილი ნივთის მესაკუთრე. ცალსახაა, რომ ასეთი მეწარმის მიერ გაწეული მომსახურების ფასი ნაკლები იქნება მომჩივნის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებაზე (ერთნაირი ფასების შემთხვევაში ნივთის ყველა შემძენი აირჩევს სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს ამანათის საქართველომდე ჩამოტანას). ითხოვს, მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტაცია/დოკუმენტები და დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს გააჩნდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული შემოწმებით დასაბეგრი შემოსავალის გაანგარიშებისას, მათ შორის მეწარმე ეკონომიკური საქმიანობისათვის იყენებდა იჯარით აღებულ ფართებს და სატრანსპორტო საშუალებებს, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა ხარჯებს, რომელთა ნაწილის დადასტურება შესაძლებელია საბანკო ამონაწერებით. მომჩივანი რიგ შემთხვევებში ახდენდა ზარალის ანაზღაურებას ნივთების გამომწერი პირებისათვის. გადაანგარიშებისათვის წარდგენილი ხარჯების ნაწილზე აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში საგადასახადო შედეგების გადაანგარიშების შესახებ აღნიშნულია, რომ ვერ დადგინდა ხარჯების პირდაპირი კავშირი ეკონომიკურ საქმიანობასთან. ითხოვს, მიეცეს საშუალება შემმოწმებლებს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები და აღნიშნულის შესწავლა მოხდეს მისი მონაწილეობით, მათ შორის ხარჯების ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის.
იმ შემთხვევაში, თუ გადაანგარიშების შედეგად გამოვლინდება სხვაობა დეკლარირებულ მონაცემებსა და გადანგარიშებით დადგენილ მონაცემებს შორის, რაც იწვევს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ჯარიმებს. აღნიშნულ ნაწილში ითხოვს შემცირდეს დარიცხული ჯარიმები და საურავები საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული ამავე დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2521 ბრძანება და 10.02.2023 წლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა. ასევე შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18603 ბრძანება. დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანებით სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა ახსნა-განმარტებები, ასევე საბანკო ანგარიშების ამონაწერის ასლები. შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთან არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების ეტაპზე სრულად არის გამიჯნული ისეთი ამანათები, რომლებიც არ ეკუთვნის "------"-ს (შემოწმების პროცესში საკითხი გავლილია გადასახადის გადამხდელთან ერთად). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, გამოსაქვითი ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არასრულყოფილი მტკიცებულებები მათ შორის საბანკო ანგარიშების შესახებ, სადაც დაფიქსირებული გარკვეული ხარჯების (კონვერტაციის, საკომისიო და ა.შ) ეკონომიკურ საქმიანობასთან პირდაპირი კავშირის მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილია არასაკმარისი/არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის სხვა არგუმენტებთან და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა, მის საფუძველზე გამოცემული ამავე დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №2521 ბრძანება და 10.02.2023 წლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა.
ასევე შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18603 ბრძანება. დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ამასთან შემოწმება განმარტავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლების გაანგარიშების ეტაპზე სრულად არის გამიჯნული ისეთი ამანათები, რომლებიც არ ეკუთვნის მომჩივანს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.
ამასთან, გამოსაქვითი ხარჯის ოდენობასთან დაკავშირებით, შემოწმება განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია არასრულყოფილი მტკიცებულებები მათ შორის საბანკო ანგარიშების შესახებ, სადაც დაფიქსირებული გარკვეული ხარჯებისეკონომიკურ საქმიანობასთან პირდაპირი კავშირის მტკიცებულებები არ არის წარდგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 10.02.2023 წლის №002-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18603 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილია არასაკმარისი/არასრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის სხვა არგუმენტებთან და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 25.10.2021 წლის №33556 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73 (5),80,102,105,161(1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით)